გასარჩევი მართლაც არის - კევინ დე ბრუინის ტრანსფერი "სიტიში" 55 მილიონ გირვანქად და ანტონი მარსიალის გადასვლა "მანჩესტერ იუნაიტედში" 36 მილიონ გირვანქად, რომელიც შესაძლოა, 58 მილიონამდე ავიდეს... მარსიალი მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებულ თინეიჯერად იქცა.
თუ დე ბრუინის შემთხვევაში ნიჭიერი ბელგიელის ფასს დიდი მითქმა-მოთქმა არ მოჰყოლია, მარსიალის სატრანსფერო ფასმა ყველა გააოცა, მათ შორის მისი პირადი გუშლემატკივრებიც.
დელიკატური ფრანგი ექსპერტები ცდილობენ ეს მართლაც ნიჭიერი 19 წლის თავდამსხმელი შეაქონ, მაგრამ ისე, რომ იგი არ განაწყენდეს,
ასეა თუ ისე, ლუი ვან გაალი ამ ერთგვარ ავანტიურაზე წავიდა და ახლა უნდა დაელოდოს რას იზამს მარსიალი, იქნებ ის მართლაც მარსის ბინადარია და ამდენის გადახდა ღირდა. მას ყოფილი გუნდიც უქომაგებს, რადგან, რაც უფრო უკეთ ითამაშებს მარსიალი, მით უფრო მეტ ფულს მიიღებენ "ლუი მეორეს" ბინადრები.
უკვე დაიწყო სახალისო ამბებიც. მაგალითად, უეინ რუნის სულ არ ცოდნია, ვინ არის მარსიალი. ამის თაობაზე ცნობილი მას მერე გახდა, რაც მისი გუნდის მიერ ამხელა ფულის გადახდით გაკვრივებულ "შრეკს" მორგან შნეიდერლენისთვს უკითხავს - ეს მარსიალი ვინ არისო... ფრანგმა ნახევარმცველსაც ეს ამბავი გაუთქვამს. თუმცა თავად მარსიალი, არც ამითაა შეწუხებული და არც მასში გადახდილი მილიონების სიმძიმეს გრძნობს.
"ბუნებრივია, რომ იგი მე არ მიცნობს. ლიგა 1-ში ხშირად არ ვთამაშობდი და საფრანგეთს ნაკრებშიც პირველად გამომიძახეს. თუმცა მიხარია, რომ ახლა "მანჩესტერში" ვარ და რუნისთან ერთად ვითამაშებ, ის დიდი ფეხბურთელია და მის გვერდით პროგრესი მექნება. არ ვიცი ვღირვარ თუ არა 80 მილიონი ევრო, მაგრამ ამაზე არც ვფიქრობ. ფასი კლუბებს შორის მოლაპარაკების შედეგია და მათი საქმეა. ამის გამო საკუთარ თავს წნეხის ქვეშ არ ვაქცევ. თუმცა მესმის, რომ ჩემი ასაკის მოთამაშეში გადახდილი ამხელა თანხა ცოტა სიგიჟეა. მეორე მხრივ, ასეთია ამჟამინდელი საფეხბურთო ბაზარი და თანაც მე არაფერ შუაში ვარ, ეს კლუბების გარიგებაა. ამიტომაც, ვცდილობ ყველაფერ სხვას იგნორირება გავუკეთო და მინდორზე ვიყო კონცენტრირებული, მთავარია, როგორ ვითამაშებ" - გვითხრა მარსიალმა.
ცხადია, მარსიალი უკვე მწვრთნელსაც გაესაუბრა, რომელსაც მისთვის უკითხავს, რომელ პოზიციაზე გირჩევნია თამაშიო. მარსიალს მოედნის შუაში ურჩევნია თამაში, რაზეც "ბრაზიანმა ლუიმ" მიუგო - კარგი, მაგრამ სხვადასხვა ამპლუაში უნდა გამოგცადო და განსხვავებულ პოზიციებზე მოგიწევს ბურთაობაო. მარსიალიც გაიძახის, მზად ვარ ნებისმიერ ადგილას ვითამაშო, სადაც გუნდს და მწვრთნელს დავჭირდებიო.
ზოგი იმასაც ამბობს, ამით ახალგაზრდა ფეხბურთელმა ევრო 2016-ზე მოხვედრის შანსები შეიმცირაო თუმცა ძნელი წარმოსადგენია "მანჩესტერს" ამხელა თანხა იმიტომ გადაეხადა, რომ ანტონი სკამზე დასვას. თუმცა ვინ იცის... ანხელ დი მარიას მაგალითიც ცხვირწინ გვაქვს. მოკლედ, ვან გაალი შეეცდება ის, რუნი და დეპაი, როგორმე შეათამაშოს და ოპტიმალური ვარიანტი იპოვნოს.
"ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი აქამდეც წასულა დიდ გუნდში და ზოგს ყველაფერი კარგად გამოსვლია, ზოგს ნაკლებად. ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, რომლისთვისაც მზად ვარ. რჩევები მივიღე ჩემი თანამემამულისგან მორგან შნეიდერლენისგან, რომელიც ასევე ახალწვეულია და შთაბეჭდილებები გამიზიარა. მითხრა, რომ "მანჩესტერი" ძალიან კარგი კლუბია და აქ ყველა პირობაა ფეხბურთელისთვის შექმნილი.
ტრანსფერი სანაკრებო შეკრების დროს დადასტურდა და ყველამ მომილოცა, წარმატებები მისურვეს, ფასზე არავის უსაუბრია. უბრალოდ მღეროდნენ და მითხრეს, თავი არ დაკარგოო" - განაცხადა მარსიალმა.
საინტერესოა, რომ მსოფლიოს უძვირფასესი 5 თინეიჯერიდან 5 წორედ მანჩესტერის შეძენილია. მათ შორის ყველაზე "იაფი" 2004 წელს "ევერტონიდან" რუნის შეძენაა და ყველაზე მეტად "წითელ ეშმაკებს" სწორედ ის გამოადგათ.
მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული თინეიჯერები
ანტონი მარსიალი - 2015 - მონაკოდან-მანჩესტერში - 36 მილიონი გირვანქა (ზრდადი 58 მილიონამდე);
ლუკ შოუ - 2014 ივნისი - საუთჰემპტონიდან-მანჩესტერში - 27 (ზრდადი 31 მილიონამდე);
მარკინიოსი - 2013 - რომადან-პსჟ-ში - 27;
ანდერსონი - 2007 - პორტუდან-მანჩესტერში - 26;
უეინ რუნი - 2004 - ევერტონიდან-მანჩესტერში - 20 მილიონი (ზრდადი 27 მილიონამდე).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"