ჟოზე მოურინიო მოხსნეს - ფანების 71 პროცენტს ეს არასწორ ნაბიჯად მიაჩნია

AutoSharing Option
* "სქაი სპორტის" გამოკითხვამ აჩვენა, რომ ფანების 71%-ს ჟოზე მოურინიოს მოხსნა არასწორ ნაბიჯად მიაჩნია.

* "დეილი მეილის" ცნობით, "ჩელსი" ხოსეპ გვარდიოლას დაუკავშირდა, რომელმაც 10 ახალწვეულის ყიდვა მოითხოვა.

* BBC-ის ინფორმაციით, "ჩელსი" სეზონის ბოლომდე გადაუხდის ჟოზე მოურინიოს 12 მილიონ გირვანქას.

* მოურინიოს სავარაუდო შემცვლელად ასახელებენ: გვარდიოლას, კლაუდიო რანიერის, გუუს ჰიდინკს, კარლო ანჩელოტის, ხუანდე რამოსს...


მოსახდენი მოხდა - ლონდონის "ჩელსიმ" ჟოზე მოურინიო მოხსნა. რომან აბრამოვიჩი ამ ნაბიჯის გადადგმისგან დიდი ხანი იკავებდა თავს, მაგრამ ბოლო პერიოდში ცხადი გახ
და, რომ "ლურჯებში" სიტუაცია ძალიან აირია და პორტუგალიელს "სტემფორდ ბრიჯზე" დიდი დღე აღარ ეწერა.

მართლაც ძალიან სიმბოლურია, რომ საკონტროლო გასროლა "ლესტერთან" მარცხი გამოდგა, გუნდთან, რომელსაც კლაუდიო რანიერი ხელმძღვანელობს, ანუ ის სპეციალისტი, რომლის ნაცვლადაც თავის დროზე მოურინიო "ჩელსიში" დანიშნეს.

მესამედ მოსვლა, ალბათ, აღარ იქნება. "განსაკუთრებულის" ოცნება ოცნებადვე დარჩება და ის "ჩელსისთან" ერთად ჩემპიონთა ლიგას ვეღარ მოიგებს, რაც "პორტუსთან" და "ინტერთან" ერთად შეძლო, არადა, ამას მისი "ჩელსისგან" უფრო ელოდნენ და მით უმეტეს, მისი "რეალისგან", მაგრამ...

პირველად მოუ "ჩელსის" მთავარ მწვრთნელად 2004 წლის ივნისში დაინიშნა და იმ დროისთვის, ყველაზე მაღალანაზღაურებად სპეციალისტად იქცა. "დრაკონებთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე სენსაციური ტრიუმფი შემთხვევითი რომ არ გახლდათ, ამის დამტკიცება მან მალევე დაიწყო და "ლურჯებს" სამჯერ მოაგებინა პრემიერლიგა, მან ორჯერ იმარჯვა ინგლისის ლიგის თასზე და ერთხელ ასოციაციის თასზე. ჩემპიონთა ლიგაზე კი სულ რაღაც აკლდებოდა და იქ არაფერი გამოვიდა. ჟოზე გაუშვეს.

"მეორედ მოსვლა" 2013 წლის ივნისში შედგა. "განსაუთრებულმა" იმავე მდინარეში კიდევ ერთხელ შებიჯება გაბედა და ლიგაზე კვლავ ფიასკო განიცადა, მაგრამ პრემიერლიგა მოიგო და ზემოდან ლიგის თასიც დაურთო. თუმცა ამ სეზონის სტარტზევე მას წყალი აემღვრა - ჯერ სუპერთასის შეხვედრა წააგო "არსენალთან", ეს მისი პირველი მარცხი გახლდათ არსენ ვენგერთან;

ამას კი "ჩელსის" საშინელი თამაში მოჰყვა ინგლისის ჩემპიონატში და აი, 16 ტურის მერე გუნდს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სტარტი აქვს და გასავარდნ ზონასთან ქულაშია.

იმ სეზონში, რომელშიც მოურინიომ "ლურჯების" თავკაცის პოსტზე 10 ან მეტი მატჩი ჩაატარა, მისი მოგების პროცენტული მაჩვენებელი ყველაზე დაბალი - 63,16% - 2006/07 წლების სეზონში გახლდათ, მიმდინარეში კი ეს მაჩვენებელი - 25%-ია...

2006/07 წლების სეზონში, როდესაც იგი პირველი პერიოდისას გაუშვეს, მხოლოდ 6 შეხვედრის ჩატარება მოასწრო და მაშინაც მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 50% გახლდათ. ჩემპიონთა ლიგის არც ისე ძლიერი ჯგუფიდან არც ისე დამაჯერებლად გასვლამ მოურინიოს ვერ უშველა.

ვერც ფანების სრულმა მხარდაჭერამ. მოხდა უსიამოვნო ინციდენტი კლუბის ექიმთან, ევა კარნეიროსთანაც. ამბობენ და ჩანდა კიდეც, რომ ურთიერთობა ცოტათი ფეხბურთელთა ნაწილთანაც აერია.

კლუბის ოფიციალურმა ვებგვერდმა გვაუწყა, რომ "ჩელსის" 110-წლიანი არსებობის ისტორიაში ყველაზე წარმატებული და საუკეთესო მწვრთნელი სამწუხაროდ, ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ტოვებს გუნდს.

კონკრეტულად რაზე შეთანხმდნენ მხარეები, რა კომპენსაცია შეიძლება მიიღოს პორტუგალიელმა, ვინ იქნება დროებითი მწვრთნელი ან პირდაპირ და უკვე არის თუ არა შერჩეული კანდიდატი, რომელიც შაბათს "სანდერლენდთან" მატჩისას მთავარი მწვრთნელის ადგილს დაიკავებს, ჯერჯერობით, უცნობია.

გვაინტერესებს ისიც, თუ რას აპირებს და რას იტყვის მოურინიო. თუმცა ამ ყველაფერზე უფრო დეტალურად უკვე იმ კვირაში შეგვეძლება საუბარი. იქამდე კი "ჩელსისა" და ჟოზეს რომანი რომანმა დაასრულა, "განსაკუთრებულის" ეპოქას წერტილი დაესვა.

* * *
როგორც ხედავთ, ჯერჯერობით ძალიან ბევრი რამ უცნობია, თუმცა ერთი რამ ცხადია, "ჩელსის" ფანები და ექსპერტების დიდი ნაწილი ჟოზე მოურინიოს მხარეს არიან, "განსაკუთრებულის", რომელმაც კაპიუშონი გადაიფარა და ავტომობილით ისე დატოვა ჩელსის ბაზა. არ გამორიცხავენ, რომ "ლურჯების" ფანების დიდმა ნაწილმა უახლოეს მატჩში ობსტრუქციაც მოუწყოს რუს ოლიგარქს.

აი, ცნობილ ფეხბურთელებსა და ექსპერტებს თითქმის ერთნაირი მოსაზრება აქვთ - მოურინიოსთვის უნდა ეცლიათ, მხოლოდ ის იპოვიდა შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალს. ამ აზრზე არიან ლუიშ ფიგუ, ფაბიო კაპელო, ტიერი ანრი, სემ ელერდაისი, ჯოი ბარტონი და სხვები.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
ჩელსის ფეხბურთელები თვითონ დაშვებულ შეცდომებს და არაზუსტი თამაშის გამო გააძევეს მწვრთნელი :D?
12345
17:15 18-12-2015
0
მოურინიოს ფანი არა ვარ,მაგრამ მგონია,რომ მისი მოხსნა შეცდომა იყო,პირიქით,უნდა მიეცა საშუალება ახალი გუნდის შექმნისა.ის ამას გააკეთებდა.ისე საინტერესო გადაადგილებები ხდება, გვარდიოლა მიდის ბაიერნიდან,მოურინიო იქ?რატომაც არა?პსჟ უამრავ ფულს ხარჯავს,მაგრამ მხოლოდ ფრანგული ტიტულები მგონი ყელში ამოუვიდათ და ალბათ ბლანს გაუშვებენ.ბენიტესის რეალში მოყვანა ისედაც გვარიანი შეცდომა მგონია და მისთვის კარგი იქნება თუ სეზონი ჩაამთავრებინეს,აქ ალბათ კიდევ ერთ დიდებულ ვარსკვლავს,ზიდანს ვიხილავთ მწვრთნელად (ღმერთმა ხელი მოუმართოს ეხლაც სიამოვნებას ვიღებ მის თამაშებს,რომ ვიხსენებ)მანჩესტერიდან ვან გაალი და მოკლეთ საინტერესო რაღაც-რაღაცეები მოხდება. პ.ს.ეჰ,ჩვენ რა გვეშველება თორემ იმათ რა უჭირთ, ჩვენთან კიდე დარჩა თითებზე დასათვლელი მოედნები დასანგრევი.აი,ისინიც,რომ დაინგრევა მაშინ დაიწყება აღმასვლა ფეხბურთში,თორემ კომუნისტების დროს აშენებულ მოედნებზე ხომ დაიმტვრიეს ფეხები ბავშვებმა.
sake
19:22 18-12-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული