პრემიერლიგა. ტურის სიმბოლური ნაკრები: პარდიუს ბიჭები რჩეულებში

AutoSharing Option
ფოტოზე: "ჩელსის" წამქცევი "არწივები"
დრო მოვიდა, პრემიერლიგის მე-4 ტურის სიმბოლურ ნაკრებსაც გავეცნოთ.

ბაკარი საკო, რომელიც "კრისტალ პალასის" "ოქროს შენაძენად" იქცა, შეუჩერებელი ბაფეტიმბი გომისი, კვლავაც შეუდარებელი ფერნანდინიო, "ჩელსის" კარში გამარჯვების გოლის ავტორი ჯოელ უორდი, კალუმ უილსონი, დუშან ტადიჩი...

ეს ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც 11-ეულში ვერც კი მოხვდნენ ბრწყინვალე თამაშის მიუხედავად, რადგან არჩევანში შეზღუდულები ვართ.

საუკეთესოთა შორის საუკეთესონი კი ასე გამოიყურებიან...

მეკარე
ტიმ ჰოვარდი (ევერტონი)
ჰოვარდი დიდი ხანია, თავის საქმეს ბრწყინვალედ აკეთებს და საუცხოო მსოფლიოს ჩემპიონატის მერე "კაპიტან ამერიკა" სტაბილურად გვანებივრებს ჩინებული
"სეივებით". მოუგებელი "ტოტენჰემი" "ევერტონის" კარზე დაგეშილი იყო და რამდენიმე კარგი შეტევაც გამოუვიდა, მაგრამ 36 წლის მეკარეს "დეზებმა" ვერაფრით აჯობეს.

მან შესანიშნავი "სეივები" შემოგვთავაზა ჰარი კეინის, ნაბილ ბენთალებისა და რაიან მეისონის დარტყმების მერე. მატჩის შემდეგ "კანფეტების" ფანები არა ახალგაზრდა ჯონ სტოუნსზე და მის "ჩელსიში" შესაძლო გადასვლაზე, არამედ თავიანთი გოლკიპერის გმირობებზე საუბრობდნენ.

მცველები
ბაქარი სანია (სიტი)
ბევრი მანუელ პელეგრინის აკრიტიკებდა, როდესაც ჩილელმა გუნდში სანიას მოყვანა გადაწყვიტა. თუმცა ექსარსენალელი ამტკიცებს, რომ პრემიერლიგაში ისევ ერთ-ერთი საუკეთესო მარჯვენა მცველია. 32 წლის ფრანგმა "ეტიჰადზე" ისედაც შემცბარ "უოტფორდს" ცხოვრება გაუმწარა და ორმაგად სასარგებლო საქმე გააკეთა - რაჰიმ სტერლინგს გაატანინა პირველი პრემიერლიგური გოლი "სიტის" მაისურით.

დამიენ დელანი (კრისტალ პალასი)
"ჩელსისთან" შეხვედრაში დელანიმ 16-ჯერ გამოიტანა ბურთი და განმუხტა დაძაბულობა. მთელი მატჩის განმავლობაში მან დიეგო კოშტას გასაქანი არ მისცა. იშვიათია, კოშტა ვინმემ ასე დაჩაგროს. "არწივების" კაპიტანს კი ყოველმხრივ იდეალური მატჩი ჰქონდა და თავისი გუნდის გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო.

ეშლი უილიამსი (სუონსი)
უელსური გუნდის სული და გული, დაცვის ბურჯი და კაპიტანი. იშვიათი ადგილობრივი ფეხბურთელი, რომელიც შემადგენლობაშია და რომელიც ფანებს ძალიან უყვართ. გამოცდილმა უილიამსმა 15-ჯერ გამოიტანა ბურთი და 5-ჯერ ჩაჭრა. შეიძლება ითქვას, რომ უეინ რუნის ფეხი არ გაანძრევინა. გარდამტეხი მომენტი, ალბათ, ის იყო, წესით რომ რუნის უნდა გაეტანა და ამას თითქოს, აღარაფერი აკლდა, მაგრამ უილიამსმა პენალტის აკიდების გარეშე, უჯარიმოდ ითამაშა და თავისი გუნდი იხსნა.

პაპე სუარე (კრისტალ პალასი)
ალან პარდიუს გუნდმა, მთლიანობაში, ითამაშა ძალიან კარგად "სტემფორდ ბრიჯზე" და დამსახურებული 3 ქულაც აიღო, მაგრამ რამდენიმე მოთამაშე განსაკუთრებით უნდა გამოვარჩიოთ. მათ შორის "არწივების" ფლანგის მცველები არიან - ჯოელ უორდმა სულაც გამარჯვების გოლი შეაგდო, მაგრამ დაუღალავი პაპე სუარე ზეპროდუქტიული გახლდათ. იგი 56-ჯერ შეეხო ბურთს და ამაზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ჯეისონ პანჩონს ჰქონდა (76). მან რამდენჯერმე შეაჩერა "ჩელსის" შეტევა და მთელი ფლანგი აიკლო. თანაც, სუარე მატჩიდან მატჩამდე უმატებს.

ნახევარმცველები
მარკ ნოუბლი (ვესტ ჰემი)
ხშირი არ გახლავთ, სიმბოლურ ნაკრებში ისეთი ფეხბურთელი ხვდებოდეს, რომელიც გააძევეს, მაგრამ ჯერ ერთი, წითელ ბარათამდე ნოუბლს "ყველაფერი მოგვარებული ჰქონდა" და მთლიანობაში, "ლივერპულის" შთამბეჭდავ განადგურებაში "ვესტ ჰემის" კაპიტანმა დიდი როლი ითამაშა.

მერე მეორეც, იგი გასაძევებელი არ გახლდათ, რადგან სუფთა ვარდნა შემოგვთავაზა და იმედი უნდა გვქონდეს, რომ არბიტრი კევინ ფრენდი თავის შეცდომას აღიარებს და ნოუბლს მატჩის ტყუილად გამოტოვება არ მოუწევს. სხვათა შორის, მშრომელი და ფუსფუსა ნახევარმცველის არცთუ ღარიბ პრემიერლიგურ კარიერაში პირველად მოხდა, რომ მან ზედიზედ ორ ტურში გაიტანა გოლი.

მანუელ ლანსინი (ვესტ ჰემი)
უცნობია, რამდენად იცნობდნენ, დეიან ლოვრენის თამადობით, ლივერპულელები ლანსინის და რამდენი იცოდნენ მასზე, მაგრამ, როგორც ჩანს, არც ისე კარგად და არც ისე ბევრი. არგენტინელმა მერსისაიდელები დაატერორა და ლოვრენს თავბრუ დაახვია. გაიტანა, საგოლე პასი გააკეთა... სლავენ ბილიჩს თავი ძალიან მოაწონა. ამავდროულად, ლანსინი მიმდინარე სეზონის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა, მან მატჩის დაწყებიდან 2 წუთსა და 28 წამში გამოიჩინა თავი.

ანდრე აიუ (სუონსი)
"თეთრი გედების" მაისურით აიუმ სადებიუტო მატჩი "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსის" წინააღმდეგ ჩაატარა და იმდენად შთამბეჭდავი გახლდათ, რომ ძნელი წარმოსადგენი იყო, ამაზე უკეთაც თუ ითამაშებდა. არადა, ითამაშა... უფროსმა აიუმ "მანჩესტერ იუნაიტედთან" ისეთი რამეები აკეთა, რომ შეუდარებელი ბაფეტიმბი გომისიც კი დაჩრდილა, ვინც ასევე იჯადოქრა და გამარჯვების გოლიც შეაგდო.

შეგახსენებთ, რომ იგი "სუონსიმ" უფასოდ, თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაიგდო ხელში... ტრანსფერიც ასეთი უნდა. აიუს ანგარიშზე უკვე 3 გოლია, გომისის აქტივში კი - 4. "სუონსის" მხრიდან მეტი ჯერჯერობით ვერავის გააქვს, მაგრამ საჭიროა, რომ?

რაჰიმ სტერლინგი (სიტი)
იშვიათად ხდება, რომ ბრიტანელმა ფეხბურთელმა, ვის სანაცვლოდაც რამდენიმე ათეულ მილიონს იხდიან, მოლოდინი გაამართლოს. ასეთები ბოლო წლებში, ალბათ, მხოლოდ უეინ რუნი და რიო ფერდინანდი იყვნენ. 49 მილიონი გირვანქა სტერლინგს ლოდად აწევს. რაჰიმი ნელ-ნელა იწყებს გაცემული ავანსების გამართლებას, "უოტფორდთან" შეხვედრაში მან გოლიც გაიტანა, რაც ფსიქოლოგიურად ძალიან დაეხმარება და თავდაჯერებას შემატებს. თანაგუნდელებსაც შეუქმნა სამი მომენტი.

იანიკ ბოლაზი (კრისტალ პალასი)
ამ ფეხბურთელს საუცხოო სეზონი ჰქონდა, მაგრამ ამ ჩემპიონატის სტარტზე დავინახეთ, რომ ალან პარდიუ მას თადარიგში ტოვებდა და მოგვიანებით შემოჰყავდა ხოლმე. ასე იყო "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრაშიც და მინდორზე 55-ე წუთზე შესულმა ბოლაზიმ მოედანზე "ცეცხლი დაანთო".

მან ბაკარი საკოს საოცარი თამაშიც კი გადაფარა. წინა სეზონის დაწყებიდან აქამდე, მხოლოდ ორ ფეხბურთელს ჰქონდა დრიბლინგის მეტი მცდელობა, ვიდრე ბოლაზის (241), მის თანაგუნდელ უილფრიდ ზაჰას (250) და "ჩელსის" ბელგიელ ფანტაზისტას ედენ აზარს (315).

თავდამსხმელი
სკოტ სინკლერი (ასტონ ვილა)
სინკლერი ისევ ფეხბურთელს დაემსგავსა. თანაც, სკოტმა მშვენივრად მოირგო და შეითავსა ცენტრფორვარდის როლი. მან პრემიერლიგაში პირველად გაიტანა ერთ მატჩში ერთ გოლზე მეტი და "ასტონ ვილას" ამ მძიმე პერიოდში ძალიან ეხმარება.

ძნელი სათქმელია, რამდენად შეძლებს სრულფასოვნად კრისტიან ბენტეკეს ჩანაცვლებას, მაგრამ ფაქტია, სინკლერი მოწადინებულია და ახალ ამპლუაში მართლაც ღირსეულად გამოიყურება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული