როდის დაფიქრდებით, რომ შეიძლება "ჩელსი" გავარდეს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" უფროსობა სპეციალურ შეკრებებზე ჟოზე მოურინიოს მომავალს განიხილავს. გადაწყვეტილება კი კვირის ბოლომდე გვეცოდინება.

"პორტუსთან" მოგებით "ლურჯები" ჩემპიონთა ლიგის შემდეგ ეტაპზე კი გავიდნენ, მაგრამ პრემიერლიგაში "ლესტერთან" მარცხის მერე ხელმძღვანელობამ უკვე საგანგაშო ზარებს შემოჰკრა. თავად პორტუგალიელი ისევ გაიძახის, არსად წასვლას არ ვაპირებო, მაგრამ ისეთი თავდაჯერებული აღარც ის ჩანს.

"ჩელსი" გასავარდნ ზონას მხოლოდ ქულით უსწრებს და ჩემპიონთა ლიგის ზონას 14-ით ჩამორჩება. უკვე თავად ჟოზე მოურინიომაც აღიარა, ოთხეულში მოხვედრის შანსი აღარ გვაქვსო. ასე რომ, დიდი ალბათობით, "ჩელსის" მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე ვეღარ ვიხილავთ.

წინა წლების შედეგებს თუ შევხედავთ, "ჩელსის" 72 ქულა სჭირდება იმისთვის, რომ ოთხეულში მოხვდეს, ანუ ლონდონელებმა კიდევ 57 ქულა უნდა აიღონ დარჩენილ 22 შეხვედრაში, რომლებშიც მაქსიმუმ, 66 ქულის დაგროვებაა შესაძლებელი...

აი, მაგალითად, პეტ ნევინს კი, რომელიც "ჩელსის" ყოფილი მოთამაშე და საფეხბურთო ექსპერტია, მიაჩნია, რომ გუნდმა ოთხეულზე ოცნებას თავი უნდა დაანებოს და ჟურნალისტებმაც ყურადღება უფრო იმაზე გაამახვილონ, რომ "ჩელსი" შესაძლოა, გავარდეს და არა ოთხეულში მოხვდეს.

"ჩვენ ისიც არ გვეგონა, რომ კლუბი 16 ტურის მერე ასეთ ვითარებაში იქნებოდა. ფაქტია, "ჩელსი" ძალიან მძიმედ გამოიყურება და ცუდ თამაშს აჩვენებს. რა იქნება მაშინ, თუ გუნდი 23-24 ტურის მერეც სახიფათო ზონაში იქნება? მერე დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ "ჩელსი" შეიძლება გავარდეს?" - აღნიშნა ნევინმა.

გამოთვალეს ისიც, თუ რამდენის გადახდა შეიძლება მოუხდეს რომან აბრამოვიჩს მოურინიოსთვის, თუ მას ამ პერიოდში მოხსნის - დახლოებით 55 მილიონ ევროზეა ლაპარაკი! თუმცა, ბრიტანული პრესის ვერსიით, სხვადასხვა პუნქტის გათვალისწინებით, შესაძლოა, ისე გამოვიდეს და მხარეები ერთმანეთს ისე დაშორდნენ, რომ "ჩელსიმ" "მხოლოდ" 10 მილიონი გირვანქა იზარალოს.

ამასობაში, ფრანსესკ ფაბრეგასი მოურინიოს ისევ მხარში უდგას და პასუხისმგებლობა უფრო ფეხბურთელებზე გადააქვს, საკუთარი თავის ჩათვლით. სესკის თქმით, "ლურჯების" ფეხბურთელებმა უნდა გაიხსენონ, თუ რამხელა ხელფასები აქვთ და სხვას ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამის გამო მაინც ითამაშონ მაღალ დონეზე. ფრენკ ლამპარდსაც მიაჩნია, რომ მოუს მოხსნა გამოსავალი არ იქნება, მიუხედავად იმისა, რომ ფრენკის "სტემფორდ ბრიჯიდან" დროზე ადრე გაშვება სწორედ ჟოზეს ბრალდება და ამას ხშირად აძახებენ ხოლმე, ისევე, როგორც პეტრ ჩეხის ათვალწუნებას.

"თუ დიდი ფეხბურთელი ხარ და ისე გიხდიან, როგორც დიდ ფეხბურთელს, შესაბამისად, დიდი ფეხბურთელივით უნდა ითამაშო და მოიქცე. არ ვამბობ, რომ სეზონი არ ჩაგივარდება და ცუდი პერიოდები არ გექნება, მაგრამ შემართული მაინც უნდა იყო და ეს გეტყობოდეს. გუნდის ყველა მოთამაშეს კი ახლა ეს არ ეტყობა" - განაცხადა ფაბრეგასმა, რომელსაც ცხადია, კონკრეტული გვარები არ დაუსახელებია.

სავარაუდოდ, მოურინიოც ფაბრეგასის აზრზეა და ამბობენ, 52 წლის პორტუგალიელმა უკვე განუცხადა თავის ფეხბურთელებს, რომ რამდენიმე მათგანს იანვარში გაყიდვას უპირებს. თუმცა სხვა საკითხია და საკითხავია, თავად ჟოზე შეხვდება თუ არა ახალ წელს "ჩელსისთან" ერთად.

P.S. ბოლო ინფორმაციით, ჟოზე მოურინიოს გაგდების შემთხვევაში, "ჩელსი" შესაძლოა, ჰოლანდიელმა გუუს ჰიდინკმა ჩაიბაროს, ოღონდ დროებით...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მაურინიო დაითხოვეს))
ტყეშელაანთ გიჟი
19:01 17-12-2015
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული