სრული ქაოსი "მანჩესტერ იუნაიტედში" და დაბნეული ლუი ვან გაალი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედში" დიდი ქაოსია. ამის მიზეზი ბოლოდროინდელი მოვლენებია. ლუი ვან გაალი კი ცოტა დაბნეული ჩანს, ყოველ შემთხვევაში, იმდენად, რომ ჰოლანდიელს ჟურნალისტებზე ტრადიციულად გაბრაზების თავიც არ აქვს.

სანერვიულო მას, ერთი მხრივ, გუნდის არადამაჯერებელმა თამაშმა და ცუდმა შედეგებმა დაუმატა და მეორე მხრივ, ფეხბურთელების ჩახლართულმა და გაუგებარმა სატრანსფერო მიდი-მოდიმ.

"ტოტენჰემთან" და "ასტონ ვილასთან" მოგებების დროსაც მშვენივრად ჩანდა, რომ "იუნაიტედი" ასე დიდხანს ვერ გააგრძელებდა და, ადრე თუ გვიან, ქულების კარგვას დაიწყებდა. "წითელი ეშმაკებისთვის" ამ ცუდმა ამბავმაც არ დაახანა და "ნიუკასლთან" უგოლო ფრეს "სუონსისთან" მარცხი
მოჰყვა.


ვან გაალმა გარი მონკთან ზედიზედ მესამედ წააგო. ბოლო 5 ურთიერთშეხვედრიდან კი უელსურ კლუბს "მანჩესტერი" 4-ჯერ ჰყავს დამარცხებული.

"ჩვენ მატჩს 85 წუთი ვაკონტროლებდით, მაგრამ 5-წუთიანი მონაკვეთის ჩაგდების გამო წავაგეთ. ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს. შესაძლოა, ეს იმიტომ დაგვემართა, რომ მოვტყუვდით, დომინანტობამ დაგვაბნია და ცოტა მოვდუნდით კიდეც.

შეცდომებზე უნდა ვისწავლოთ, თორემ მოტივაციისა და შემართების პრობლემა არ გვქონდა, კარგადაც ვთამაშობდით. მომენტებიც შევქმენით და მხოლოდ ჩვენი ბრალი არ არის, რომ მეტი ვერ გავიტანეთ, იღბალიც საჭიროა.

ჩვენი თამაშით ვისიამოვნე, კარგი ფეხბურთი ვაჩვენეთ, მაგრამ მთავარი შედეგია", - თქვა ვან გაალმა.

გარი მონკი: "საოცარი ატმოსფერო იყო, რისთვისაც დიდი მადლობა ფანებს. პირველ ტაიმში "მანჩესტერმა" ძალიან კარგად ითამაშა და გაგვიჭირდა, თუმცა ხასიათის სიმტკიცე გამოვაჩინეთ.

ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მატჩი ჩავატარეთ, მაგრამ ორგანიზებულად ვთამაშობდით, ვიბრძოლეთ და სასურველ შედეგს მივაღწიეთ.

მეტოქე პრობლემებს ცენტრიდან გვიქმნიდა, მაგრამ შესაბამისი ცვლილებები გავაკეთე, ტაქტიკა გადავაწყე და სიტუაცია გამოვასწორეთ".

სტატისტიკა
* ბოლო ორი შემთხვევა, როდესაც "მანჩესტერი" იგებდა და დამარცხდა, სწორედ "სუონსისთან" დაფიქსირდა.

* "სუონსიმ" "წითელ ეშმაკებს" უკანასკნელი 5 დაპირისპირებიდან 4 მოუგო, თანაც ოთხივე ერთნაირი ანგარიშით - 2:1.

*
ანდრე აიუმ "ლიბერთი სტედიუმზე" ორივე შეხვედრაში გაიტანა გოლი.

* გომისს 4 მატჩში 4 ბურთი დაუგროვდა. მას პრემიერლიგაში ჩატარებულ ბოლო 10 შეხვედრაში 9 გოლი აქვს გატანილი.

* გომისი "თეთრი გედების" პირველი ფეხბურთელია, რომელსაც პრემიერლიგის საწყის 4 ტურში გოლი გააქვს.

* გილფი სიგურდოსნმა პრემიერლიგაში "სუონსის" მაისურით მე-14 საგოლე პასი გააკეთა, რითაც კლუბის საუკეთესო ასისტენტი გახდა.

*
ლუკ შოუმ "მანჩესტერის" მაისურით ჩატარებულ მე-20 შეხვედრაში პირველი საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.

* უეინ რუნის კარიერაში მხოლოდ მეორედ ხდება, რომ პრემიერლიგის 10 ტურში ვერ გააქვს (პირველად ეს "ევერტონში" თამაშისას დაემართა). მისი "მშრალი" სერია უკვე 864 წუთი გრძელდება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული