"მანჩესტერ იუნაიტედის" "ტვიტერზე" მარუან ფელაინი "დატროლეს"

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" "ტვიტერზე" უნებურად მარუან ფელაინი მასხრად აიგდეს და თუ თანამედროვე ენაზე ვიტყვით, "დატროლეს".

საქმე ისაა, რომ ბელგიის ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა სუსტ ანდორასთან საგარეო მოგებით გაინაღდა. ის შეხვედრა ბელგიელებმა 4:1 მოიგეს, ხოლო განაცხადში მყოფი ფელაინი მწვრთნელს მინდორზე არც შეუშვია.

"წითელი ეშმაკების" გვერდზე კი ამ შინაარსის სტატუსი გამომზეურდა - "მანჩესტერის" კიდევ ერთი ფეხბურთელი ევრო 2016-ზე, ბელგიამ საფრანგეთის საგზური ანდორასთან გამარჯვებით გაინაღდა, რაშიც ნაკრებს მარუან ფელაინი დაეხმარა, რომელიც სათადარიგოთა სკამზე იჯდა და მინდორზე არ შემოსულა".

თუ ეს სტატუსი შავი იუმორით დაჯილდოებული
ადამიანის დაწერილი არ იყო, მაშინ გასაგებია, რაშიც გახლდათ საქმე, ავტორმა უბრალოდ, კარგად ვერ გადმოსცა სათქმელი და გულისხმობდა, რომ ფელაინი ზოგადად, დაეხმარა ბელგიის ნაკრებს საფრანგეთის ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლაში, მაგრამ კომიკური სტატუსი ნამდვილად გამოვიდა.

შესაბამისად, სახალისო კომენტარებმაც არ დააყოვნა, რომელთაგანაც ერთს გამოვარჩევთ:

"ნეიმარიც ძალიან დაეხმარა ბრაზილიის ნაკრებს 1970 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მოგებაში, რადგან მინდორზე არც ის გასულა, ჯერ დაბადებულიც არ იყო" - ამოიკითხავთ ერთ-ერთ კომენტარში.

ფელაინისთვის მძიმე დღეები დგას. ამ ხუმრობების ნიაღვრის გარდა, ცუდი 27 წლის ბელგიელისთვის ისიც მოხდა, რომ მისმა 26 წლის მეგობარმა გოგონამ, გაელე გარსია დიასმა ის "მანჩესტერ სიტის" ასევე ბელგიელ ფეხბურთელში, თანაც 19 წლის მატიას ბოსარტში გაცვალა, რომელსაც "ქალაქელების" ძირითად გუნდში ჯერ არც კი უთამაშია.

იგი "სიტის" 2012 წელს "ანდერლეხტის" აკადემიიდან შეუერთდა და გუნდის ერთ-ერთ ყველაზე ნიჭიერ ახალგაზრდა მცველად მიიჩნევა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული