პოჩეტინოს წარმატების ფილოსოფია: შეარჩიე ფეხბურთელი, როგორც ცოლი!

AutoSharing Option
მაურისიო პოჩეტინო პრემიერლიგის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია და ვგონებთ, საუკეთესოც ხდება. სანამ მთავარზე ვიტყოდეთ, ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ის მწვრთნელი მართლაც რომ დაფასების ღირსია, ვინც კაილ უოლკერი უსარგებლო ფეხბურთელიდან პრემიერლიგის ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშედ აქცია.

"ის დიდებული მწვრთნელია და, როცა მასთან გაქვს ურთიერთობა, ყოველი დღე რაღაც ახალია შენთვის, შენ რაღაცას სწავლობ. ვფიქრობ, პოჩეტინოს ხელხი "ტოტენჰემს" ძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩვენ, ყველანი ერთად ვგრძნობთ პროგრესს და ეს გუნდსაც ცხადად ეტყობა." - ამბობს კაილ უოლკერი.

ისევ უოლკერის თემა. მის თამაშში დიდი უკეთესობაა და მენტალურადაც
სხვანაირია. დიდი ხნის განმავლობაში მისი კუმირი დანი ალვეში იყო. ახლა მისი კუმირი ფილიპ ლამია. საიმედოობა და ორგანიზებულობა - ესაა "ტოტენჰემის" დამღა მიმდინარე სეზონში.

ზაფხულში "ტოტენჰემის" მთავარმა ბომბარდირმა, ჰარი კეინმა ძალიან საინტერესო ისტორია მოყვა. მისი თქმით, მაურისიო პოჩეტინო მასთან ინდივიდუალურად მუშაობდა. "მან უამრავი ახალი მოძრაობა მასწავლა და ეს მოძრაობები თამაშისას დიდ სამსახურს მიწევს." - ამბობს ჰარი.

კეინი ბოლო მატჩებში ისევ ძალიან კარგია. რაც მთავარია, მან გაიხსენა გოლის გემო და, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იგი ახლა გაცილებით მრავალფეროვანი ფორვარდია, ვიდრე თუნდაც რამდენიმე თვით ადრე. და ვინ იტყვის, რომ ამაში პოჩეტინოს წვლილი არ მიუძღვის?!

ცალკეულ ფეხბურთელებზე მოვრჩეთ და საერთო - გუნდურ გარჯაზე გადავიდეთ. ამ მხრივ "ტოტენჰემი" საუკეთესო თუ არა, ერთ-ერთი საუკეთესო ნამდვილად არის პრემიერლიგაში. კარიერაში გამორჩეულ სეზონს ატარებენ დელე ალი, ერიკ დაიერი, მუსა დემბელე... როგორც იქნა, ნაღდი ფეხბურთის თამაში დაიწყო ერიკ ლამელამ.
რამ განაპირობა ეს?

მთავარი, ალბათ, ის უნდა იყოს, რომ ფეხბურთელებმა მწვრთნელის ნდობა იგრძნეს. ადრე "ტოტენჰემი" უამრავ ტრანსფერს აკეთებდა და მერე ფეხბურთელებს არ იყენებდა. ახლა სხვანაირადაა. პოჩეტინიო ამ მეტად მნიშვნელოვან მომენტს ასე ხსნის:

"მე, როგორც მწვრთნელი, ძალიან ფრთხილად ვუყურებ ტრანსფერებს. მსოფლიოში არის არაერთი ფეხბურთელი, რომელიც შეიძლება გუნდში აიყვანო. ეს ასეა, მაგრამ ფეხბურთელი არის ცოლივით - მხოლოდ ერთი გამოგადგება.

როცა გუნდში მოვედი, მაშინვე ვუთხარი ხელმძღვანელობას, რომ ფეხბურთელებთან დაკავშირებით მეტი ყურადღება უნდა გამოგვეჩინა. რა თქმა უნდა, მეტი ყურადღება უნდა მიგვექცია "ტოტენჰემის" აკადემიისათვის და გუნდში თამამად უნდა დაგვეწინაურებინა მისი აღზრდილები. როგორც ხედავთ, ამას ვახერხებთ.

დახარჯო დიდი ფული - არ ნიშნავს, მაინცდამაინც კარგი გუნდი გყავდეს. ჩვენი დევიზია დისციპლინა, ერთიანობა და შემოქმედება. ჩვენ ძალიან ახალგაზრდული გუნდი გვყავს და ვაგრძელებთ თავდაუზოგავ სწრაფვას სრულყოფისაკენ" - ამბობს პოჩეტინო.

პოჩეტინო უფრთხილდება კლუბის ბიუჯეტს. ამის ნათელი დასტურია ზაფხულში საიდო ბერაჰინოსთან დაკავშირებული ისტორია.

"ვესტ ბრომვიჩი" მზად იყო, გაეშვა "ტოტენჰემში" ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ფორვარდი. ესაა, საიდოს კლუბთთან კონტრაქტი ბორკავდა და "ვესტ ბრომი" იმაზე მეტ თანხას ითხოვდა, ვიდრე რეალობაში იყო საჭირო.

"ეს ტრანსფერი არ შედგება, რადგან ჩვენით გამდიდრება მოუნდათ." - თქვა მაშინ პოჩეტინომ და არგენტინელმა სიტყვა შეასრულა. არ არის ბერაჰინო, მაგრამ "დეზებს" მაინც საკმაოდ გააქვთ. თანაც, თუნდაც შეტევაში ჩნდებიან ძალიან საინტერესო ფეხბურთელები საკლუბო აკადემიიდან.

დელე ალის ამბავი ხომ სულ მთლად ზღაპარს ჰგავს. "ტოტენჰემის" ძირითადში გამოჩენიდან სულ რაღაც 3 თვეში ალი ინგლისის ნაკრებში თამაშობს! შესაძლოა, ამის თავად ფეხბურთელს არ სჯერა. ფაქტია, რომ ასეა.

"მე ვენდე ალის და მან გაამართლა. ეს კიდევ არ არის ის, რაც ამ ფეხბურთელს შეუძლია. ჩემი აზრით, მალე დელე ალი ინგლისის ნაკრების საკვანძო ფეხბურთელი იქნება." - ამბობს პოჩეტინო.

ახლა თავად ალის მოვუსმინოთ. "სასიამოვნოა ამ ბიჭებთან მუშაობა. მწვრთნელი კი დიდებულია. მე მისგან ძალიან ბევრს ვსწავლობ. თუნდაც იმას, რომ უცაბედმა წარმატებამ თავბრუ არ დამახვიოს. ჩემი პროგრესი არ იქნებოდა, პოჩეტინო რომ არ ყოფილიყო." - მიიჩნევს ალი.

ახალგაზრდა სპეციალისტმა "ტოტენჰემში" ბევრი რამ დაალაგა. მათ შორის, დაცვის თამაში. ახლა "დეზები" ძალიან ცოტა გოლს უშვებენ, ცოტა ხნის წინ კი ყველაფერი სხვანაირად იყო. საინტერესოა, რომ დაცვის თამაში მკვეთრად ძვირადღირებული ტრანსფერების გარეშე გაუმჯობესდა.

"ტოტენჰემი" რომ პროგრესის გზაზე დგას, ეს სულ ცოტა ხნის წინათ გამართულმა ლონდონურმა დერბიმაც დაადასტურა. იქ "დეზებმა" ულაპარაკოდ აჯობეს თანაქალაქელ "არსენალს" და მატჩის მიწურულს დასანანი გოლი რომ არ გაეშვათ, მოიგებდნენ კიდეც.

საერთოდ, ამ "ტოტენჰემის" მთავარი პლუსი ისაა, რომ გუნდს არ აქვს გამოკვეთილი სუსტი წერტილები და ძალიან ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს.

"ჩვენ ვაშენებთ გუნდს, რომელმაც წარმატებით უნდა ითამაშოს როგორც ჩემპიონთა ლიგაში, ასევე პრემიერლიგაში. ეს არ არის იოლი, თუმცა შესაძლებელია და ჩვენი მისწრაფება სწორედ ესაა." - ამბობს პოჩეტინო.

ახალგაზრდა მწვრთნელის აზრით, "ტოტენჰემს" წლეულსვე შეუძლია ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება. თუ ასე გაგრძელდა, რატომაც არა?!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშს თუ უყურე არ იტყოდი პირწმინდად აჯობა არსენალსო
0

სიახლეები პოპულარული