ლუი ვან გაალი: ჯერ "მანჩესტერ სიტი", მერე ტიტული

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა მორიგი ხმამაღალი განცხადება გააკეთა - ახლა "სიტის" მოვუგოთ და უკვე ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი ვიქნებითო.

ერთი მხრივ, კარგია, რომ ჰოლანდიელს ასეთი ამბიციები აქვს და სხვაგვარად არც უნდა იყოს, "წითელი ეშმაკების" ფანები სწორედ პირველობისთვის ბრძოლას ითხოვენ და ელიან.

თუმცა, მეორე მხრივ, ვან გაალმა საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობა და ტვირთი აიღო - თუ "იუნაიტედი" შემდეგ ტურში დერბიში "ქალაქელებს" მოუგებს, გულშემატკივრები აუცილებლად ჩემპიონობას მოითხოვენ, ხოლო თუ ჰოლანდიელის ბიჭები ვერ იმარჯვებენ, გამოდის, რომ ისინი პირველობისთვის მზად არ ყოფილან.

ახლა მანჩესტერულ კლუბებს შორის "სიტის" სასარგებლოდ 2-ქულიანი სხვაობაა და არც ის დაგვავიწყდეს, რომ "არსენალს" "იუნაიტედის" მსგავსად 19 ქულა აქვს. ვან გაალმა რამდენჯერმე ისიც აღნიშნა, რომ ბედნიერი და ამაყია თავისი შეგირდებით და მათ კომპლიმენტები არაერთხელ უძღვნა. როგორც ჩანს, მან მოთამაშეების მოტივირებისთვის ეს გზა აირჩია.

ასევე, ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "არსენალთან" 0:3-ის მერე ასეთი შთამბეჭდავი გამარჯვება ორმაგად მნიშვნელოვანი გახლდათ.

კიდევ ერთი დაპირება უეინ რუნიმ გასცა. ჯერ იყო და, სეზონის დასაწყისში თქვა, სულ ცოტა, 20-25 გოლს გავიტანო, მაგრამ მძიმედ დაიწყო; ახლა კი, როგორც იქნა, "გუდისონ პარკზე" ყოფილ გუნდს, "ევერტონს" 2007 წლის მერე პირველად გაუტანა და აღნიშნა, ამიერიდან ყველაფერი გეგმის მიხედვით უნდა წავიდესო.

"ბოლო წლებში "გუდისონ პარკზე" ვერ გამქონდა და ეს მანერვიულებდა, მაგრამ საბედნიეროდ, ამჯერად გატანა მოვახერხე, თანაც კარგად ვითამაშეთ და მოვიგეთ.

მე მენტალურად ძლიერი პიროვნება ვარ და მსგავსი რთული პერიოდები კარიერაში ადრეც მქონია. უბრალოდ, მუშაობა ძველებური შემართებით უნდა გავაგრძელო და ვეცადო, რომ კლუბს მაქსიმალური სარგებელი მოვუტანო. გოლებიც იქნება" - თქვა რუნიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული