ინგლისის ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი მორიგ სკანდალში გაეხვა

AutoSharing Option
რაჰიმ სტერლინგი ისევ სკანდალში ეხვევა. ცელქობის მოყვარულმა ახალგაზრდა შემტევმა, რომლის სანაცვლოდ "სიტიმ" "ლივერპულს" 49 მილიონი გირვანქა გადაუხადა და ბრიტანეთის ყველაზე ძვირად ღირებულ ფეხბურთელად აქცია, კიდევ ერთხელ მისცა პაპარაცებს სარჩო და ფანები აალაპარაკა.

ხან "სასაცილო სიგარეტისა" და ხანაც "სასაცილო გაზის" მოყვარულმა სტერლინგმა პირდაპირ "უემბლის" სიახლოვეს, ერთ-ერთ ბარში ჩილიმი გააფუილა. ამბობენ, რომ ეს იმდენად მძლავრი ჩილიმია, რომლის გაბოლებაც ერთბაშად 100 სიგარეტის მოწევას უდრისო.

თავის დროზე, სტერლინგმა ბრენდან როჯერსისგან მიიღო შენიშვნა და გაფრთხილება. ჩრდილოირლანდიელმა რაჰიმი დამოძღვრა და უთხრა, რომ სიგარეტისთვის თავი უნდა დაენებებინა,
თუმცა სტერლინგმა ეს რჩევა, როგორც ჩანს, არათუ არ გაითვალისწინა, არამედ სხვა "გასართობებიც" დაიმატა და მენიუ გაამრავალფეროვნა.. გავიდა ხანი და მერსისაიდელთა ბანაკში აღარც სტერლინგია და აღარც როჯერსი.

ინგლისის ერთ-ერთი მთავარი იმედი ახლა მანუელ პელეგრინის საფიქრალია. ჩილელს კი საზრუნავი და სანერვიულო ძალიან ბევრი აქვს, მას დავიდ სილვასა და სერხიო აგუეროს ტრავმა არ ეყოფოდა და კლუბის კაპიტანი ვენსან კომპანიც არ უჯერებს, 29 წლის მცველმა ნაკრებთან ერთად თამაში მაინც გადაწყვიტა, არადა, "სიტი" შიშობს, რომ იგი ჯერ ბოლომდე არ მოშუშებულა.

სტერლინგს თუ დავუბრუნდებით, შეგახსენებთ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ის სპეციალური დანადგარით იმძიმებს ფილტვებს და ამ ერთგვარ "ჩილიმს" ეწევა. რამდენიმე დღის წინათ, მისმა მეგობარმა გოგონამ პეიჯ ლი ჰანსელმაც გააზიარა მსგავსი სურათი. რაჰიმს გარემოცვაც "თავისი ჭკუისა" რომ ჰყავს, ესეც ფაქტია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს რო საუკეთესო და ყველაზე პერსპექტიული იქნება, იმ ქვეყნის ფეხბურთს ცუდად აქვს საქმე
levan
13:23 14-10-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული