ერიკ დებიუტანტი
მთავარი სიახლე ის გახლავთ, რომ ნაკრებში პირველად გამოიძახეს ერიკ დაიერი. ლონდონში დაბადებული 21 წლის ფეხბურთელი "ტოტენჰემმა" 2014 წლის ზაფხულში 5 მილიონ ევროდ იყიდა ლისაბონის "სპორტინგისგან" და მას მერე დაიერს აშკარა პროგრესი აქვს. თანაც, ის უნივერსალია, იდეაში მცველია და თამაში როგორც ცენტრში, ასევე ფლანგზე შეუძლია, "ერიკი ძალიან კარგად გამოიყურება და იგი კლუბის ერთ-ერთ საკვანძო ფიგურად იქცა. ამჟამად დიდი არჩევანი არ გვაქვს, თან უფრო შემტევი ფეხბურთელებით ვართ განებივრებულნი, ვიდრე კარგი უკანახაზელებით. იგი ამ შანსს ნამდვილად იმსახურებს და ვნახოთ, რა შეუძლია, რას იზამს ნაკრებში. იგივე ეხება დელე ალისაც, რომელმაც ასევე ძალიან მოუმატა" - განაცხადა როი ჰოჯსონმა.
ნაკრების სტატისტიკა
სანამ შემადგენლობას დეტალურად გავშიფრავთ, ცოტა სტატისტიკაზეც ვთქვათ. ინგლისის ნაკრებს უკვე 15 მატჩია არ წაუგია - 12 მოგება, 3 ფრე. აქედან 10 შეხვედრაში გუნდს გოლი არ გაუშვია. ბურთების სხვაობა - 36:5. ახლა როი ჰოჯსონის ბიჭებს ზედიზედ ოთხი მატჩი ისე აქვთ მოგებული, რომ თან კარის მშრალად შენახვა შეძლეს. მოგეხსენებათ, მსოფლიო ჩემპიონატის მერე მათ ყველა ოფიციალური მატჩი მოიგეს და პირველად მოხდა ისე, რომ ინგლისმა შესარჩევი ეტაპი უდანაკარგოდ დაასრულა, 10-დან 10 მოგებით.ხსენებული 36 გოლიდან 10 უეინ რუნიმ გაიტანა. მის გარდა, თავი გამოიჩინეს: დენი უელბეკმა (6), ჰარი კეინმა (3), თეო უოლკოტმა (3), როს ბარკლიმ (2), რაჰიმ სტერლინგმა (2), ანდროს თაუნსენდმა (2), ჯეკ უილშირმა (2), ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენმა (2), ფილ ჯაგიელკამ (1) და 3 ბურთიც ინგლისელთა მეტოქეებმა საკუთარ კარში ჩაჭრეს.
36 ბურთს 3 ავტოგოლს თუ გამოვაკლებთ, თქვენ წარმოიდგინეთ და 33 დაგვრჩება. შედეგად ვიღებთ სურათს, რომ დაახლოებით მესამედი ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირზე, რუნიზე მოდის. ამ გოლების თითქმის 50%-ის შემოქმედები ნაკრებში ამჟამად არ იქნებიან.
ტრავმები
უელბეკი, უოლკოტი, უილშირი, ოქსლეიდ-ჩემბერლენი და ჯაგიელკა ტრავმების გამო არ არიან. ზოგადად, ჰოჯსონს 13 ისეთი მოთამაშე აკლია, რომლებსაც ისურვებდა, მაგრამ ისინი დაშავებულნი არიან. რაც შეეხება თაუნსენდს, იგი ოპტიმალურ ფორმაში არ გახლავთ და კლუბში მცირე სათამაშო დრო აქვს, მაგრამ ჰოჯსონს ამის მიუხედავადაც შეიძლებოდა გამოეძახა, როგორც გააკეთა კიდეც წინა სანაკრებო შეკრების დროს, მაგრამ ახლა ანდროსი დასჯილიც არის პოჩეტინოს ასისტენტთან წაჩხუბებისა და სათადარიგოთა სკამზე ყოფნით გამოწვეული უკმაყოფილების აგრესიულად გამოხატვის გამო. შესაბამისად, ინგლისის ნაკრების მთავარი მწვრთნელიც მოერიდა მის მიწვევას.
ჰოჯსონმა აღნიშნა, რომ ტრავმისგან ახლად მომჯობინებულ ადამ ლალანას სექტემბერში დასვენების საშუალებას მისცემდა, ხოლო ოქტომბერში აუცილებლად გამოიძახებდა.
იგი ასეც მოიქცა, "ლივერპულის" ნახევარმცველი ნაკრებს დაუბრუნდა, ისევე, როგორც ფაბიან დელფი, მიუხედავად იმისა, რომ "ასტონ ვილადან" "სიტიში" გადასვლის მერე ტრავმებმა და "ქალაქელთა" რიგებში არსებულმა კონკურენციამ მასაც შეუშალა ხელი და საუკეთესო სათამაშო ფორმისგან ჯერ შორსაა. ძალიან მოუკლო ჯონჯო შელვის "სუონსიმ", რასაც თავად ჯონჯოსთვის ხელი არ შეუშლია, რომ მოწვევა ისევ მიეღო.
რა თქმა უნდა, შემადგენლობაში კვლავინდებურად მოხვდა 19 წლის დელე ალი. "ტოტენმჰემი" ნაკრებში 4 ფეხბურთელითაა წარმოდგენილი, ისევე, როგორ "მანჩესტერი" და "სიტი", "ლივერპულს" 3 ემისარი ჰყავს, ხოლო "ევერტონს" - 2. "არსენალს" მხოლოდ კირან გიბსი წარმოადგენს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ, ლონდონურ დერბიში გოლი გაიტანა. რომ არ ტრავმები, "მეთოფეებს" უფრო დიდი რაზმი ეყოლებოდათ.
დენი როუზმა ბოლო მატჩები კარგად კი ჩაატარა, მაგრამ მისი ადგილი ისევ არ მოიძებნა. ტომ ჰიტონი კი ისევ ერთადერთია, ვინც ქვედა ლიგას წარმოადგენს. თუმცა "ბარნლის" გოლკიპერს ნაკლები შანსი აქვს, რადგან თუ ჰოჯსონი კარში ჯო ჰარტს არ დააყენებს, შანსს უფრო ჯეკ ბატლენდს მისცემს, სტოკის მეკარე შესანიშნავად გამოიყურება.
ჯეიმი ვარდი
ცალკე აღნიშვნას იმსახურებს ჯეიმი ვარდი, რომელიც 12 ტურის მერე 12 გოლით პრემიერლიგის საუკეთესო ბომბარდირია და ზედიზედ 9 ტურია, გოლი გააქვს. "ლესტერის" ფორვარდი, შესაძლოა, ძირითადშიც მოხვდეს, მაგრამ აუცილებელი არ არის საყვარელ ცენტრფორვარდის პოზიციაზე..."ფეხბურთელი, რომელსაც ბევრი გოლი გააქვს, ყოველთვის სიამოვნებას განიჭებს და აღფრთოვანებას იწვევს. თუმცა არ ვთვლი, რომ ყველა მოთამაშემ ნაკრებშიც ზუსტად იმ პოზიციაზე უნდა ითამაშოს, რომელზეც კლუბშია. მესმის, რომ ყველა ფეხბურთელს აქვს ფავორიტი პოზიცია, მაგრამ მე ნაკრების ინტერესებიდან და საჭიროებიდან გამოვდივარ.
ჯეიმის "ლესტერისთვის" ბევრი გოლი გააქვს და შესაძლოა, ეს ინგლისის ნაკრებისთვისაც გააკეთოს, მაგრამ ჩემი აზრით, მას სხვა ამპლუითაც შეუძლია სარგებლის მოტანა და დახმარება, აუცილებელი არ არის ცენტრფორვარდად იდგეს. ვფიქრობ, ეს ვარდის თავადაც ესმის და ძალიან ბედნიერია, რომ ნაკრებშია. იგი შეეცდება, იაქტიუროს და თავი საუკეთესოდ წარმოაჩინოს" - აღნიშნა ჰოჯსონმა.
არ არის გამორიცხული, ჰოჯსონმა რამდენიმე სიახლე და მინი-სიურპრიზი შემოგვთავაზოს, როგორც სასტარტო თერთმეტეულის, ასევე ტაქტიკის კუთხით. თუმცა განაცხადი, დანაკარგის გათვალისწინებითაც კი, იმდენად სოლიდურად გამოიყურება, რომ დიდი ექსპერიმენტები, უბრალოდ, არ გამოვა, ნებისმიერი ძირითადი შემადგენლობა ძლიერი იქნება.
ექსპერტთა დიდ ნაწილს მიაჩნია, რომ სიახლეების და ცდების ჩატარების დრო არ არის და ჰოჯსონი ექსპერიმენტებს უნდა მოერიდოს. ევრო 2016-მდე ინგლისს სულ რამდენიმე ამხანაგური მატჩი რჩება და საფრანგეთში გამგზავრებისას ნაკრები სერიოზულად მომზადებული უნდა იყოს.
თავად მისტერ როიმ კი არაერთხელ აღნიშნა, შესაძლოა, პატარა ცვლილებები იყოს და თუ რამეს გამოვცდით, სწორედ ნოემბერში, თორემ 2016 წლის ამხანაგურ მატჩებში ამის დრო და საშუალება აღარ გვექნება, გასული მუნდიალის წინ მინი-ექსპერიმენტები რომ ვატარეთ, ეს ცუდად დაგვიმთავრდა და ამიტომ ახალ წელს იმ ბირთვით და სისტემით უნდა ვიმუშაოთ, რომლითაც ევროპის ჩემპიონატზე გავაგორებთ ბურთსო.
ინგლისის ნაკრების წინამძღოლმა ისიც აღნიშნა, რომ ძალიან წუხს დაშავებული ფეხბურთელების გამო და მათ მალე გამოჯანმრთელებას უსურვებს, რათა ზრდა და კარიერაში წარმატებების მიღწევა გააგრძელონ.
კაპიტან რუნის კი მორიგი კომპლიმენტები უძღვნა - ძალიან გამიხარდა გარკვეული პაუზისა და ცოტა რთული პერიოდის მერე, "მანჩესტერის" მაისურით ისევ რომ გაიტანა და მათ შორის, ჩემპიონთა ლიგაზე ცსკა-სთან მნიშვნელოვან შეხვედრაში მოაგებინა გუნდს, თანაც იგი ახლახან 30 წლის გახდა და "წითელი ეშმაკების" ყველა დროის ბომბარდირთა დავაში მეორე ადგილზე მყოფ დენის ლოუსაც გაუთანაბრდა, რაც კიდევ ერთი დიდი წარმატებაა და უეინს ბევრი რამ წინ აქვსო.
ინგლისის ნაკრების 15-მატჩიანი წაუგებელი სერია:
მატჩი ანგ ტურნ. თარიღი
კოსტა რიკა-ინგლისი 0:0 მს. ჩემპ. 24.06.14
ინგლისი-ნორვეგია 1:0 ამხ. 03.09.14
შვეიცარია-ინგლისი 0:2 ევრო 2016 08.09.14
ინგლისი-სან მარინო 5:0 ევრო 2016 09.10.14
ესტონეთი-ინგლისი 0:1 ევრო 2016 12.10.14
ინგლისი-სლოვენია 3:1 ევრო 2016 15.11.14
შოტლანდია-ინგლისი 1:3 ამხ. 19.11.14
ინგლისი-ლიტვა 4:0 ევრო 2016 27.03.15
იტალია-ინგლისი 1:1 ამხ. 31.03.15
ირლანდია-ინგლისი 0:0 ამხ. 07.06.15
სლოვენია-ინგლისი 2:3 ევრო 14.06.15
სანმარინო-ინგლისი 0:6 ევრო 2016 05.09.15
ინგლისი-შვეიცარია 2:0 ევრო 2016 08.09.15
ინგლისი-ესტოენთი 2:0 ევრო 2016 09.10.15
ლიტვა-ინგლისი 0:3 ევრო 2016 12.10.15
ინგლისის ნაკრების სია
მეკარეები: ჯეკ ბატლენდი (სტოკი), ჯო ჰარტი (სიტი), ტომ ჰიტონი (ბარნლი)მცველები: რაიან ბერტრანი (საუთჰემპტონი), გარი კეჰილი (ჩელსი), ნათანიელ კლაინი (ლივერპული), კირან გიბსი (არსენალი), ფილ ჯონსი (მანჩესტერი), კრის სმოლინგი (მანჩესტერი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), კაილ უოკერი (ტოტენჰემი)
ნახევარმცველები: დელე ალი (ტოტენჰემი), ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), როს ბარკლი (ევერტონი), მაიკლ კერიკი (მანჩესტერი), ფაბიან დელფი (სიტი), ადამ ლალანა (ლივერპული), ჯეიმს მილნერი (ლივერპული), ჯონჯო შელვი (სუონსი), რაჰიმ სტერლინგი (სიტი)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ტოტენჰემი), უეინ რუნი (მანჩესტერი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"