იმ ზაფხულს ჯეიმი ვარდი მილიონი გირვანქის სანაცვლოდ გადავიდა "ფლიტვუდიდან" "ლესტერ სიტიში" და ამით ძალიან ბედნიერი გახლდათ. იგი არათუ მაშინ, არამედ დაახლოებით ნახევარი წლის წინაც ვერ წარმოიდგენდა, რომ ახლა მასზე ამდენს ილაპარაკებდნენ.
რომ ერთხელ ნაკრების თამაშისთვის შეიძლებოდა შორიდან კი არ ეყურებინა, არამედ თავად გაეგორებინა ბურთი მინდორზე. ეს მხოლოდ ვარდის ოცნება გახლდათ.
შეუძლებელი არაფერია,
მთავარია, ვარდიმ იქამდე მსგავსად თამაში გააგრძელოს. ამჟამად "მელიების" თავდამსხმელი შეუდარებელია და 12 მატჩში 12 გოლით პრემიერლიგის ბომბარდირთა დავაშიც დამაჯერებლად ლიდერობს.
"საბერძნეთში, ზანტიში გატარებული პერიოდი ძალიან კარგად მახსოვს. სასტუმროში, სადაც გავჩერდი, ჩემი მეგობარი მუშაობდა და იქ, ფაქტობრივად, მხოლოდ ჩვენ ვიყავით. კარგი, სასიამოვნო ადგილი გახლდათ. დასვენება და განტვირთვა მჭირდებოდა, მაგრამ ყოველ დილით 7 საათზე ვდგებოდი და გაუსაძლის სიცხეში დავრბოდი, ვვარჯიშობდი" - იხსენებს 28 წლის ფეხბურთელი.
ვარდის ცხოვრება რამდენიმეთვიან მონაკვეთში რადიკალურად შეიცვალა და თავდაყირა დადგა. მან ევრო 2016-ის ხათრით, ცხოვრების ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენას, ქორწილსაც კი შეუცვალა თარიღი... საქმე ისაა, რომ ვარდი 2016 წლის ივნისში უნდა დაოჯახებულიყო, თავის საცოლესთან, ბეკისთან ასე იყო შეთანხმებული, მაგრამ ევრო 2016-ის გამო ქორწილი გადაიდო. ვარდი ბეკის გაესაუბრა, რომელიც სიტუაციას გაგებით მოეკიდა...
"ევროპის ჩემპიონატის სტარტზე მიწევდა ქორწილი. ვფიქრობდი, ეს მისაღები პერიოდი იყო. თუმცა, როდესაც ნაკრებში გამომიძახეს, თარიღის გადაწევა გახდა აუცილებელი, რათა მშვიდად ვყოფილიყავით. ქორწილი უქმეებზე იყო დაგეგმილი, ახლა კი შუა კვირაშია, რაც სტუმრებისთვის იდეალური ვარიანტი არ გახლავთ, მაგრამ მსგავსი დეტალები ასეთ დროს ყოველთვის იჩენს თავს. ახალი თარიღი 25 მაისია, სეზონის დასრულების შემდგომი კვირა" - განმარტა ჯეიმიმ.
ვარდი პრემიერლიგაში ოქტომრის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. იგი ამჟამად ევროპის წამყვან ჩემპიონატებში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკისა და პიერ-ემერიკ ობამეიანგს ჩამორჩება, რომლებსაც 14-14 გოლი აქვთ გატანილი.
ბევრის აზრით, ჩემპიონატისა და იმ კლუბის გათვალისწინებით, სადაც ვარდი ირიცხება, ეს 12 ბურთი უფრო ძვირადაც კი ფასობს. თანაც ლევანდოვსკის "ბაიერნს" 37 გოლი აქვს გატანილი, ობამეიანგის "დორტმუნდს" - 35, ხოლო ვარდის "ლესტერს" - 25.
პრემიერლიგის ისტორიაში მიჯრით 9 ტურში ერთი სეზონის განმავლობაში გოლი ჯერ არავის გაუტანია. რუდ ვან ნისტელროიმ ორი სეზონის გადაბმით მოახერხა 10 ტურის მიყოლება, ხოლო პრემიერლიგამდელ პერიოდს თუ ავიღებთ, საუკეთესო შედეგი სტენ მორტენსენს ეკუთვნის, რომელმაც 11 ტური გადააბა.
არადა, ადრე...
28 წლის ასაკში მისი დროც დადგა და ჯეიმი ახლა ძალიან პოპულარული გახლავთ, მაგრამ ადრე ასე სულაც არ იყო - 2010/11 წლების სეზონი "ჰალიფაქსში" გაატარა, ხოლო იქამდე, სულ რაღაც 5 წლის წინათ "სტოკსბრიჯ პარკ სტილსში" ირიცხებოდა და რანგით მე-8 დივიზიონში თამაშობდა... ბავშვობაში იგი "შეფილდ უენსდიმ" დაიწუნა, ზედმეტად პატარა და სუსტი ხარო. მშობლიური ქალაქის კლუბისგან დაწუნებულმა საუკეთესო თვისებები - ბრძოლისუნარიანობა, სპორტული აგრესია, სისწრაფე და ეპიზოდის დასრულების უნარი "ფლიტვუდში" გამოავლინა, საიდანაც წაიყვანეს კიდეც "მელიებმა". იქ მან 36 შეხვედრაში 31 გოლი შეაგდო. ბევრი მიიჩნევდა, რომ ეს ერთჯერადი გამოხდომა გახლდათ და ვარდის სერიოზულად მაინც არ უყურებდნენ. თავიდან ვარდის ლესტერშირელთა რიგებში თავი არც გაუგიჟებია, მაგრამ მერე და მერე დაიქოქა და ახლა ვერავინ აჩერებს.
"ეს ყველაფერი დიდი შრომის შედეგია. გავაგრძელებ მუშაობას და იმედია, კიდევ უფრო უკეთესი გავხდები" - გვეუბნება ვარდი.
მის შრომისმოყვარეობაზე, საქმისადმი მიდგომასა და ჟინზე მეტყველებს ცოტა ხნის წინანდელი ფაქტიც, როდესაც მისი პატარა ქალიშვილი სოფია გაცივდა, ხოლო ვარდიმ მთელი ღამე გაათენა და მეორე დღეს ნანერვიულები და უძინარი სრული დატვირთვით ვარჯიშობდა. კლაუდიო რანიერიმ დასვენების დღე გამოუწერა და უთხრა, წადი სახლში, დღე ოჯახთან ერთად გაატარე და მოდუნდიო.
თუმცა ვარდიმ იტალიელი მწვრთნელის რჩევა არ გაითვალისწინა და ვარჯიში არ გააცდინა.
ასეთი ხასიათი რომ არა, ჯეიმი ახლა, ალბათ, შეფილდის რომელიმე ქარხნის რიგითი თანამშრომელი იქნებოდა. ამაში ცუდი და დასაძრახი არაფერია, მაგრამ თავის ოცნებას ვერ აიხდენდა და დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებდა.
"ქარხანაში გატარებული პერიოდიც მშვენივრად მახსოვს. სხვადასხვა სიმძიმის გადაზიდვა გვიწევდა, ზოგიერთი ტვირთი ჩემზე მაღალი იყო და შესაბამისად, ძალიან მძიმეც. ჩემი ორგანიზმი ასეთ დატვირთვებს ვეღარ უძლებდა და მოვიდა დღე, როდესაც ვთქვი, რომ ამას ვეღარ შევძლებდი.
მაშინ "ჰალიფაქსში" ვიყავი და ვთქვი, რომ სამსახურს თავს ვანებებდი და ერთი წელი სრულად ფეხბურთზე ვიქნებოდი კონცენტრირებული. მართლაც წამოვედი, ოთხ დღეში კი "ფლიტვუდში" აღმოვჩნდი. ძალიან გახარებული ვიყავი და მიმაჩნდა, რომ გამიმართლა.
მინდოდა ხელფასი დამერიგებინა და ის თანხა დამეტოვებინა, რომელსაც "ჰალიფაქსში" ვიღებდი და ხვდებით, რომ ეს ბევრი არ იქნებოდა" - გაიხსენა ვარდიმ.
ჯეიმიმ ღიმილით აღნიშნა ისიც, რომ ქარხნის მენეჯერს კარგად ვერ უგებდა და მასთან გარკვეული კონფლიქტი ჰქონდა. ამის მიზეზი დაბალ ანაზღაურებასთან ერთად, არანორმალურად დატვირთული სამუშაო გრაფიკი გახლდათ და პლუს, ხსენებული ადამიანი მას ფეხბურთის თამაშს უშლიდა - კვირაში ორჯერ 90 წუთს თუ ითამაშებ, აქ რაღა უნდა იმუშაო, ენერგია აღარ დაგრჩებაო.
"ყოველდღიურად ბედნიერი ვიღვიძებ, საოცნებო სამყაროში. თავიდან მართლაც სიზმარი მეგონა. ეს ალბათ იმიტომ ხდება, რომ ასეთი რთული გზა მაქვს გავლილი. ალბათ, ამიტომ ვაფასებ ამ ყველაფერს განსაკუთრებულად. არიან მოთამაშეები, რომლებიც ამბობენ ხოლმე, რომ მათთვის ეს მხოლოდ სამსახურია. ჩემთვის ასე არ არის, პირიქით, ფეხბურთს ყოველდღიურად სიამოვნებით ვითამაშებ.
დიდი დატვირთვით მუშაობა სასიამოვნო არ გახლდათ, მაგრამ ეს კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის, რომლებმაც უნდა დაინახონ, თუ რისი მიღწევა შეიძლება მონდომების შემთხვევაში. სიმართლე ითქვას, კონფერენსლიგაში ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ უფრო მაღალი დონის გუნდები მათ აყვანას არ რისკავენ ხოლმე. ჩემთვის საბედნიეროდ, "ლესტერმა" გარისკა" - ამბობს ვარდი.
ახლა ვარდის "დორტმუნდს", მადრიდის "რეალს" და კიდევ არაერთ გამორჩეულ გუნდს უკავშირებენ. იგი კი საკუთარი დიდების პერიოდით ტკბება და ნაკრებში დამკვიდრებაც არ გასჭირვებია, მიუხედავად იმისა, რომ "ლესტერის" წარმომადგენლის რანგში "უცხოსავით" იყო. ისიც გაიხსენა, სიმულატორის მეშვეობით გოლფს ვთამაშობდით, ძალიან გავერთეთ და საბოლოოდ, ჯო ჰარტმა მოიგო, საერთოდ, ჯო მაგარი ვინმეაო.
"ბევრ რამეში ძალიან სულსწრაფი ვარ, მოთმინების უნარი არ მაქვს. გოლფის სიმულატორით იმიტომ გავერთე, რომ ბურთს, უბრალოდ, უნდა დაარტყა, რაც შეიძლება ძლიერად და ნახო, როგორ და სად წავა ის. არ წუხდები, მერე მის საძებნელად წასვლა არ გიწევს! ყველაფერი მარტივად ჩანს.
გვითხრეს, რომ ამ სიმულატორს პროფესიონალი მეგოლფეები იყენებენ, რადგან რეალისტურია. თანაც ირჩევ სხვადასხვა ადგილს და ასე შემოვიარე მთელი მსოფლიო. რეალურად კი, ალბათ, ბურთს პირდაპირვე წყალში ჩავაგდებდი და თამაშსაც აღარ მოვისურვებდი, გოლფი საჩემო სპორტი არ არის" - თქვა ვარდიმ.
სამაგიეროდ, მისთვის, "ლესტერისა" და ინგლისის ნაკრებისთვის საბედნიეროდ, ჯეიმის სპორტი ფეხბურთია... აი, ასე გაიარა მან გრძელი და ეკლიანი გზა ქარხნის მუშობიდან და მე-8 დივიზიონიდან პრემიერლიგის ბომბარდირ-რეკორდსმენობამდე და ინგლისის ნაკრებამდე, "მელიობიდან" - "ლომობამდე".
ვარდი უეკლოდ ვარდისთვისაც არ იკრიფება...
ვარდის სერია
1. მიჯრით 9-გოლიანი "ვარდიადა" "ბორნმუთთან" დაიწყო, რომელსაც "მელიები" დაუზავდნენ - 1:1.
2. ამას "ასტონ ვილასთან" საშინაო შეხვედრაში გატანა მოჰყვა.
3. ჯეიმიმ კუთვნილი ბურთი "სტოკთან" შეხვედრაშიც შეაგდო "ბრიტანიაზე".
4. მიმდინარე სეზონში "ლესტერს" ჯერჯერობით, ერთადერთი მარცხი "არსენალმა" კი აგემა, მაგრამ "მეთოფეებს" ვარდიმ ორჯერ გაუტანა.
5. "მელიებმა" გამარჯვების გზაზე მალევე გადმოუხვიეს და "ნორვიჩი" დაჯაბნეს. ცხადია, ჯეიმიმ თავი გამოიჩინა.
6. "სენტ მერიზე" "საუთჰემპტონთან" დრამატული და ლამაზი მატჩი გამოვიდა, რომელსაც "ლესტერი" აგებდა, მაგრამ 2:2 დაასრულა, ორივეჯერ ვარდიმ შეაგდო.
7. ჯეიმის შემდეგი მსხვერპლი "კრისტალ პალასი" გახდა. ლესტერშირელებმა მისი გოლით მოიგეს - 1:0.
8. "ვესტ ბრომვიჩთან" რიად მაჰრეზმა დუბლი შეასრულა, მაგრამ გამარჯვების ბურთი ისევ ვარდის ეკუთვნოდა - 2:3.
9. ბოლოს კი "მელიების" თავდამსხმელმა "უოტფორდს" გაუტანა, როდესაც პენალტი მოიპოვა და თავადვე გარდასახა, ეს გოლიც გამარჯვებისა გამოდგა - 2:1.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"