პრემიერლიგა. V ტურის რჩეულები და სტატისტიკა: საით მიქრის "ჩელსის" ქარავანი

AutoSharing Option
* ლონდონის "ჩელსის" ასეთი ცუდი სტარტი 29 წელიწადია, არ ჰქონია.

* "მანჩესტერ სიტი" 5 ტურის მერე უკვე 11 ქულით უსწრებს "ჩელსის".

* ჟოზე მოურინიომ კი 2006 წლის მაისის მერე, პრემიერლიგის ზედიზედ ორი მატჩი პირველად წააგო.

პემიერლიგის მე-5 ტური წინებზე არანაკლებ საინტერესო გამოდგა. "სიტიმ" იღბლიანი ცვლილების წყალობით, ისევ მოიგო, კარი კვლავაც მშრლად შეინახა და ვიცე-ჩემპიონი მოქმედს უკვე 11 ქულით გაექცა - ეთიშება "ჩელსი" ტტულისთვის ბრძოლას? "ლურჯები" სტივენ ნეისმიტმა შეარცხვინა.

"ლესტერი" 72-ე წუთამდე 0:2-ს აგებდა და 3:2 მოიგო, კლაუდიო რანიერის გუნდი "სიტისთან"
ერთად დაუმარცხებელია. ინგლისული ფეხბურთის კლასიკურ დაპირისპირებაში "მანჩესტერმა" "ლივერპული წააქცია. ანტონი მარსიალმა პრემიერლიგაში პირველივე დარტყმით გაიტანა...

ტურის გამორჩეული ფეხბურთელები
მეკარეებს შორის ჯეკ ბატლენდი უნდა გამოვარჩიოთ. "სტოკი" სეზონს ძალიან ცუდად იწყებს და ჯერჯერობით, მარკ ჰიუზს ვერც ახალწვეულები შველიან. სამაგიეროდ, ძირითადი გოლკიპერის, ასმირ ბეგოვიჩის წასვლა სულ არ იგრძნობა, რადგან ჯეკ ბატლენდი უფრო და უფრო გვაოცებს.

მხოლოდ "არსენალთან" მან 10 "სეივი" გააკეთა, ჯერჯერობით, მიმდინარე პრემიერლიგაში ერთ მატჩში ამდენი ბურთი არც ერთ გოლკიპერს არ მოუგერიებია. ინგლისის ნაკრების მეკარემ განსაკუთრებით რთული ბურთი ალექსის სანჩესს აუღო, მაგრამ არც თეო უოლკოტისა და მესუთ იოზილის დარტყმები დავივიწყოთ.

"ჩელსის" ასეთი ცუდი სტარტი 29 წლის განმავლობაში არ ჰქონია. ამას, როგორც ჩანს, ჟოზე მოურინიო წინასწარ გრძნობდა და ამიტომაც ცდილობდა შემადგენლობის გაძლიერებას. თუმცა, რომან აბრამოვიჩმა დიდი თანხების დახარჯვა არ ისურვა.

ერთადერთი ვის შეძენაზეც მოუმ ზემოდან თანხმობა და დიდი თანხის დახარჯვის უფლება მიიღო, ეს ჯონ სტოუნსი გახლდათ. ახალგაზრდა მცველმა, რომელმაც უკვე ინგლისის ნაკრებშიც მყარად მოიკიდა ფეხი, უშუალოდ "ლურჯების" წინააღმდეგ ნათლად გამოაჩინა, თუ რატომ სურდა პორტუგალიელ სპეციალისტს მისი შეძენა. სტოუნსი უაღრესად თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და "ჩელსის" შემტევებს ფაქტობრივად მომენტი არ ჰქონიათ. "ლურჯებთან" შეხვედრაში სტოუნსმა 41 პასი გააკეთა, აქედან 88% წარმატებულად. მასზე მეტი გადაცემა (43) მხოლოდ როს ბარკლიმ გააკეთა.

"კრისტალ პალასთან" "მანჩესტერ სიტი" ისეთი დამაჯერებელი არ გახლდათ როგორც წინა შეხვედრებში, მაგრამ ვენსან კომპანი ისევ შეუდარებელი იყო. მას ერთი შეცდომაც კი არ დაუშვია. "სიტის" თავისუფლად შეიძლებოდა ვერ მოეგო, უკანასკნელ წამებზე გატანილი გოლი რომ არა. თუმცა არც წააგებდა, რადგან კარი ისევ მშრალად შეინახა.

"ქალაქელებს" უკვე 5 მატჩია, გოლი არ გაუშვიათ, რისი მთავარი მიზეზიც სწორედ კომპანია. ბელგიელი ლომივით, ამაყად და თავდაჯერებულად დააბიჯებდა,გენერალივით უძღვებოდა თავის არმიას და მისი გუნდი უკვე 11 ქულით უსწრებს "ჩელსის", რაც იმას ნიშნავს, რომ "ლურჯები" ჩემპიონობისთვის ბრძოლას ფაქტობრივად ეთიშებიან და ტიტულის დაცვა მათ არ გამოუვათ.

აბა დეილი ბლინდი როგორ არ გამოვარჩიოთ? ლუი ვან გაალი მას სადაც უნდა იმ პოზიციაზე იყენებს ხოლმე და ჰოლანდიელიც, როგორც წესი, ყველგან სასარგებლოა. მან "ლიერპულის" წინააღმდეგ ფანტასტიკურად ითამაშა და ყველაფერ სიკეთესთან ერთად, მთავარი სიკეთეც გააკეთა - ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, რომელმაც "მანჩესტერს" საქმე გაუადვილა.

"ნორვიჩს" მიმდინარე სეზონში 8 გოლი აქვს გატანილი და აქედან 5-ში უეს ჰულაჰანმა მიიღო მონაწილეობა. ირლანდიელი "ბორნმუთთან" შეხვედრაში "იადონების" მამოძრავებელი ძალა გახლდათ.

ბლინდის დარად, ძალიან ბევრ პოზიციაზე შეიძლება ერიკ დაიერის დაყენება, ამჯერად იგი ცენტრალური ნახევარმცველის როლში მოგვევლინდა და 8 ვარდნაც შემოგვთავაზა, 4-ჯერ კი მეტოქეების მცდელობა დაბლოკა. იგი ერთ-ერთი საუკეთესო გახლდათ "ტოტენჰემის" რიგებში.

მთავარი კაცი "დეზების" რიგებში კი ალბათ, მაინც რაიან მეისონი გახლდათ. გარდა იმისა, რომ მან გუნდს ნანატრი გამარჯვება მოუტანა, როდესაც ლამაზი კომბინაცია დააგვირგვინა, მეისონმა სხვა ფეხბურთელებთან შედარებით 16-ით მეტი ზუსტი პასი გააკეთა, სულ - 56.

ლეიტონ ბეინსის არყოფნა "ევერტონისთვის" დიდი დანაკარგია და ტრავმირებულ ლიდერს ახალგაზრდა და გამოუცდელი ბერნდან გოლოუეი სრულფასოვნად ვერ ცვლის, მაგრამ "ჩელსის" წინააღმდეგ შეხვედრაში იგი შეუდარებელი გახლდათ. გოლოუეი უფრო ნახევარმცველი იყო, ვიდრე მცველი. მან კარიერაში პირველი საგოლე გადაცემაც მიითვალა "ევერტონის" მაისურით. ჟოზე მოურინიოს სტოუნსის ნაცვლად ამ ბიჭის შეძენაზეც რომ ეფიქრა ურიგო არ იქნებოდა, მას ერთი ცაცია მაინც ეყოლებოდა მარცხენა ფლანგზე.

რიად მაჰრეზმა გოლი ვერ გაიტანა და ეპიზოდებში წინა სეზონის პირველი ნახევრის მაჰრეზი მოგვაგონა, რადგან ზედმეტად ეგოისტურად იმოქმედა, მაგრამ ორი საგოლე პასი მაინც გააკეთა, თანაც ერთი განსაკუთრებულად კარგი. ახლა მას ბოლო 8 პრემიერლიგურ შეხვედრაში ამდენივე გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული - 6 თავად გაიტანა, ხოლო 2-ჯერ ასისტენტად მოგვევლინა.

ერთ და გადამწყვეტ ეპიზოდში ასისტენტობა მან ნათან დაიერს გაუწია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოვარჩიოთ, რადგან "ლესტერში" კარიერას კარგად იწყებს, ტანდაბალმა ფეხბურთელმა საკუთარი ჯანმრთელობა გარისკა და ბრედ გუზანთან საჰაერო ბრძოლაში გამარჯვების გოლის გატანა შეძლო "ასტონ ვილასთან" დრამატულ შეხვედრაში.

უყურადღებოდ ვერაფრით დავტოვებთ ანტონი მარსიალს. რომელმაც დიდი ფსიქოლოგიური წნეხი მოიხსნა, როდესაც მის გარშემო ატეხილი ამხელა აურზაურის შემდეგ, შეცვლაზე შესულმა შესანიშნავი სოლო-რეიდი ტექნიკური დარტყმით დაამთავრა, მან მარტინ შკრტელს თავბრუ დაახვია. მარსიალმა მანჩესტერული კარიერა იდეალურად დაიწყო - პირველივე შეხვედრაში მეტოქის კარში პირველი დარტყმით გაიტანა. თანაც მეტოქე "ლივერპული" გახლდათ. გახდება თუ არა ენტონი "იუნაიტედის" ტიერი ანრი (რომელსაც მას ადარებენ), დაველოდოთ და ერთად ვნახოთ.

იმავე მატჩიდან კრისტიან ბენტეკეს გამორჩევა ღირს, ვინც საოცარი "მაკრატელა" შეაგდო და დავიდ დე ხეასიც, რომელიც ძირითად შემადგენლობას დაუბრუნდა და არაერთი კარგი "სეივი" შემოგვთავაზა.

არც კელეჩი იჰეანაჩო გაგვექცევა სადმე, რომელსაც იდეაში მინდორზე უნდა შემოესეირნა, მაგრამ ნიგერიელმა ტალანტმა "სიტის" რთული მატჩი მოაგებინა. ის იმ მომენტში 18 წლისა და 344 დღის გახლდათ და მიკა რიჩარდსისა და დანიელ სტარიჯის შემდგომ, "ქალაქელების" ყველაზე ახალგაზრდა გოლეადორი გახდა.

დავაგვირგვინოთ სტივენ ნეისმიტით. "ევერტონმა" მოჰამედ ბეშიჩს მადლობა უნდა უთხრას იმის გამო, რომ ბოსნიელი დაშავდა. შეცვლაზე შესულმა ნეისმიტმა "ჩელსი" გაანადგურა. შოტლანდიელი პრემიერლიგის ისტორიაში მე-6 ფეხბურთელი გახდა, ვინც ცვლილებაზე შესვლის მერე ჰეთ თრიკი შეასრულა. საინტერესოა, რომ ბოლოს ასეთი რამ ასევე ევერტონელ რომელუ ლუკაკუს აქვს გაკეთებული 2013 წლის მაისში, როდესაც "მანჩესტერთან" ნათამაშებ 5:5-ში გაიბრწყინა.

ფაქტები და სტატისტიკა
* სტივენ ნეისმიტი მე-5 მოთამაშე გახდა, ვინც "ჩელსის" ჰეთ თრიკი შეუსრულა. ბოლოს "ლურჯები" სამი გოლით რობინ ვან პერსიმ დაამწუხრა 2011 წელს.

* ამაზე ცუდი სტარტი "ჩელსის" ბოლოს 1986-1987 წლების სეზონში ჰქონდა, როდესაც 5 ტურის შემდგომ, "ლურჯებმა" მხოლოდ 3 ქულას მოუყარს თავი და საბოლოოდ ის ჩემპიონატი მე-14 ადგილზე დაასრულეს.

* თეო უოლკოტს 11 გოლი აქვს გატანილი ბოლო 11 შეხვედრაში, რომელიც მან ძირითად შემადგენლობაში დაიწყო. თეოს ზედიზედ 9 სეზონია, პრემიერლიგაში გოლი გააქვს.

* ოლივიე ჟირუ კი პასიურობს, მას უკანასკნელ 12 პრემიერლიგურ თამაშში ოდენ ორი ბურთი აქვს გატანილი.

* მესუთ იოზილმა 2015 წელს 76 საგოლე შანსი შექმნა, რაც ყველა სხვა ფეხბურთელზე უკეთესი მაჩვენებელია.

* "სტოკ სიტის" 5 ტურის მერე ოდენ 2 ქულა აქვს, ასეთი ცუდი სტარტი უშუალოდ პრემიერლიგაში ამ კლუბს არასოდეს ჰქონია.

* "მანჩესტერ იუნაიტედს" ჩემპიონატის ბოლო 11 საშინაო შეხვედრიდან მხოლოდ 1 აქვთ წაგებული, ხოლო "ლივერპულმა" უკანასკნელი 12 საგარეოდან ორად ორი მოიგო. ასე რომ, გასაკვირი არ გახლავთ ის, რომ მერსისაიდელებმა "ოლდ ტრაფორდზე" ვერ იმარჯვეს. სხვათა შორის, პირველ ტაიმში გუნდებს ზუსტად კარში არ დაურტყამთ.

* დავიდ დე ხეა რთულ ბურთებს კი იგერიებს, მაგრამ ბოლო 8 თამაშიდან, რომელიც სრულად ჩაატარა პრემიერლიგაში, კარი მშრალად არცერთხელ არ შეუნახავს.
კრისტიან ბენტეკეს "წითელ ეშმაკებთან" ბოლო 3 შეხვედრისა ყოველ ჯერზე გააქვს, მაგრამ აქედან 2-ჯერ წააგო, ერთხელ კი ფრეს დასჯერდა.

* "სიტის" პრემიერლიგაში ზედიზედ 11 მოგება აქვს, ეს კლუბის ახალი რეკორდია. მთლიანობაში საუკეთესო მაჩვენებელი კი "არსენალს" აქვს, "მეთოფეებმა" 2002 წელს მიჯრით 14-ჯერ მოიგეს ჩემპიონატში.

* "ქალაქელების" საკლუბო რეკორდია ისიც, რომ ახლა მათ უკვე მიყოლებით 6 პრემიერლიგური თამაშია, გოლი არ გაუშვიათ.

* "სიტი" ერთადერთი გუნდია, რომელმაც პრემიერლიგის ისტორიაში პირველ 5 ტურში არც ერთი გოლი არ გაუშვა.

* ალან პარდიუს "კრისტალ პალასში" მისვლის მერე, გუნდმა საშინაო შეხვედრებში 40 შესაძლებლიდან მხოლოდ 16 ქულა აიღო.

* "უოტფორდის" ოდიონ იგალოს 2015 ჩემპიონატის ეგიდით ჩატარებულ 23 მატჩში 18 გოლი აქვს გატანილი. ეს ევროპის წამყვან 5 ჩემპიონატში ჯერჯერობით, საუკეთესო შედეგია.

* გასაკვირია, მაგრამ ვალონ ბეჰრამის ხასიათის მქონე ფეხბურთელმა, პრემიერლიგაში თავისი პირველი წითელი ბარათი, მხოლოდ 63-ე მატჩში მიიღო. მან უოტფორდელები კინაღამ დააღალატა, მაგრამ გუნდმა "სუონსისთან"მოგება 10 კაცითაც შეძლო.

* "საუთჰემპტონმა" "ვესტ ბრომვიჩთან" საგარეო შეხვედრაში 522 პასი გააკეთა, რაც "წმინდანებისთვის" ბოლო ორი წლის განმავლობაში სტუმრად ჩატარებულ შეხვედრებში საუკეთესო მაჩვენებელია, მაგრამ ვერ მოიგო.

* "სანდერლენდს" უკვე 8 მატჩია, არ მოუგია - 4 ფრე, 4 წაგება.

* "ტოტენჰემის" ძირითადი შემადგებლობის საშუალო ასაკი "სანდერლენდთან" შეხვედრაში 24 წელიწადი და 135 დღე გახლდათ, რაც მიმდინარე სეზონში ყველაზე ახალგაზრდული საშუალო ასაკია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული