პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელები

AutoSharing Option
ინგლისურ პრემიერლიგაში დიდ ფულს იღებენ არა მხოლოდ ფეხბურთელები, არამედ მწვრთნელებიც. დღევანდელი ჩვენი წერილი პრემიერლიგის 11 ყველაზე მაღალანაზღაურებად მწვრთნელს ეხება...

11
ალან პარდიუ (კრისტალ პალასი)
წელიწადში პარდიუ 1,5 მილიონ გირვანქას იღებს. ის ზამთარში მივიდა "კრისტალ პალასში" "ნიუკასლიდან", სადაც კლუბის ხელმძღვანელობასთან მაინცდამაინც თბილი ურთიერთობა არ ჰქონდა. პარდიუმ მაგრად დაიწყო. "კრისტალ პალასს" ჰყავს კარგი ფეხბურთელები, მაგრამ ამ გუნდის მთავარი სიმდიდრე მაინც მწვრთნელია. პარდიუს მშვენიერი ჯამაგირი აქვს, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ის კიდევ მეტს იმსახურებს.

10
ტიმ შერვუდი (ასტონ ვილა)
ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი
ბირმინგემული კლუბის გაწვრთნის სანაცვლოდ წელიწადში 2 მილიონ გირვანქას იღებს. "ასტონ ვილამ" საშინლად დაიწყო მიმდინარე პრემიერლიგა. თუ უმოკლეს ხანში არ შეიცვალა სიტუაცია, მაშინ აუცილებლად დაიწყება ლაპარაკი კონტრაქტის შეწყვეტაზე, რადგან ასეთ ვითარებაში "ასტონ ვილა" ლიგიდან დაქვეითებას ვერ გადაურჩება.

9
მაურისიო პოჩეტინო (ტოტენჰემი)
შერვუდის მსგავსად, მისი წლიური ხელფასიც 2 მილიონს შეადგენს. პოჩეტინო ახალ გუნდს ქმნის "ტოტენჰემში" და ეს ყოველთვის რთულია. ამის მიუხედავად, მიმდინარე სეზონში "დეზებმა" უკვე ჩაატარეს რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაში.

8
სემ ელერდაისი (სანდერლენდი)
"დიდი სემი" წლიურად 2,5 მილიონ გირვანქას იღებს. ამას გარდა, ის ბონუსად მიიღებს 2 მილიონ გირვანქას იმ შემთხვევაში, თუ "სანდერლენდი" სეზონის შედეგების მიხედვით, პრემიერლიგაში ადგილს შეინარჩუნებს. სემმა დიდხანს არ მოგვანატრა თავი "ვესტ ჰემთან" განშორების შემდეგ.

7
რობერტო მარტინესი (ევერტონი)
ესპანელი დამრიგებელი ლივერპულური გუნდის გაწვრთნის სანაცვლოდ წელიწადში 3 მილიონ გირვანქას იღებს. მიმდინარე სეზონში "ევერტონი" თითქოს უკეთესია, ვიდრე წინაში და ეს კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმით აღავსებს.

6
სლავენ ბილიჩი (ვესტ ჰემი)
მისი წლიური ხელფასი 3 მილიონ ევროს შეადგენს. "ჩაქუჩები" მწვრთნელისთვის ფულს არ იშურებენ. გუნდი სულ მალე გადავა სათამაშოდ ახალ ოლიმპიურ სტადიონზე. ამას გარდა, "ვესტ ჰემი" მალე გააფორმებს ახალ, შემოსავლიან სატელევიზიო კონტრაქტს. "აპტონ პარკის" ბინადრებმა მიმდინარე სეზონში რამდენიმე ხმაურიანი სენსაცია შემოგვთავაზეს. განსაკუთრებით კარგად თამაშობს ბილიჩის გუნდი გრანდების წინააღმდეგ.

5
მანუელ პელეგრინი (მანჩესტერ სიტი)
ჩილელი სპეციალისტის წლიური ანაზღაურება 4 მილიონი გირვანქაა. სამხრეთამერიკელმა კლუბთან ახალი კონტრაქტი ზაფხულში გააფორმა. ბევრი, ალბათ, ფიქრობდა, რომ არაბი მილიარდერები მწვრთნელისთვის უფრო დიდ თანხას გაიმეტებდნენ, მაგრამ რეალობა სწორედ ასეთია. "სიტიმ" დიდებულად დაიწყო სეზონი, მაგრამ მერე გუნდს ჩავარდნის პერიოდი დაუდგა და ვერც ჩემპიონთა ლიგაში ყოჩაღობს.

4
იურგენ კლოპი (ლივერპული)
ლივერპულელთა მთავარი იმედი წელიწადში 7 მილიონ გირვანქას აიღებს. კლოპი "ლივერპულისთვის" მხოლოდ მწვრთნელი არ არის. მან მსოფლიო ფეხბურთს ძველი, დიდი "ლივერპული" უნდა დაუბრუნოს და, რაც მთავარია, ეს მოკლე ხანში უნდა შეძლოს, რადგან "ენფილდზე" მოთმინების ფიალა ივსება.

3
ლუის ვან გაალი (მანჩესტერ იუნაიტედი)
ჰოლანდიელი სპეციალისტი ინგლისური გრანდის გაწვრთნის სანაცვლოდ წელიწადში 7,3 მილიონ ფუნტს იღებს. ჯერჯერობით ის ვერ ახერხებს გუნდის იმ დონეზე გაყვანას, როგორზეც "იუნაიტედი" სერ ალექს ფერგიუსონს ჰყავდა და როგორსაც ეს კლუბი შეეჩვია. არადა, "წითელ ეშმაკებს" შესანიშნავი შემადგენლობა ჰყავთ.

2
არსენ ვენგერი (არსენალი)
ვენგერის წლიური სარგო 8,3 მილიონი ფუნტია. "არსენალი" წლეულს პრემიერლიგურ ტიტულზე ნადირობს და ვნახოთ, ამ საქმიდან რა გამოვა. ეგაა, ჩემპიონთა ლიგაზე "არსენალი" კარგად ვერ გამოიყურება და ჯგუფში ჩარჩენის საფრთხეც რეალურად უდგას.

1
ჟოზე მოურინიო (ჩელსი)
პრემიერლიგის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მწვრთნელი წელიწადში 8,5 მილიონს იღებს. "ჩელსი" ძალიან ცუდია მიმდინარე სეზონში. თუ ასე გაგრძელდა, გუნდი სულ მალე ოფიციალურად გამოეთხოვება წინა სეზონში მოპოვებული ინგლისური ოქროს შენარჩუნების იმედს. აგერ, ლიგის თასს უკვე გამოეთხოვა. მოურინიო მომავლის იმედს მაინც არ კარგავს, თუმცა იმასაც ამბობენ, რომ რუსი მილიარდერი უკვე ეძებს პორტუგალიელის შემცვლელს.

ყოველკვირეული ჟურნალი "ლელო week"
მკითხველის კომენტარები / 1 /
შერვუდი კაი ხნის გაგდებულია ასტონ-ვილადა, რემი გარდი დანიშნეს უკვე
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული