"ლივერპული": იურგენ კლოპი, უკვე პარასკევს?

AutoSharing Option
"ლივერპულიდან" გაშვებულმა ბრენდან როჯერსმა დუმილი დაარღვია და ამ ამბის მერე პირველი კომენტარიც გააკეთა. მან სპეციალური მიმართვა გაავრცელა, რომლიდანაც კიდევ ერთხელ ჩანს, რომ ჩრდილოირლანდიელი არ ელოდა, რომ მას ასე მალე მოხსნიდნენ და მეტ დროს აღარ მისცემდნენ.

"რასაკვირველია, ძალიან დამწუხრებული და გულდაწყვეტილი ვარ, რომ "ლივერპულის" დატოვება მიწევს. ჩემთვის პატივი და პრივილეგია გახლდათ ის, რომ ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს ვწვრთნიდი ბოლო სამი წლის განმავლობაში. ყოველდღიურად ვმუშაობდი და ყველაფერს ვაკეთებდი იმისთვის, რომ გუნდიც განვითარებულიყო და ინდივიდუალურად ფეხბურთელებსაც მოემატებინათ, რათა კლუბის საოცარ ფანებს ეამაყათ.

"ლივერპულში" ჩემი ყოფნისას რამდენიმე დაუვიწყარი პერიოდი იყო და დიდი მადლობა ყველას ამ მონაკვეთებისა და მოგონებებისთვის. ფეხბურთელები ბოლომდე იხარჯებოდნენ. ახლა გუნდი გარდამავალ პერიოდშია, მაგრამ შემადგენლობაში არიან ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელები და ამ მოთამაშეებს საკუთარი ძალის ჩვენება ძალუძთ.

იმედი მაქვს, უკვე უახლოეს კვირებში ვნახავ, თუ როგორ მოუმატებენ ისინი და გააგრძელებენ ზრდას, ხოლო გუნდი წარმატებებს მიაღწევს. ჩემ შემცვლელს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ და წარმატებას დარჩენილ სეზონში. "ლივერპულს" უდიდესი ისტორია და ტრადიციები აქვს, სწორედ ეს აქცევს ამ გუნდს ასე განსაკუთრებულად. ღირსება და ფასეულობები კი გუნდისა და ქალაქისთვის უმნიშვნელოვანესია.

დიდი მადლობა ყველას, მმართველი კომპანიიდან დაწყებული, დირექტორებით გაგრძელებული, მოხალისეებითა და აკადემიის თანამშრომლებითა თუ ახალგაზრდა ფეხბურთელებით დამთავრებული. რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ფანებს, გულშემატკივრებს, რომლებმაც ჩემი ლივერპულური პერიოდი დაუვიწყარად აქციეს. ცალკე მადლობა ჯონ ჰენრის, ტომ ვერნერსა და მაიკ გორდონს. სწორედ მათ გამომიცხადეს ნდობა და მომცეს ეს შესანიშნავი შანსი.

მართალია, ჩვენ ერთად აღარ ვმუშაობთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენი მეგობრული ურთიერთობა უცვლელი დარჩება და გაგრძელდება" - ნათქვამია როჯერსის განცხადებაში.

ფაულერი დროებით?
42 წლის სპეციალისტი უმუშევრად, ალბათ, დიდი ხნით არ დარჩება. შეგახსენებთ, რომ მას ჟოზე მოურინიოს ასისტენტად აქვს "ჩელსიში" ნამუშევარი და კარგი სკოლა გამოიარა. მწვრთნელის რანგში როჯერსის პირველი გუნდი "უოტფორდი" იყო, რასაც ცოტა ხნით "რედინგი" მოჰყვა. 2010 წელს მისტერ ბრენდანმა "სუონსი" ჩაიბარა, სადაც ძალიან კარგად იმუშავა და 2012 წელს მას "ლივერპული" მიაბარეს.

"ლივერპულში" მოსვლის მთავარ კანდიდატად კი იურგენ კლოპი რომ ითვლება, ესეც მოგეხსენებათ და უკვე სხვა კანდიდატებზეც ვისაუბრეთ, იგივე კარლო ანჩელოტიზე. თუმცა პირზე ყველას კლოპი აკერია და ბოლო კულუარული ცნობებით, "ლივერპულმა" ახალ მწვრთნელთან ოფიციალური შეთანხმება პარასკევს უნდა გააფორმოს.

გავრცელდა ერთი ნაკლებსავარაუდო, მაგრამ მაინც გამოსარჩევი ინფორმაცია - გუნდი დროებით მაინც შეიძლება რობი ფაულერს ჩააბარონო. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ "ღმერთი" "ენფილდზე" ისე უყვართ, რომ ვინ იცის...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული