როგორც ჩანს, "ლივერპულის" უფროსობას გულის სიღრმეში უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა როჯერსის მოხსნა და საკითხს ამ რაკურსით თუ შევხედავთ, მაშინ ნაბიჯი დროულია, რადგან მაინც გასაშვები ჩრდილოირლანდიელის კიდევ უფრო გვიან გაშვება მთელ სეზონს ჩააგდებდა. ახლა კი ახალ თავკაცს უფრო დიდი დრო ექნება სიტუაციის დასალაგებლად, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის ჟამს სასურველი ტრანსფერების გასაკეთებლად, ადაპტაციისა და
ძირითადი საუბრები იურგენ კლოპზე იყო და პოსტზე მოსვლის მთავარი კანდიდატი სწორედ გერმანელია, რომელსაც რამდენიმე დღის წინათ "ენფილდზე" შეუთვლია, სატრანსფერო პოლიტიკის კუთხით სრულ თავისუფლებას თუ მომცემთ, მაშინ მოვალო. უკვე ისიც ითქვა, გერმანელთან სამწლიან კონტრაქტზე მოლაპარაკება დაწყებულია და მხარეები მალე ყველაფერს შეათანხმებენო, მაგრამ კანდიდატები კიდევ არიან...
არ დაგვავიწყდეს, რომ თვით კარლო ანჩელოტია უმუშევარი. თანაც, "პაპა კარლოს" პრემიერლიგაში გამოცდილება აქვს და ბევრი შეუძლია. ახსენებენ "სამპდორიას", "ნაპოლისა" და "ინტერის" ყოფილ თავკაცს, "ღარიბების მოურინიოდ" წოდებულ ვალტერ მაცარისაც, რომელიც "ნერაძურიდან" გაშვების მერე ასევე უქმადაა.
კანდიდატთა შორის ფიგურირებს ამსტერდამის "აიაქსის" დამრიგებელი ფრანკ დე ბურიც, რომელსაც მშობლიურ გუნდში ძალიან წარმატებული პერიოდი ჰქონდა, მაგრამ თითქოს თავი ამოწურა და სიტუაცია აერია და სხვაგან წასვლის, ნაბიჯის წინ გადადგმის დროა. კიდევ ერთი რეალური ვარიანტ-კანდიდატი კი რონალდ კუმანია. ჰოლანდიელი "საუთჰემპტონში" წარმატებულად მუშაობს და "წმინდანებს" მერსისაიდელებთან კარგი საქმიანი ურთიერთობაც აქვთ.
რეალურად კი ფავორიტი ისევ კლოპია. "ლივერპულის" ფანებსაც ყველაზე მეტად მისკენ მიუწევთ გული და მიაჩნიათ, რომ ამ სპეციალისტის ფილოსოფია და სტილი მათ საყვარელ გუნდს ყველაზე მეტად მოუხდება. სპეციალური გამოკითხვაც ჩატარდა, რომელშიც გერმანელმა 56% დააგროვა, ხმების 22% ანჩელოტის ხვდა წილად, დანარჩენმა სამმა კანდიდატმა კი იმაზე ნაკლები პროცენტი აიღო, ვიდრე ვარიანტმა "სხვა", რომელმაც 9% დააგროვა.
გავრცელებული ცნობით, "ლივერპული" ახალ მწვრთნელს საბოლოოდ და ოფიციალურად უახლოესი ერთი კვირის განმავლობაში აირჩევს. ამ შემთხვევაში სანაკრებო პაუზაც დროულია. იმ მწვრთნელისთვის კი, რომელიც 1990 წლის მერე დღემდე, ყველაზე ახლოს იყო "ლივერპულის" გაჩემპიონებასთან, რაც "რაღაცას" მაინც ნიშნავს, მოხსნის შესახებ სატელეფონო ზარით უცნობებიათ, არა უშუალოდ პრეზიდენტის პირით.
"ეს არ იყო ადვილი გადაწყვეტილება, მაგრამ გადავწყვიტეთ ამ ნაბიჯის გადადგმა. ჩვენი მიზანია რაც შეიძლება მეტი გამარჯვება და ამბიციები, რომლებიც გუნდს უნდა ჰქონდეს და წარმატებებს აღწევდეს. ბრენდანთან ბევრი ძალიან კარგი და გამორჩეული მოგონება გვაკავშირებს, დაუვიწყარი სეზონის ჩათვლით. დარწმუნებულნი ვართ, მას წინ დიდი და წარმატებული კარიერა აქვს" - ასეთი შინაარსის განცხადებას ავრცელებს "ლივერპულის" ბოსობა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"