სესკი, მოუ, რომანი და "მონაკო" - ჭორ-მართალი "ჩელსიში"

AutoSharing Option
სესკ ფაბრეგასი უარყოფს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ "ჩელსის" ბანაკში ჟოზე მოურინიოს წინააღმდეგ ერთგვარ ბუნტს აქვს ადგილი. მისი თქმით, პორტუგალიელს სრული მხარდაჭერა აქვს და ლონდონური გუნდის გასახდელში კარგი, საბრძოლო ატმოსფეროა - კრიზისიდან გამოსავალს ერთად ვეძებთო.

ამ განცხადებას წინ უძღვოდა არაერთი ცნობა იმის შესახებ, რომ ფეხბურთელთა ნაწილს "განსაკუთრებულის" წასვლა სურს და მასთან საბოლოოდ გაუფუჭდა ურთიერთობა.

ერთმა ჟურნალისტმა ისიც კი დაწერა, საიმედო ინფორმატორმა მაცნობა, "ჩელსის" ძირითადის ფეხბურთელს უთქვამს, მოურინიოს გულისთვის უფრო წავაგებ, ვიდრე მოვიგებო. ბოროტმა ენებმა სესკზეც მიიტანეს ეჭვი, რომელიც ბოლო დროს რამდენჯერმე
დატოვა მწვრთნელმა თადარიგში.

"მე "ჩელსიში" ძალიან ბედნიერი ვარ და არც წასვლაზე ვფიქრობ და მწვრთნელთანაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს. მედიაში ბევრი ჭორი ვრცელდება, რომელზეც ყურადღების მიქცევა არ ღირს. გარედან ცდილობენ, რომ გუნდში დაძაბულობა შემოიტანონ და სიტუაცია არიონ, მაგრამ ჩვენ ერთად ვდგავართ, ბევრს ვმუშაობთ და ერთად ვეძებთ სიტუაციიდან გამოსავალს" - აი, ასეთი, პოლიტიკოსისთვის დამახასიათებელი განცხადება გააკეთა ფაბრეგასმა.

პოლიტიკოსები ხშირად იტყუებიან. ცოტა ძნელი დასაჯერებელია სესკის ბოლომდე გულწრფელობაც. ფაქტია, "სტემფორდ ბრიჯზე" ვითარება დაძაბულია და რაღაც საინტერესო მწიფდება.

პარალელურად, პრესა "მონაკოს" აქციების მცირე ნაწილის მფლობელის, იტალიელი ალესანდრო პროტოს განცხადებაზე დაყრდნობით, ყურადსაღებ ცნობას ავრცელებს. საქმე ის არის, რომ მონეგასკების უფროსობას თადარიგის დაჭერა და ერთგვარად ახალი პრაქტიკის დანერგვა გადაუწყვეტიათ - მწვრთნელის შეძენა, მწვრთნელში დიდი თანხის გადახდა.

დიმიტრი რიბალოვლევსა და მის მეგობრებს რომან აბრამოვიჩთან საერთო ენის გამონახვა არ გაუჭირდებოდათ, მაგრამ "მონაკოს" მფლობელს თანამემამულესთან მოსალაპარაკებლად სწორედ პროტო გაუგზავნია და შეუთვლია, რომ თუ მოურინიოს ახლავე დამითმობთ, მას მე მოველაპარაკები, თქვენ კი 50 მილიონ ევროს გადაგიხდითო.

აი, აბრამოვიჩს კი ორჯერ მეტი მოუთხოვია, 100 მილიონად ჟოზეს გამოვუშვებო. მოგვიანებით, მონეგასკებმა ეს ინფორმაცია უარყვეს, მაგრამ სიტყვასიტყვით მართალიც რომ იყოს, ცხადია, მაინც უარყოფდნენ. კვამლი კი უცეცხლოდ არ არსებობს, "მონაკოს" მოუსადმი ინტერესზე დიდი ხანია, ლაპარაკობენ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული