ერთი, სადმე გადამეყაროს... დიეგო კოშტას ცემით ემუქრებიან

AutoSharing Option
დიეგო კოშტას მორიგმა პროვოკაციამ ყველა აალაპარაკა, ბრაზილიური წარმოშობის ესპანელი ფორვარდის კრიტიკოსების რაოდენობა იზრდება. სპეციალისტების უმეტესობა ამბობს, რომ მას ხშირად ზედმეტი მოსდის - ყველაფერი გვინახავს და გაგვიგია, მაგრამ ეს უკვე ნამეტანიაო.

არსენ ვენგერმა პირდაპირ მოითხოვა დიეგო კოშტას დასჯა და ხაზი გაუსვა იმას, თუ რამხელა გავლენა მოახდინა ამ ინციდენტმა "ჩელსისთან" მატჩის შედეგზე. ფეხბურთის ასოციაციამაც გადაწყვიტა კოშტა დასაჯოს, მაგრამ ჯარიმა, რამდენად წონადია, ძნელი სათქმელია. "მეთოფეები" კი გაბრიელ პაულისტას წითელი ბარათისა და შესაბამისად, სამმატჩიანი დისკვალიფიკაციის გასაჩივრებას აპირებენ.

შეგახსენებთ, რომ დიეგო კოშტამ რამდენიმე მომენტში ფაქტობრივად,
გალახა ლორან კოშელნი, რომელსაც გაბრიელ პაულისტა გამოექომაგა და კოშტამაც გაბრიელის პროვოცირება შეძლო, პაულისტას განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, მაგრამ მაიკ დინისგან წითელი ბარათი მიიღო, დიეგო კი გაფრთხილებით "გამოძვრა".

ამ ეპიზოდს "უიმბლდონის" ოდიოზური, ახმახი ფორვარდი ადებაიო აკინფევაც კი გამოხმეურა და აღნიშნა, ერთი თუ გადავეყარეთ და რამე მსგავსი გაბედა, მერე ვნახოთ, ვინ გამოვა გამარჯვებულიო.

კოშტას მხარს იჭერენ "ჩელსის" ბანაკში. მაგალითად, სესკ ფაბრეგასმა თანაგუნდელი იმით გაამართლა, რომ ის ყოველთვის შემართულია, გამარჯვება უყვარს და მუდამ მზად არის ორთაბრძოლებისთვისო. ფაბრეგასის თქმით, მთავარი ის არის, რომ კოშტა "ლურჯების" ფანებს უყვართ და მას სრულად მხარში უდგანან.

P.S. წუხელ გაირკვა, რომ დიეგო კოშტას სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს, ხოლო გაბრიელს წითელი ბარათი გაუუქმეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული