10:20 16-11-2015
საქველმოქმედო მატჩი: ბექჰემის შოუ "ოლდ ტრაფორდზე"
AutoSharing Option
ეს შეხვედრა ბექჰემის UNICEF-ის საქველმოქმედო პროგრამაში ჩართვა-გაწევრიანების ათ წლისთავს მიეძღვნა. ერთმანეთს "მანჩესტერ იუნაიტედისა" და ინგლისური ფეხბურთის ლეგენდის მეგობრები, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრები და ასევე, მისი მეგობრები, დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები ხვდებოდნენ.
თავად ბექჰემმა ტრადიციული საუცხოო პასები არიგა, მერე კი, 75-ე წუთზე პატივცემული მისმა 16 წლის ვაჟმა, ბრუკლინმა შეცვალა, რომელსაც ფლანგზე ბურთი ცუდად სულაც არ უგორებია.
პარიზში დატრიალებული ტრაგედიის გამო მატჩს გამოაკლდნენ ზინედინ ზიდანი და პატრიკ ვიეირა. შეხვედრაც წუთიერი დუმილით დაიწყო, ფეხბურთელებმა დაღუპული ადამიანების ხსოვნას მიაგეს პატივი.
ზოგიერთმა ფეხბურთელმა არაშესაბამისი ფიზიკური კონდიციების გამო ვერ მიიღო მატჩში მონაწილეობა, ზოგმაც სხვადასხვა მიზეზით. თუმცა ვარსკვლავები მაინც საკმარისზე მეტნი იყვნენ და "ძველ ტრაფორდზე" "ძველი ფეხბურთის" გემოც გაგვახსენეს.
ანგარიში პოლ სქოულზმა გახსნა, როდესაც ბექჰემმა მას ბურთი თავზე დაასვა და წითურმა "წითელმა ეშმაკმაც" მშვენივრად ურქინა ბურთს. საერთოდ, პოლმა ისე ითამაშა, იმდენი იმოძრავა და ისე იმუშავა, ბევრი გრანდი ახლაც სიამოვნებით მოაწერდა მასთან კონტრაქტს ხელს.
მერე გოლშიც ბექჰემი-სქოულზის წყვილმა მიიღო მონაწილეობა. დევიდმა ჩააწოდა, სქოულზმა მოხდენილი პასი გაუშვა მეკარის საჯარიმოში, სადაც გოლის ალღოთი დაჯილდოებულმა მაიკლ ოუენმა თავისი შანსი ხელიდან არ გაუშვა. შემდეგ დნარჩენი მსოფლიოს ჯერიც დადგა და ოუენისა არ იყოს, შეცვლაზე შემოსულმა მოთამაშეებმა იაქტიურეს - ლენდონ დონოვანმა დუაით იორკს გაატანინა. თუმცა წერტილი იმავე ოუენმა დასვა, როდესაც რაიმონდ ვან დერ გაუს შეცდომით ისარგებლა.
დანარჩენ მსოფლიოს იტალიელი კარლო ანჩელოტი წვრთნიდა. სხვათა შორის, მინდორზე არცერთი იტალიელი ფეხბურთელი არ იყო. სამაგიეროდ, "პაპა კარლოს" გარდა, მისი თანამემამულე მსაჯთა შორის ვიხილეთ, პიერლუიჯი კოლინა ენტონი ტეილორთან ერთად უძღვებოდა მატჩს.
აი, ბექჰემის გუნდის მწვრთნელი კი სერ ალექს ფერგიუსონი გახლდათ, მიუხედავად "ბუცის ცნობილი ინციდენტისა" და მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხნის წინ სერ ალექსის სიტყვები ტრიალებდა მასმედიაში - ჩემს გუნდში ოთხ მსოფლიო დონის ფეხბურთელს უთამაშია: ერიკ კანტონას, რაიან გიგსს, პოლ სქოულზსა და კრიშტიანო რონალდოსო - ბექჰემი მათ შორის ვერ მოხვდა.
ისე, ბუცზე, ინციდენტსა და ანჩელოტიზე შეგვიძლია ისიც ვახსენოთ, რამდენიმე დღის წინ იტალიელმა სპეციალისტმა რომ თქვა, "პარი სენ-ჟერმენში" ყოფნისას იყო მომენტი, "ევიანთან" ზედიზედ ორჯერ შევრცხვით, ჩემპიონატსა და თასზე და გასახდელში გაცოფებულმა წიხლი მოვიქნიე, რომელიც ზლატან იბრაჰიმოვიჩს პირდაპირ თავში მოხვდაო... ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა.
მშვიდობიანად, სასიამოვნოდ და თბილად ჩაიარა ამ შეხვედრამაც. რა თქმა უნდა, სევდაც ერია, თბილი სევდა - ერთი ბოლო დღეებში მომხდარი ტერორისტული აქტების გამო და მეორე იმიტომ, რომ გაგვახსენდა ამ დიდი ფეხბურთელების დიდების წლები, ის ფეხბურთი და ისიც, რომ დრო გარბის, მაგრამ ცხოვრება გრძელდება, ცხოვრება მშვენიერია...
გოლები: 1:0 სქოულზი (14), 2:0 ოუენი (63), 2:1 იორკი (67), 3:1 ოუენი (85)
დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ნაკრები: ჯეიმსი - კარაგერი, ტერი, ეშლი კოული, ფ. ნევილი - ბატი, ბექემი (კ), დ. ფლეტჩერი, გიგსი, სქოულზი - კრაუჩი
შეცვლაზე შევიდნენ: სიმენი, კემპბელი, სინკლერი, მაკალისტერი, სმიტი, ოუენი
მწვრთნელი: სერ ალექს ფერგიუსონი
დანარჩენი მსოფლიოს ნაკრები: ვან დერ სარი - კაფუ, კოუტუ, სილვესტრი - ფიგუ (კ), ზეედორფი, პირესი, პარკი - რონალდინიო, კლუივერტი, სოლსკიაერი
შეცვლაზე შევიდნენ: ვან დერ გაუ, იერო, დონოვანი, იორკი
მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
107.00 k
150.00 k
სიახლეები
პოპულარული