ჯეიმი ვარდი მადრიდის "რეალის" გზაზე?

AutoSharing Option
ჯეიმი ვარდი სასწაულებს ახდენს პრემიერლიგაში. ამიტომ მას უკვე ბევრი მსურველი გამოუჩნდა. "ლესტერის" თავდამსხმელი მადრიდის "რეალსაც" კი დაუკავშირეს.

იქამდე კი მის თანაგუნდელ რიად მაჰრეზზე ითქვა, "ბარსელონას" აინტერესებსო. ალჟირელიც მშვენივრად აგრძელებს ბურთაობას, მაგრამ ვარდიმ ის დაჩრდილა. კლაუდიო რანიერიმ ფანები დაამშვიდა, ჯეიმი ჩვენთან დარჩებაო.

"ჩვენ ვარდის გაყიდვა არ გვსურს და ამის გაკეთებას არ ვაპირებთ. თანაც, არც ისე ბევრ გუნდს აქვს იმდენი ფული, რომ ჯეიმის შესაძენად ეყოს" - ღიმილით აღნიშნა იტალიელმა მწვრთნელმა.

აი, "რეალს" ფული ნამდვილად არ აკლია და "სამეფო გუნდმა" თუ ვინმე ამოიჩემა...
თუმცა საკითხავია, რამდენად რეალურად არიან მადრიდელები ვარდით დაინტერესებულნი. ამასობაში, ითქვა ისიც, ჯეიმის ყველაფერი აქვს იმისთვის, რომ ინგლისის სალვატორე სკილაჩით იქცესო.

შეგახსენებთ, რომ 1990 წელს ტოტო სკილაჩიც ასე "არსაიდან" გაჩნდა და მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირი გახდა, მან "სკუადრა აძურას" კინაღამ მუნდიალი მოაგებინა.

ვარდის კი, რომელიც დაახლოებით ერთი წლის წინ, ალბათ, ვერც იოცნებებდა ინგლისის ნაკრებზე, როი ჰოჯსონი ახლა სტაბილურად იძახებს და თითქმის დანამდვილებით შეგვიძლია იმის თქმა, რომ "მელიების" 28 წლის ფორვარდი საფრანგეთში გაემგზავრება და ევრო 2016-ზე ითამაშებს.

ვარდიმდე კი "რეალმა" 15 წლის ლუკას პატანელი შეიძინა. "ინდეპენდიენტეს" გამოზრდილ არგენტინელ ტალანტს უკვე ეძახიან "ახალ ლიონელ მესის".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული