მომდევნო ტურში კიდევ უფრო სერიოზულ მიღწევას გამოჰკრა ხელი არგენტინელმა სერხიო აგუერომ - მან 20 წუთში შეუსრულა პენტა თრიკი (!) "ნიუკასლს".
აქამდე პრემიერლიგაში ერთ თამაშში სამი (და მეტი) გოლი შვიდ სამხრეთამერიკელს გაეტანა. ჩვენი წერილიც სწორედ მათზეა.
დიდი ხნის განმავლობაში სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები ინგლისის ჩემპიონატში ვერ ბრწყინავდნენ. თავად განსაჯეთ - პრემიერშიპის დაარსებიდან
არადა, ამ დროის განმავლობაში მოწინააღმდეგეთა კარის სამჯერ დალაშქვრა მოახერხეს მოთამაშეებმა ცენტრალური ამერიკიდან, აფრიკიდან და ავსტალიიდანაც კი.
ნავსი 2007 წლის 15 დეკემბერს გატყდა. პირველი ჰეთ თრიკის ავტორი "ბლექბერნის" პარაგვაელი ფორვარდი, როკე სანტა კრუზი გახდა. პარაგვაელის გმირობა საკმარისი არ აღმოჩნდა. ის მატჩი "ბლექბერნმა" 3:5 წააგო "უიგანთან". ძალიან მხიარული თამაში გამოვიდა. ჯერ "უიგანი" იგებდა სამბურთიანი სხვაობით. მერე როკემ გაათანაბრა, "უიგანს" კი მარკუს ბენტის დუბლმა მოაგებინა.
მორიგ სამხრეთამერიკულ ჰეთ თრიკს დიდხანს ლოდინი აღარ დასჭირდა. ეს მოხდა იმავე სეზონში, 2008 წლის 11 მაისს. სამი ბურთი მოწინააღმდეგის კარში "მიდლსბროს" ბრაზილიელმა ფორვარდმა, აფონსო ალვეშმა გაიტანა.
ეს იყო სეზონის ბოლო თამაში, რომელიც არაფერს წყვეტდა. "მიდლსბრომ" "მანჩესტერ სიტი" გაანადგურა - 8:1. ეს თამაში ბოლო იყო "სიტის" შვედი დამრიგებლისთვის, სვენ - გორან ერიქსონისათვის.
ბრაზილიელმა კი მართლაც დიდებულად ითამაშა, თუმცა ეს იყო ეპიზოდური გამონათება. ფეხბურთელმა, რომელმაც უამრავი გოლი გაიტანა ჰოლანდიაში და რომლისთვისაც "მიდლსბრომ" თითქმის 20 მილიონი გირვანქა დახარჯა, ინგლისურ ფეხბურთში კვალი ვერ დატოვა.
პრემიერლიგის ისტორიაში ჰეთ თრიკი მხოლოდ ორმა ბრაზილიელმა შეასრულა. მეორე იყო რობინიო. ის ინგლისში ვერ გაფრინდა, მაგრამ პირველი სეზონი ურიგო როდი ჰქონდა - 14 გოლი გაიტანა, მათ შორის სამი - ერთ შეხვედრაში.
2008 წლის 26 ოქტომბერს ბრაზილიელმა "სტოკი" არ დაინდო. თამაში 3:0 მორჩა მანჩესტერული გუნდის სასარგებლოდ. იმ მატჩში ბრაზილიელს მართლაც რომ ყველაფერი გამოუვიდა.
2010 წელს საქმეში ჩაერთო არგენტინელი ვარსკვლავი კარლოს ტევესი. შეგვიძლია თამამად დავწეროთ, რომ კარლოსს მაგრად გამოუვიდა ინგლისში თამაში.
"იუნაიტედში" ის ვერ იყო ლიდერი, თუმცა "ვესტ ჰემსა" და მეტადრე "მანჩესტერ სიტიში" კი შეუჩერებელი გახლდათ.
ჰეთ თრიკები კარლოს ტევესმა სულ "ქალაქელთა" მაისურით შეასრულა. პირველად მან 3 ბურთი "ბლექბერნს" გაუტანა 2010 წლის 11 იანვარს. მერე "იუგანს (29 მარტს), "ვესტ ბრომვიჩს (2011 წლის 5 თებერვალს) და ნორვიჩს (2012 წლის 14 აპრილს).
მაქსი როდრიგესი უნიკალური ფეხბურთელია. არგენტინელი არ არის ფორვარდი, არადა, ორი ჰეთ თრიკის შესრულება კი შეძლო. თანაც, მან ეს მიჯრით მოახერხა. არგენტინელის გმირობა ნამდვილად იმსახურებს ცალკე აღწერას.
2011 წლის 23 აპრილს "ლივერპულის" ვინგერმა 3 გოლი გაუტანა "ბირმინგემს". ეს შეხვედრა "ენფილდზე" გაიმართა და ის "ლივერპულმა" გამანადგურებელი ანგარიშით მოიგო -5:0. 9 მაისს მაქსიმ კვლავ სამჯერ შეაგდო - ეს მოხდა "ფულემთან" მოგებულ საგარეო ჯახში (5:2).
2012 წლის 28 აპრილიდან საქმეში ლუის სუარესი ჩაერთო. პარადოქსია, მაგრამ წესით, ლუისს ინგლისური კარიერიდან "ლივერპულზე" არანაკლებ თბილად "ნორვიჩი" უნდა აგონდებოდეს.
"ნორვიჩთან" შეხვედრაში, დროის სულ მცირე ინტერვალში (2012 წლის 28 აპრილი - 29 სექტემბერი) სუარესმა მისთვის ორი სადებიუტო ჰეთ თრიკი გააკეთა. 2013 წლის დეკემბერში კი ამას პოკერიც დაამატა. გარდა ამისა, ლუისმა ჰეთ თრიკები შეუსრულა "უიგანს" და "ვესტ ბრომვიჩს".
საბოლოო ჯამში სუარესმა თავის ინგლისურ კარიერაში 6 ჰეთ თრიკი შეასრულა და ამ მაჩვენებლით ის პრემიერლიგის საერთო სტატისტიკაში მეხუთე ადგილს იყოფს უეინ რუნისთან. სათქმელია, რომ ურუგვაელს ამ ჰეთ თრიკებისათვის გაცილებით ნაკლები სეზონი დასჭირდა.
ეგრევე პოკერით დაიწყო სერხიო აგუერომ. ეს მოხდა 2014 წლის 18 ოქტომბერს. არგენტინელმა ვარსკვლავმა ოთხი გოლი "მიართვა" "ტოტენჰემს". აგუეროს ინგლისურ კარიერაში ჰეთ თრიკიც არის. მოკლედ, არგენტინელს 3, 4 და ახლა უკვე 5 გოლიც გაუტანია ერთ მატჩში ინგლისურ პრემიერლიგაში.
2015 წლის 10 მაისს აგუერომ სამჯერ აიღო "ქუინზ პარკის" კარი, თუმცა დაკვირვებულ ქომაგს მის მიერ ამ გუნდის კარში გატანილი უფრო მნიშვნელოვანი გოლიც ემახსოვრება. ამ გოლმა "სიტის" ტიტული მოუტანა.
პრემიერლიგა გრძელდება. რჩეული სამხრეთამერიკელი ბიჭები კვლავ ნისლიან ალბიონზე არიან. ჩვენც დაველოდოთ მათ გმირობებს.
ფეხბურთს უხდება ჰეთ თრიკები და პოკერები.
ფეხბურთს სამხრეთამერიკელთა ჩაუქობაც უხდება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"