ჟოზე მოურინიო: ისე ვგრძნობ თავს, თითქოს მიღალატეს

AutoSharing Option
* "ჩელსიმ" ამ სეზონში უკვე 9 მატჩი წააგო, ზუსტად იმდენი, რამდენიც წინა ორ სეზონში ერთად.
* რიად მაჰრეზმა 18 გოლში მიიღო მონაწილეობა ამ სეზონში, ჯეიმი ვარდიმ - 17-ში.
* "ჩელსიმ" ტრავმის გამო ედენ აზარი დაკარგა.

"ლესტერმა" "ჩელსისთან" გამარჯვებით (2:1) პრემიერლიგაში ლიდერობა დაიბრუნა. ჯეიმი ვარდი ზედიზედ მე-14 მატჩია ან გოლს იტანს, ან საგოლე პასს აკეთებს. იგი 15 ბურთით ბომბარდირთა დავაში ლიდერობს. ხუთ წამყვან ევროპულ ჩემპიონატში მასზე უკეთესი შედეგი მხოლოდ პიერ ემერიკ ობამეიანგს აქვს (18 გოლი).

ვარდიმ ლონდონელებს რიად მაჰრეზის პასით გაუტანა
და მოგვიანებით თავად ალჟირელმაც შეაგდო ლამაზი გოლი, მან დიდებულად ითამაშა. მაჰრეზის ანგარიშზე უკვე 11 ბურთია (პლუს, 7 საგოლე პასი). შესაბამისად, მაჰრეზმა ამ სეზონში 18 გოლში მიიღო მონაწილეობა, ვარდიმ კი 17-ში (2 პასი). "მელიებს" ყველა მატჩში, მინიმუმ, ერთი გოლი აქვთ გატანილი. ამაზე კარგი სტარტი გუნდს უმაღლეს ლიგაში 131 წლის არსებობის ისტორიაში არ ჰქონია.

მატჩი ორმაგად საინტერესო ჟოზე მოურინიოსა და კლაუდიო რანიერის ფაქტორის გამოც იყო. როგორც იცით, მათ ერთმანეთში არც ისე კარგი ურთიერთობა აქვთ. პორტუგალიელი, თავის დროზე, "ჩელსიში" სწორედ იტალიელის ნაცვლად მივიდა, რომელიც იქიდან ნაწყენი გაუშვეს.

"ვარდი და მაჰრეზი ფასდაუდებელი ფეხბურთელები არიან. მათი ყიდვა არავის შეუძლია, რადგან ამდენი ფული არავის აქვს, ისინი შეუფასებელნი არიან" - აღნიშნა 64 წლის იტალიელმა.

მაჰრეზი აქამდე საფრანგეთის მეორე დივიზიონში, "ლე ავრში" თამაშობდა და 2014 წლის იანვარში ლესტერშირელებმა ის 400 ათას გირვანქად იყიდეს. რაც შეეხება ვარდის, რომელიც 11 იანვარს 29 წლის გახდება, რამდენიმე წლის წინათ სამოყვარულო დონეზე ბურთაობდა და 2012 წელს "ლესტერში" "ფლიტვუდიდან" გადავიდა.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ 5 ქულაც და პრემიერლიგაში დარჩენა გარანტირებული გვექნება. სეზონის სტარტზე ჩვენი მიზანი სწორედ ეს იყო და ის არ შეცვლილა. როდესაც 40 ქულას დავაგროვებთ, მერე შეიძლება სხვა რამეზე ფიქრი და ახალი მიზნის დასახვა. ფანებს დიდი მადლობა საუცხოო გულშემატკივრობისთვის. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მათი მუხტის გარეშე ჩვეულებრივი გუნდი ვართ. ისინი პირველი ადგილით ბედნიერები არიან და ოცნებას აგრძელებენ, ჩვენ კი მიწაზე მყარად უნდა დავრჩეთ. თუმცა ეს მაგიური პერიოდია და გამოღვიძება არ მინდა. მეც მაქვს სურვილი, ფანებთან ერთად ოცნება გავაგრძელო" - ღიმილით დასძინა რანიერიმ.

"ჩელსიმ" უკვე მე-9 მატჩი წააგო ამ სეზონში, ანუ იმდენივე, რამდენიც წინა ორი სეზონის ჯამში. ბოლოს "ლურჯებს" 16 ტურის მერე 9 ან მეტი წაგება 1978/79 წლების სეზონში ჰქონდა, მაშინ გუნდი გავარდა.

96-მა გუნდმა "მოახერხა" საწყის 16 შეხვედრაში 15 ან ნაკლები ქულის მოგროვება და აქედან 50 გავარდა. საშუალოდ, ისინი სეზონს მე-17 ადგილზე ამთავრებენ. "ლურჯები" გასავარდნ ზონას მხოლოდ 1 ქულით უსწრებენ.

"ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო თვისება მეტოქის ფეხბურთელებისა და თამაშის წაკითხვაა. ისე ვგრძნობ, თითქოს, ჩემი გაწეული საქმე წყალში ჩაიყარა და მიღალატეს, რადგან ბიჭებმა მითითებები ვერ შეასრულეს და მოწინააღმდეგეს ძალიან ბევრის უფლება მისცეს. წინა სეზონში ჩვენ დიდი პროგრესი გვქონდა და იმ დონეზე ავედით, რომელზეც გვინდა და შეგვიძლია ყოფნა, მაგრამ ეს ფორმა ვერ შევინარჩუნეთ. ბუნებრივია, ვაღიარებ და ვხედავთ, რომ სახიფათო ზონაში ვართ, მაგრამ არა მგონია, დარჩენისთვის მებრძოლი გუნდი ვიყოთ, სიტუაცია შეიცვლება" - განმარტა მოურინიომ.

"განსაკუთრებულმა" ასევე პირდაპირ და გადაჭრით უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მის გუნდს ოთხეულში მოხვედრის შანსი - რა თქმა უნდა, აღარ - აღნიშნა მან, მაგრამ დაამატა, რომ ექვსეულში მოხვედრა კიდევ შეგვიძლია, რადგან სხვებიც ბევრ ქულას კარგავენ და მუშაობა უნდა გავაგრძელოთო. "ჩელსი" ამჟამად მეოთხე ადგილს 14 ქულით ჩამორჩება.

ეს კი ნიშნავს იმას, რომ დიდი ალბათობით, ამ გუნდს მომავალ სეზონს ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ვიხილავთ. პრემიერლიგის გარდა, არის კიდევ ერთი ხერხი იქ მოხვედრის - ლიგის მოგება - რისი შანსიც "ჩელსის" მცირე აქვს. ეს კი არა, გუნდს მერვედფინალში ძველი ნაცნობი "პარი სენ-ჟერმენი" შეხვდა, რომელიც ძალიან კარგ ფორმაშია და "ლურჯებს" მეოთხედფინალში გასვლაც ძალიან გაუჭირდებათ.

"ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ის არის, რომ მე დარჩენა და მუშაობის გაგრძელება მინდა. ვიცი, რომ ვითარების შეცვლა შემიძლია და ეს ჩემთვის დიდი და საინტერესო გამოწვევაა. იმედი მაქვს, მისტერ რომან აბრამოვიჩი და დირექტორთა საბჭოც იმავე აზრზეა" - თქვა მოუმ.

"ლესტერთან" შეხვედრაში ლონდონელთათვის ცუდი ისიც მოხდა, რომ პირველ ტაიმში ედენ აზარი დაშავდა და ბელგიელმა შეცვლა თავად ითხოვა ექიმებთან კონსულტაციის შემდეგ, გარისკვად არ ღირდა. ნერვები მოურინიოს "კინგ პოუერ სტედიუმის" ბურთის მიმწოდებელმა ბავშვებმაც მოუშალეს, რომლებიც "ჩელსისთვის" ბურთის მიწოდებას აჯანჯლებდნენ. მან ამ ბავშვების საქციელს პრემიერლიგის სირცხვილი უწოდა.

P.S. ბოლო ინფორმაციით, "ჩელსის" ბოსებს 9-საათიანი თათბირი ჰქონდათ, ხოლო რომან აბრამოვიჩი უკვე განიხილავს ჟოზე მოურინიოს მოხსნის საკითხს...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
"ჩელსი" რომ გავარდეს, ეს მაინც იპოვის სატლიკინოს
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული