პრემიერლიგა. ბოლო დღის ტრანსფერები: ინგლისში ძალიან არ გაგიჟდნენ

AutoSharing Option
როგორ გაანაწყენა ფანები "არსენალმა", როგორ იაქტიურა მისმა თანაქალაქელმა "ვესტ ჰემმა", რა გადაწყვიტა ფაბიო ბორინიმ და ვინ გააძლიერებს "საუთჰემპტონს" - ეს და სხვა დანარჩენი პრემიერლიგური ბოლო მომენტის გამორჩეული სატრანსფერო სიახლეები ერთად შევკრიბეთ.

აქვე ვიტყვით, რომ სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა 1-ელ სექტემბერს დაიხურა. ასე რომ, ჩვენ დღე-ნახევრის გარიგებები შევკრიბეთ.

"ევერტონი" რამირო ფუნეს მორით გაძლიერდა. 24 წლის არგენტინელი "კანფეტებს" ჯონ სტოუნსის შემცვლელად ესახებოდათ, მაგრამ ისედაც არ აწყენთ.

მერსისაიდულმა გუნდმა "რივერ პლეიტს" 9,5 მილიონი გირვანქა გადაუხადა და თავის ახალ ფეხბურთელთან 5-წლიანი კონტრაქტი
გააფორმა. ფუნეს მორიმ სამედიცინო შემოწმება რამდენიმე დღის წინ გაიარა და სამუშაო ვიზას ელოდა.

საბოლოოდ, ყველაფერი მოგვარდა. შეგახსენებთ, რომ მისი ტყუპისცალი როხელიო ლისაბონის "ბენფიკაში" თამაშობდა, მაგრამ იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ახლა მექსიკურ "მონტერეიში" ირიცხება.

"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ. "ევერტონმა" ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს ტრანსფერი შემდგარიყო. გუნდმა დიდი ნდობა გამომიცხადა და ჩემი შეძენის სურვილი გამოხატა. მინდორზე 100%-ით დავიხარჯები" - თქვა რამირომ.

სტოუნსი "ჩელსიმ" ვერ შეიძინა, მაგრამ კიდევ ერთი მცველით მაინც გაძლიერდა, ეს პაპი ჯილობოჯია. 26 წლის სენეგალელი "ლურჯებმა" "ნანტიდან" გადაიყვანეს და მასთან 4-წლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი. ჯილობოჯი ლონდონელებს მხოლოდ 4 მილიონი გირვანქა დაუჯდათ, რადგან მომავალ ზაფხულს მას "იადონებთან" კონტრაქტი უმთავრდებოდა. ჯილობოჯი ნანტელთა ღირსებას 2010 წლიდან იცავდა და ამ გუნდის რიგებში 183 მატჩი აქვს ჩატარებული.

ვთქვათ "ჩელსიდან" ბოლო მომენტში წასულ ფეხბურთელზეც - ვიქტორ მოზესმა ვერაფრით მოაწონა ჟოზე მოურინიოს თავი და იგი ისევ გაანათხოვრეს. პორტუგალიელი 24 წლის ნიგერიელს არ ყიდის, მეტიც, კლუბმა მასთან ახალი 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მერე წავიდა. იგი ერთი სეზონით "ვესტ ჰემში" გადაბარგდა და მოზესი "ჩაქუჩებში" თამაშის გამოცდილებასაც მიიღებს.

სლავენ ბილიჩის გუნდმა ბოლო მომენტში იაქტიურა და კიდევ ორი ტრანსფერი გაჩარხა. "ბოლეინ გრაუნდზე" ისევ იბურთავებს ალექს სონგი, რომელმაც დიდი სიამოვნებითა და სიხარულით გადაწყვიტა დარჩენა-დაბრუნება. 27 წლის კამერუნელი "ვესტ ჰემმა" ასევე ერთი წლით ინათხოვრა "ბარსელონასგან".

არანაირ იჯარასთან არ გვაქვს საქმე ნიკიცა იელავიჩის შემთხვევაში. ბილიჩს 30 წლის თანამემამულეც ეყოლება განკარგულებაში. იელავიჩი "ჩაქუჩების" სრულფასოვანი წევრი გახდა და მათ განკარგულებაში ორი წლის განმავლობაში იქნება, კონტრაქტის კიდევ 2 წლით გახანგრძლივების პერსპექტივით.

"ხორვატიის ნაკრებში მაშინაც ვთამაშობდი, როდესაც სლავენი მწვრთნელი იყო და ერთად გვიმუშავია. იგი ბრწყინვალე ადამიანი და სპეციალისტია. მიხარია, რომ ისევ ერთად ვიმუშავებთ" - აღნიშნა იელავიჩმა.

ვიქტორ მოზესი: "ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ "ჩელსისთან" ახალი კონტრაქტი გავაფორმე და ახლა იმედი მაქვს, "ვესტ ჰემთან" ერთად კარგი სეზონი მექნება, ამისთვის ყველაფერს გავაკეთებ".

"აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც სახლში, ჩემი ოჯახიც კმაყოფილია. შვილები "ვესტ ჰემის" აკადემიაში თამაშობენ. შესაბამისად, ჩემთვის გადაწყვეტილება ძალიან ადვილი მისაღები გახლდათ" - განმარტა ექსარსენალელმა სონგმა.

"ვესტ ჰემი" ამითაც არ შემოიფარგლა და ბოლო წამს კიდევ ერთი მოთამაშე დაიმატა - მაიკლ ანტონიო. რამდენი გადაუხადა ამ საინტერესო თავდამსხმელში ლონდონურმა გუნდმა "ნოტინგემ ფორესტს", არ ხმაურდება, მაგრამ ბრიტანული პრესის ინფორმაციით, დაახლოებით 7 მილიონ გირვანქაზე იქნება ლაპარაკი.

ვეტერანი ჯოლეონ ლესკოტი, რომელიც "ვესტ ბრომვიჩს" ძალიან დაეხმარა, მაგრამ ახალი სეზონისთვის დაიწუნეს, მიდლენდსის სხვა წარმომადგენელში, "ალბიონის" საძულველ "ასტონ ვილაში" გადაბარგდა. 33 წლის ფეხბურთელის  სავარაუდო ფასი 2 მილიონი გირვანქაა. "სიტის" ყოფილი მცველი ტიმ შერვუდის "ვილას" დაცვას გამოცდილებას შემატებს და მწვრთნელს სიტუაციის დალაგებაში დაეხმარება.

"ვესტ ბრომვიჩთან" დაკავშირებულ სხვა სატრანსფერო ამბებს რაც შეეხება, გუნდმა "მანჩესტერ იუნაიტედისგან" მეკარე ანდერს ლინდეგაარდი შეიძინა, "ალბიონმა" იგი ორი წლით დაიბევა. აი, ერთ დროს სარეკორდო შენაძენი იდეი ბრაუნი კი "ოლიმპიაკოსში" გაუშვეს, სადაც 26 წლის ნიგერიელი ექსლესტერელ ესტებან კამბიასოს შეუერთდება.

პრემიერლიგაში აღზევებულმა "ნორვიჩმა" შემადგენლობა დიუმერსი მბოკანით გაიძლიერა. კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენელი "იადონებმა" კიევის "დინამოდან" ერთი წლით ინათხოვრეს, გამოსყიდვის პერსპექტივით. 29 წლის თავდამსხმელს "ანდერლეხტში", "ვოლფსბურგსა" და "მონაკოში" აქვს ნათამაშები. კიეველთა ვარსკვლავი ანდრეი იარმოლენკო კი, როგორც ჩანს, უკრაინულ გუნდში რჩება, ის პრემიერლიგის რამდენიმე ბინადარს უნდოდა, მაგრამ...

"მბოკანი დიდი, ძლიერი 9 ნომერია და ბევრი გოლის გატანა შეუძლია, მრავალმხრივი თავდამსხმელია და მეტოქისთვის ძალიან სახიფათო" - აღნიშნა "ნორვიჩის" თავკაცმა ალექს ნილმა.

პარალელურად, "იადონებმა" რიკი ვან ვოლფსვინკელი გაუშვეს. 26 წლის ჰოლანდიელი თავდამსხმელი ერთწლიანი იჯარით "ბეტისში" წავიდა. რიკი ნორვიჩელთა სარეკორდო შენაძენია, რომელმაც აშკარად არ გაამართლა.

კიდევ ერთმა აღზევებულმა "ბორნმუთმა" თავის გოლეადორს, კალუმ უილსონს ახალი თავდამსხმელი მიაშველა - გლენ მარი. 31 წლის ფორვარდი "კრისტალ პალასს" აღარ სჭირდებოდა, ხოლო "ალუბლები" თავდამსხმელს ეძებდნენ და მხარეებიც 5 მილიონ გირვანქაზე გარიგდნენ. მარი "არწივებში" 2011 წლის მაისში "ბრაიტონიდან" გადავიდა და მათ რიგებში ჩატარებულ 125 შეხვედრაში 47 გოლი გაიტანა.

ძველ-ახალი თავდამსხმელი ჰყავს "სანდერლენდსაც". ფაბიო ბორინის დამატება "ინტერსაც" სურდა, "ფიორენტინასაც", "უოტფორდსაც" და სხვა მსურველებიც იყვნენ, მაგრამ თავად ფეხბურთელმა "ლაითზე" დაბრუნება არჩია. როგორც ამბობენ, "შავმა კატებმა" "ლივერპულს" 7 მილიონი გირვანქა გადაუხადეს, მაგრამ ბონუსებით ეს თანხა შესაძლოა 10 მილიონამდე გაიზარდოს. ბორინისა და "ლივერპულს" თანაარსებობა აშკარად არ ეწერათ, "სანდერლენდში" კი მას 2013-14 წლების სეზონში აქვს ნათამაშები. იტალიელი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ჯიუტად ცდილობს პრემიერლიგაში ისე ათამაშებას, როგორც მას შეუძლია.

სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე "საუთჰემპტონმაც" მოასწრო ერთი საინტერესო ტრანსფერის გაკეთება. "წმინდანებმა" დაცვა გაიძლიერეს. მათი ახალი უკანახაზელი ვირხილ ვან დეიკია. 24 წლის ჰოლანდიელმა, რომლის სანაცვლოდაც გლაზგოს "სელტიკმა" 11,5 მილიონი გირვანქა მიიღო, "სენტ მერის" ბინადრებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ბარემ ისიც აღვნიშნოთ, რომ "საუთჰემპტონმა" ემანუელ მაიუკა გაუშვა. ზამბიელს "წმინდანებში" მომავალი არ ჰქონდა და 24 წლის თავდამსხმელი ფრანგულ "მეცს" დაუთმეს.

ამასობაში, "მანჩესტერ სიტიმ" 20 წლის ბელგიელი მცველი ჯეისონ დენაიერი ერთი წლით "გალათასარაიში" გაანათხოვრა. ნიჭიერ ფეხბურთელს ამჟამად "ქალაქელთა" ძირითადში მოხვედრა გაუჭირდებოდა, მაგრამ სათამაშო პრაქტიკა აუცილებლად სჭირდება და ამიტომაც სტამბოლელთა ბანაკში გადაბარგება მისთვის კარგი ვარიანტი იყო. 19 წლის ხოსე მარია პოსო კი სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "ალმერიაში" გაიყიდა.

გაიყარა "ნიუკასლ იუნაიტედისა" და ხონას გუტიერესის გზები. სიმსივნესთან ბრძოლის პერიოდში კლუბის უფროსობის უყურადღებობით განაწყენებული არგენტინელი საბოლოო ჯამში მაინც წავიდა "სენტ ჯეიმს პარკიდან" და კარიერას "დეპორტივოში" გააგრძელებს.

აი, "ტოტენჰემისა" და "არსენალის" ფანები კი სულ ტყუილად ელოდნენ სიახლეებს. "დეზებმა" რამდენიმე დღის წინ "ლევერკუზენიდან" ჰონ მინ სონი მაინც დაიმატეს, არსენ ვენგერს კი ამ ზაფხულს პეტრ ჩეხის გარდა არავინ უყიდია. ამბობენ, "მეთოფეებმა" "პარი სენ-ჟერმენს" ედინსონ კავანი და ადრიენ რაბიო მოსთხოვეს და ცოტასაც არ იხდიდნენო, მაგრამ პარიზელებს ეს შეთავაზება არ მოსწონებიათ.

ჩვენ კი შეგვიძლია თვალი შევავლოთ სტატისტიკას, თუ ვინ რამდენი დახარჯა ამ ზაფხულს პრემიერლიგის წამყვანი და მთავარი გრანდებიდან:

1-ელ სექტემბერს სულ ბოლოს შემდეგი გარიგებები შედგა: ნათან დაიერი "ლესტერმა" იჯარით აიყვანა; "ასტონ ვილამ" ჯო ბენეტს კონტრაქტი გაუგრძელა და "ბორნმუთში" გაანათხოვრა; "უოტფორდმა" ვიქტორ იბარბოს იჯარა გამოაცხადა; ამავე კლუბმა 19 წლის ბელგიელი ობი ულარი გაიფორმა; "ჩელსიმ" "რედინგიდან" იამაიკელი მაიკლ ჰექტორი იყიდა.

1. სიტი 154 მლნ. გ.
2. მანჩესტერი 120
3. ლივერპული 77,5
4. ჩელსი 57,8
5. არსენალი 10

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული