"მანჩესტერ იუნაიტედი": მაიკლ კერიკის განგაშის ზარები

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ერთ-ერთმა ლიდერმა, მაიკლ კერიკმა განგაშის ზარებს შემოჰკრა და თქვა, რომ "იუნაიტედმა" სასწრაფოდ უნდა გამოიღვიძოს იმ დიდი შოკის შემდეგ, რომელიც გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე "ვოლფსბურგთან" და პრემიერლიგაში "ბორნმუთთან" მარცხის შემდეგ მიიღო.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ შესაძლოა, ლუი ვან გაალისათვის "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე ბოლო აღმოჩნდეს "ნორვიჩთან" შაბათის მატჩი. როგორც ამბობენ, რაიან გიგზის შანსები უფრო და უფრო იზრდება.

"საშინელი კვირა იყო. ჩვენ ჩემპიონთა ლიგიდან გამოვვარდით და მერე "ბორნმუთთან" წავაგეთ, მაგრამ ჩვენ დიდი გუნდის ფეხბურთელები ვართ და ეს ყოველ წამს
უნდა გვახსოვდეს. აუცილებლად უნდა მოვიკრიბოთ ძალა და ამ სიტუაციიდან გამოვძვრეთ",- ამბობს კერიკი.

მაიკლის თქმით, ამ წარუმატებლობის ასახსნელად "იუნაიტედს" არანაირი მიზეზი არ გამოადგება.

"ჩვენ გვქონდა ბევრი ტრავმა და თუნდაც ჩემპიონთა ლიგის გადამწყვეტი მატჩი რომ ავიღოთ, უეინ რუნი დაგვაკლდა, მაგრამ ეს არანაირად არ გვამართლებს. ისღა დაგვრჩენია, ქომაგს ბოდიში მოვუხადოთ და ერთად ვიზრუნოთ უკეთეს მომავალზე", - მიიჩნევს გამოცდილი საყრდენი ნახევარმცველი.

კერიკს გუნდში ტრავმების სიმრავლეზეც დაეკითხნენ, რაზედაც მან უპასუხა: "ფაქტია, ეს ასე ხდება. ზუსტი მიზეზის დასახელება გამიჭირდება. შეიძლება, ამას უიღბლობა ჰქვია. რამდენიმე ფეხბურთელი დაგვიბრუნდა და რამდენიმე დაშავდა. ასე ძნელია სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა თავის გამართლებას საერთოდ არ ვცდილობ", - ამბობს ფეხბურთელი.

ლუი ვან გაალი კი ამ დროს მხნეობას არ კარგავს. "იუნაიტედის" ჰოლანდიელი ბოსი მიიჩნევს, რომ მომავალი კვირა გუნდის დაბრუნების საწყისად იქცევა.

"მომავალ კვირაში ჩვენ ყველას უნდა დავანახვოთ, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ბრუნდება. სხვა გზა აღარ არის. ჩვენი აღმავლობა სწორედ ამ დროიდან უნდა დაიწყოს", - თქვა ჰოლანდიელმა.

შესაძლოა, უკვე გვიანაც იყოს და ვან გაალს ამ აღმავლობის მესაძირკვლეობა აღარც აცადონ. ფაქტია - "მანჩესტერ იუნაიტედში" საგანგებო მდგომარეობაა და ამ სიტუაციაში არსებობას გუნდი დიდხანს ვერ გააგრძელებს.

გიგზი ვახსენეთ და "იუნაიტედის" ქომაგები ვან გაალის ასისტენტისა და გუნდის უელსელი ლეგენდის კანდიდატურას ბოლომდე უჭერენ მხარს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული