პრემიერლიგა. XVI ტურის ფაქტები: ბატლენდი, რომელიც ჰარტს სჯობს

AutoSharing Option
* რომელუ ლუკაკუ გახდა "ევერტონის" პირველი ფეხბურთელი, რომელმაც პრემიერლიგაში ზედიზედ 6 ტურში გაიტანა. მან დანკან ფერგიუსონის მაჩვენებელი გააუმჯობესა.

* უილფრიდ ბონის "სიტისა" და "სუონსის" გასული 4 დაპირისპირებისას 5 გოლი აქვს გატანილი - 3 "სუონსის" მაისურით, ორი კი "სიტის" რიგებიდან.

* 2013 წლის აგვისტოდან, ანუ "სიტიში" მისი დებიუტიდან დღემდე, ხესუს ნავასს, ყველა ტურნირის ჩათვლით, დავიდ სილვასთან ერთად, ყველაზე მეტი საგოლე პასი უგროვდება - 27.

* ყველა ტურნირის გათვალისწინებით, ბაფეტიმბი გომისმა 836-წუთიანი უგოლო სერია შეწყვიტა.

* "უოტფორდის" მხრიდან პრემიერლიგაში აქამდე 10 ან
მეტი გოლი არავის გაეტანა, ახლა ეს ოდიონ იგალომ მოახერხა.

* იგალოსა (26) და ტროი დინის (17) 2015 წელს, ჯამში, 43 გოლი აქვთ გატანილი, რაც 11-ით მეტია "სანდერლენდის" გოლების საერთო რაოდენობაზე (32).

* მხოლოდ ჯეიმი ვარდის აქვს მატჩების პირველი გოლი უფრო მეტჯერ (7) გატანილი მიმდინარე სეზონში, ვიდრე ოდიონ იგალოს (5).

* ჯონ ო’ში გახდა მესამე ირლანდიელი, რომელმაც პრემიერლიგაში 400-მატჩიან ნიშნულს უწია შეი გივენისა (443) და რიჩარდ დანის (431) შემდგომ.

* ჯეკ ბატლენდსა და ჯო ჰარტს ყველაზე მეტჯერ (7) აქვთ კარი მშრალად შენახული. თუმცა დარტყმებთან მიმართებაში სეივების პროცენტული მაჩვენებელი "სტოკის" მეკარეს უფრო მაღალი და ჩემპიონატში საუკეთესო აქვს - 82,5%.

* "მანჩესტერის" კარში ჯუნიორ სტანისლასის კუთხურიდან გატანილი გოლი მიმდინარე სეზონში მესამე უსწრაფესი იყო (1 წუთი და 40 წამი). სტანისლასმა ბოლო 4 შეხვედრაში ამდენივე გოლში მიიღო მონაწილეობა. გამოსარჩევია ისიც, რომ სეზონის უსწრაფესი გოლიც "ბორნმუთზე" მოდის - მეტ რიტჩიმ "ტოტენჰემს" 49 წამში გაუტანა.

* ოლივიე ჟირუ გახდა "არსენალის" მე-7 მოთამაშე, რომელმაც 50-გოლიან ნიშნულს მიაღწია (113-ე მატჩში). მან ეს ტიერი ანრის, იან რაიტის, რობინ ვან პერსის, დენის ბერხკამპის, რობერ პიერსისა და თეო უოლკოტის შემდეგ შეძლო. ჟირუზე სწრაფად 50 ბურთის გატანა ანრიმ (83 მატჩში) და რაიტმა (87) მოახერხეს.

* ჟირუს, ყველა ტურნირის ჩათვლით, ბოლო 9 საგარეო თამაშში ამდენივე გოლი აქვს გატანილი.

* მესუთ იოზილმა მე-13 საგოლე პასი გააკეთა. მისი უახლოესი მდევარი დეულოფეუა (7).

* "ლივერპულმა" "ვესტ ბრომვიჩთან" მატჩში პირველი გოლი 20-პასიან კომბინაციას მოაყოლა, რომელშიც დამაგვირგვინებელ დარტყმამდეც მიიღო მონაწილეობა ჯორდან ჰენდერსონმა.

* პენლტების ჩათვლით, "ტოტენჰემს" სტანდარტული მდგომარეობებიდან 10 გოლი აქვს გატანილი, რაც ახლა პრემიერლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

* ალექსანდრ მიტროვიჩი გახდა პირველი ფეხბურთელი სილვენ მარვოს მერე, ვინც პრემიერლიგის საგარეო შეხვედრაში "ნიუკასლის" მაისურით გაიტანა კიდეც და საგოლე პასიც გააკეთა. მარვომ ეს 2012 წლის დეკემბერში "არსენალთან" შეძლო.

* "ტოტენჰემმა" 2014 წლის ოქტომბრის შემდეგ პირველად წააგო საშინაო შეხვედრა, რომელსაც იგებდა. ლონდონელებმა ის მარცხიც "ნიუკასლისგან" განიცადეს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული