მეკარე
ჯეკ ბატლენდი (სტოკი)
გრემ დორანსის, კამერონ ჯერომისა და ნათან რედმონდის დარტყმების მოგერიება საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ ამ ნიჭიერ გოლკიპერს "სტოკისათვის" ქულა გადაერჩინა. ბატლენდი რომ არა, ჯერაც
გუნდში ამდენი ძვირფასი ახალი ფეხბურთელის გამოჩენისა და ძირითადი გოლკიპერის, ასმირ ბეგოვიჩის წასვლის მერე ყველაზე პრობლემატური, ერთი შეხედვით, სწორედ მეკარის პოზიცია უნდა ყოფილიყო. არადა, რეალურად, ყველაზე საიმედო სწორედ გოლკიპერია. ბატლენდი სეზონს ძალიან კარგად იწყებს, რასაც მის თანაგუნდელებზე ვერ ვიტყვით.
მცველები
სეზარ ასპილიკუეტა (ჩელსი)
ასპილიკუეტას რეაქტიულობა, მოუსვენრობა და მართლაც დაუღალავი შრომა კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რატომ უყვარს ჟოზე მოურინიოს ეს ფეხბურთელი და რატომ ვერ მოიკიდა "ჩელსიში" ფეხი ფილიპე ლუიშმა. "ვესტ ბრომვიჩთან" მან უკვე გოლის გატანაც მოახერხა და ყველანი პედროს ბრწყინვალე დებიუტზე ვსაუბრობთ, მაგრამ რეალურად გამარჯვების სწორედ ასპილიკუეტას გოლი გამოდგა.
ვენსან კომპანი (სიტი)
მესამე ტურში მესამე გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ ჩვენ ისევ უნდა მოვახვედროთ სიმბოლურ გუნდში, რადგან ბელგიელი კვლავ უზადო იყო. "ევერტონმა" "სიტის" გემრიელი ბრძოლა გაუმართა და ის, რომ "კანფეტებს" სიმწვავე აკლდათ და ბოლო მომენტში ვეღარაფერს ახერხებდნენ, დიდწილად სწორედ კომპანის დამსახურებაა. "ქალაქელების" კაპიტანი ჯერჯერობით შეუდარებელია.
ფაბრისიო კოლოჩინი (ნიუკასლი)
ახლა სტივ მაკლარენი, ალბათ, საბოლოოდ დარწმუნდა, რომ არგენტინელის შენარჩუნება და მისთვის კაპიტნის სამკლავურის დატოვება სწორი გადაწყვეტილება იყო. გარდა იმისა, რომ გამოცდილმა მცველმა ერთი-ორჯერ პირადად გადაარჩინა "ნიუკასლი" გაშვებულ ბურთს (მაგალითად, მაშინ, როდესაც ანტონიო ვალენსიას დარტყმულს გადაეღობა), იგი ჩვეული შემართებით მუხტს აძლევდა თანაგუნდელებს და დაცვის ბურჯი, გუნდის ქარიზმატული ლიდერი იყო. "ოლდ ტრაფორდზე" კარის მშრალად შენახვა ადვილი არ არის და კოლოჩინიმ ამაში ლომის წილი დაიდო.
ალექსანდრ კოლაროვი (სიტი)
მანუელ პელეგრინი ხედავს, რომ სერბი კარგ ფორმაშია და მას ძირითად შემადგენლობას არ აცილებს. ჩილელი სპეციალისტის ნდობა და მოლოდინი კოლაროვმა "ევერტონის" კარში ეშმაკური და უმნიშვნელოვანესი გოლის გატანით გაამართლა, იმ უდიდეს სამუშაოს რომ შევეშვათ, რაც მინდორზე გასწია. ეს ბურთი რომ არა, ვინ იცის, როდის შეძლებდა და საერთოდ შეძლებდა თუ არა მანჩესტერული გუნდი ყოჩაღად მოთამაშე "ევერტონის" გატეხვას.
ნახევარმცველები
ჯეიმს მორისონი (ვესტ ბრომვიჩი)
ძალიან იღბლიანი და მაგარი უნდა იყო, რომ "ჩელსის" ორი გოლი გაუტანო, თანაც ჟოზე მოურინიოს "ჩელსის". შოტლანდიელმა ეს მოახერხა, თანაც ეფექტურად. ძალიან უიღბლო უნდა იყო, რომ მიუხედავად ორი გოლისა, წააგო და გახსოვდეს, რომ 0:0-ზე პენალტი ვერ გამოიყენე. თუმცა, ასეა თუ ისე, მებრძოლმა შოტლანდიელმა საუცხოო მატჩი ჩაატარა, რომელიც მარცხის მიუხედავად, არასოდეს დაავიწყდება. იგი ყველგან იყო და გაცუდებული პენალტის მერეც არ დანებებულა. "მამაც გულს" ახლა რომ იღებდნენ, მელ გიბსონის ნაცვლად უილიამ უოლასს მორისონი ითამაშებდა.
დავიდ სილვა (სიტი)
წინა სეზონის შემხედვარე, ბევრი ვერ წარმოიდგენდა, რომ "სიტი" ასე ყოჩაღად და მძლავრად დაიწყებდა. "ქალაქელების" წარმატების მთავარი მიზეზთაგანი კი დავიდ სილვაა, რომელმაც სამივე შეხვედრა ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ესპანელი ძალიან ბევრ შავ სამუშაოსაც ასრულებს, იგი ფუტკარივით შრომობს.
რიად მაჰრეზი (ლესტერი)
გინდა წინ ორი ფორვარდი დაუყენე, გინდ მეტოქედ "ტოტენჰემი" გამოუყვანე, მაჰრეზი მაინც შეუჩერებელია. "მელიების" მხრიდან გოლი ისევ ალჟირელმა გაიტანა და კიდევ ძელსაც გაარტყა. მან ლესტერშირელებს ქულა მოუტანა, ხოლო თავად 3 მატჩში 4 გოლით ინგლისის პრემიერლიგის ბომბარდირთა დავას ლიდერობს. ეს სეზონის საოცნებო სტარტია.
თავდამსხმელები
პედრო (ჩელსი)
თუკი ვინმეს კითხვა ჰქონდა პედროს "ჩელსიში" გადასვლასა და მის პერსპექტივაზე, იმაზე, რამდენად მოერგებოდა ესპანელი ახალ გუნდსა და მწვრთნელს, რომელთანაც, როგორც წესი, დაპირისპირებული იყო, პედრომ ძალიან მარტივად და 30 წუთზე ნაკლებ დროში გასცა პასუხი.
ექსბარსელონელი ისეთი აქტიური და ჟინიანი გახლდათ, თითქოს, ჩემპიონატი არც შეეცვალოს და პრემიერლიგაში ათამაშება ძალიან ადვილი იყოს. პედრომ გაიტანა, გაატანინა და მატჩის საუკეთესოდაც დასახელდა. მან ჟოზე მოურინიოს პირველი და უაღრესად საჭირო 3 ქულა მოუტანა.
დიეგო კოშტა (ჩელსი)
ესპანელს ბევრს აკრიტიკებდნენ. ის უხასიათოა, გოლების გატანას მოუკლო, პირველ ორ ტურშიც ბევრი არაფერი ჰქონდა გაკეთებული, განსაკუთრებით უსუსური კი "სიტისთან" გახლდათ, სადაც ამის გადაფარვას გაუთავებელი კინკლაობით ცდილობდა. თუმცა "ალბიონთან" დიეგო კოშტამ თავისი საოცარი შრომისუნარიანობა გამოავლინა და იგი გუნდისთვის ძალიან სასარგებლო გახლდათ.
კალუმ უილსონი (ბორნმუთი)
ამ ფეხბურთელმა წინა სეზონში ჩემპიონშიპში 20 გოლი გაიტანა და "ალუბლების" მთავარი იარაღი იყო. თუმცა უილსონს ოცივე ბურთი დაავიწყდებოდა, მას მერე, რაც "ბოლეინ გრაუნდზე" სამჯერ გაისროლა "ვესტ ჰემის" კარში და მიმდინარე ჩემპიონატის პირველი ჰეთ-თრიკი შემოგვთავაზა, ხოლო "ბორნმუთს" პრემიერლიგაში სადებიუტო გამარჯვება მოაპოვებინა.
მოგებას პლუს ჰეთ-თრიკი ნამდვილად მსუყე, ნოყიერი და გემრიელი ტორტის თავზე მოქცეული ალუბალია, რომელიც ყველაფერს სხვაგვარ ელფერსა და გემოს სძენს. ის, რომ "ჩაქუჩების" მცველები სასაცილოდ გამოიყურებოდნენ და კოშმარული მატჩი ჩაატარეს, უილსონის მიღწევას არც ერთი წამით არ აკნინებს. ეს ბიჭი თავს, ალბათ, კიდევ არაერთხელ შეგვახსენებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"