სერდან შაქირი: ინგლისში შემტევი ფეხბურთით ვტკბები

AutoSharing Option
სერდან შაქირი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე ტექნიკური ფეხბურთელია და იგი შვეიცარიის ნაკრების ლიდერთაგანი გახლავთ. მისი ფინტები, აჩქარებები და ძლიერი დარტყმები დიდ სიამოვნებას გვანიჭებს.

მას მერე, რაც შაქირიმ მიუნხენის "ბაიერნში" ფეხი ვერ მოიკიდა, ერთი სეზონი მილანის "ინტერთან" ერთად გაატარა. შემდგომ კი იგი "სტოკში" ჩაირიცხა. მან გრანდებში თამაშის მერე "ბრიტანიაზე" გადაბარგება არ ითაკილა, რეგულარული სათამაშო დროისა და ინგლისის პრემიერლიგის ხათრით. იგი ჯერ მხოლოდ 24 წლისაა და ბევრი რამ წინ აქვს.

- ბუნდესლიგასა და სერია A-ში გატარებული პერიოდების შემდეგ, ახლა თქვენი სახლი პრემიერლიგაა. რა
ხდის ამ ჩემპიონატებს ასეთ გამორჩეულს?
- გერმანიაში მთავარი დისციპლინაა. გერმანელები ამას დიდ ყურადღებას აქცევენ. იტალიაში აქცენტი ტაქტიკაზე კეთდება. აქ, ინგლისში კი შემტევი ფეხბურთით ვტკბები.

ინგლისში სანახაობრივი ფეხბურთია წინა პლანზე. ძლიერი მეტოქეების წინააღმდეგ გიწევს დაპირისპირება და რთული მატჩები გამოდის, მაგრამ თამაშის სტილი მომწონს და სიამოვნებას ვიღებ. მართალია, ჯერ დიდი დრო არ გასულა, რაც აქ გადმოვედი, მაგრამ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ პრემიერლიგა მსოფლიოს უძლიერესი ჩემპიონატია.

- "ბაიერნსა" და "ინტერში" თამაშობდით, ახლა კი "სტოკის" ღირსებას იცავთ, გუნდის, რომელიც ჯერ იმ ორი კლუბის სიმაღლეზე არ არის. რა გხიბლავთ ყველაზე მეტად ამ ახალ გამოწვევაში?
- დიახ, "სტოკი" ამ დონეზე ჯერ არ არის, მაგრამ გუნდს შორსმიმავალი გეგმები აქვს და სურს, რომ ევროტურნირებზე რეგულარულად ითამაშოს. თანაც, "სტოკი" მაძლევს იმის შანსს, რომ გავიზარდო, როგორც ფეხბურთელიც და, როგორც პიროვნებაც. რაც მთავარია, სისტემატურად თამაში მინდა.

- თქვენ 2010 და 2014 წლების მსოფლიოს ჩემპიონატებზე ითამაშეთ და ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ხართ. თქვენთვის მისაღებია ნაკრების სათამაშო სტილი?
- ოტმარ ჰიტცფელდის ხელში ჩვენ გარღვევა გვქონდა, დიდი პროგრესი განვიცადეთ. მან ახალგაზრდებს ნდობა გამოუცხადა და ისინი დააწინაურა, მათ შორის, მეც. ახალმა თაობამ და თავდაჯერებამ შვეიცარიული ფეხბურთი წინ წასწია.

ჩვენ მაღალი ხარისხის, სანახაობრივი, შემტევი ფეხბურთის თამაში დავიწყეთ. ეს ჩემთვის საუკეთესო ვარიანტია. გამოჩნდნენ ახალი ფეხბურთელები, რომლებმაც თავი წარმოაჩინეს და არა მხოლოდ ნაკრებში, არამედ კლუბებშიც წამყვან პოზიციებზე არიან. ბევრ მათგანს ბუნდესლიგაში აქვს წარმატება, ზოგსაც სხვადასხვა ჩემპიონატში.

- 2014 წლის მუნდიალზე შვეიცარიამ ძალიან კარგად ითამაშა და მომავალ ფინალისტ არგენტინასთან მხოლოდ დამატებით დროში დამარცხდა. როგორ ფიქრობთ, რა აკლია შვეიცარიას გერმანიის, არგენტინის ან ბრაზილიის მსგავს ნაკრებებთან შედარებით?
- ბრაზილიაში მართლაც დაუვიწყარი გამოცდილება მივიღეთ. არგენტინა ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იყო და კინაღამ დავამარცხეთ. მატჩი ძალიან ემოციური და დაძაბული გამოვიდა. უიღბლობას არ დავარქმევდი, უფრო არაპროდუქტიულობის გამო დავმარცხდით. ასეთ მეტოქესთან რა მცირე შანსიც არ უნდა შეგექმნას, ის უნდა გამოიყენო, თუ გამარჯვება გინდა. სამწუხაროდ, ჩვენ ეს ვერ შევძელით და ამან გამოიწვია საბოლოო მარცხი. მეტოქემ თავისი შანსი გამოიყენა.

- სამი გოლის გატანა ყოველთვის განსაკუთრებულია, მაგრამ ამის მსოფლიოს ჩემპიონატზე გაკეთება ორმაგად სასიამოვნოა, არა?
- ჰონდურასთან შეხვედრა ჯგუფის დასკვნითი მატჩი იყო. ეკვადორთან მოგების (2:1) შემდეგ ფრანგებთან 2:5 წავაგეთ და ცხადი გახდა, რომ მოგება გვჭირდებოდა. ყველანი მობილიზებულნი ვიყავით და გვჯეროდა, რომ მიზნის მიღწევა შეგვეძლო. ვიცოდით, რა ხდებოდა პრესაში და ბევრს საუბრობდნენ ფრანგებთან ჩვენს გამანადგურებელ მარცხზე, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდით, პირიქით, მოტივირებულნი გახლდით.

რაც შეეხება ჰეთ თრიკს: სამი ბურთის გატანა იმიტომ მოვახერხე, რომ შესანიშნავი მხარდაჭერა მქონდა და მთავარი გუნდის წარმატება იყო. ვხვდებოდით, რომ ყოველ შემდეგ მატჩზე უნდა გვეფიქრა, როგორიც არ უნდა ყოფილიყო გასული შეხვედრა და სწორედ ასეთი მიდგომით გამოგვივიდა არგენტინასთან კარგი თამაში.

- ჰიტცფელდისგან გუნდი ვლადიმირ პეტკოვიჩმა გადაიბარა. ცვლილებების ფონზე როგორ შეაფასებდით ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპს, რომელმაც გარკვეული სირთულეების მიუხედავად, კარგად ჩაიარა?
- დიახ, გარკვეული ცვლილებები მოხდა. ზოგიერთმა ფეხბურთელმა კარიერა დაასრულა, ზოგიც შემადგენლობის წევრი აღარ არის. სამაგიეროდ, ახალი და ახალგაზრდა ფეხბურთელების მორიგი ტალღა გამოჩნდა.

გვიმართლებს იმაში, რომ შვეიცარიას ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი ჰყავს, რომლებიც სუპერლიგაში თამაშობენ ან უკვე უცხოურ გუნდებში გადანაწილდნენ. ინტეგრაციისა და ადაპტაციის პრობლემა არ ჰქონიათ, კარგადაც თამაშობენ. გუნდურობის მხრივ აქვთ სამუშაო. გარდა ამისა, ახალი მწვრთნელი სხვადასხვა რაღაცას ტესტავდა და ეს ყველაფერი შესარჩევ ეტაპზე აისახა. საბოლოოდ, ყველაფერმა კარგად ჩაიარა.

- 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თუ ვიტყვით, რას შეიძლება მიაღწიოს ნაკრებმა რუსეთში? შეუძლია შვეიცარიას 2014 წლის მუნდიალის შედეგის გაუმჯობესება?
- ყველას უნდა მსოფლიოს ჩემპიონატზე მოხვედრა, მაგრამ იქამდე დიდი გზაა. ახლა ჩვენი ფიქრები ევრო 2016-ისკენაა და შემდეგ საკვალიფიკაციო ეტაპიც უნდა გავიაროთ. ვფიქრობ, უკვე გამოვაჩინეთ, რომ საკმაო წარმატების მიღწევა შეგვიძლია. ნაკრებში შესანიშნავი მიქსია გამოცდილი და ახალგაზრდა ფეხბურთელების. ვფიქრობ, ფანების გახარება ისევ ხელგვეწიფება.

- კომპიუტერულ თამაშ "ფიფა 15"-ში თქვენ ძალიან მაღალი ქულები გაქვთ სისწრაფეში, დრიბლინგსა და დარტყმის სიძლიერეში, მაგრამ დაცვაში თამაში მხოლოდ 57 ქულით შეფასდა, ხოლო თავით თამაში 37-ით. ეთანხმებით ამ შეფასებას?
- (იცინის) დიახ, ეს უკვე შევნიშნე. ჩემი ძლიერი მხარე ნამდვილად დრიბლინგი, სისწრაფე და ძლიერი დარტყმაა და დიახ, სუსტი მხარე თავით თამაშია. თუმცა დაცვაში თამაშს რაც შეეხება, საკუთარ თავს უფრო მაღალ ქულას დავუწერდი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული