არსენალი-სიტი. გამოხმაურება და ფაქტები: გაისვრის თოფი ათიანში?

AutoSharing Option
AUTO PLAY
"არსენალი" მანუელ პელეგრინისთვის უხერხულ მეტოქედ რჩება. "სიტი" ლონდონში დამარცხდა (1:2) და "მეთოფეები" 4 ქულით წინ გაუშვა. არსენ ვენგერმა კი ამ გამარჯვებით სერიოზული განაცხადი გააკეთა, რომ მისი "მეთოფეები" ამ სეზონში მართლაც მზად არიან, რომ ხმაურიანად "გაისროლონ", თანაც მიზანში მოარტყან - "არსენალი" 2004 წლის მერე ჩემპიონობაზე ოცნებობს.

მანჩესტერელებმა მატჩის პირველი და ბოლო 10 წუთი ცუდად არ ჩაატარეს, მაგრამ ეს საკმარისი არ გამოდგა. იაია ტურეს გვიანი და ძალიან ლამაზი გოლი "სიტის" ქულის მოსაპოვებლადაც კი არ ეყო. "არსენალის" მხრიდან კი თეო უოლკოტმა შეაგდო ძალიან
ლამაზი დარტყმით. მორიგი ბურთი გაიტანა ოლივიე ჟირუმ. ორივე შემთხვევაში ასისტენტი მესუთ იოზილი გახლდათ, რის მერეც გერმანელს 16 მატჩში 15 საგოლე პასი დაუგროვდა. ეს ფენომენური შედეგია.

კომენტარები
"ეს გამარჯვება მეტ თავდაჯერებას, ძალას და რწმენას გვაძლევს. ბურთი უფრო მეტოქეს ეჭირა და გვიტევდა, ჩვენ კი ხასიათი გამოვაჩინეთ, ეს გამძლეობა აუცილებელია. წინა ორი-სამი წლის განმავლობაშიც ოთხეულში ვტრიალებდით, მაგრამ წამყვანი ფეხბურთელების არყოფნა შედეგზე მკვეთრად აისახებოდა.

ამჯერად, დანაკლისი ისევ დიდი გვქონდა "ოლიმპიაკოსთან", "ასტონ ვილასთან" და "სიტისთან" მნიშვნელოვან შეხვედრებში, მაგრამ ეს მატჩები მაინც მოვიგეთ. ეს აშკარა პოზიტივია, ჩვენი ხასიათი, ტალანტი და მებრძოლი სული გამოვავლინეთ. კარგმა ორგანიზებულმა და ჭკვიანურმა თამაშმა 3 ქულა მოგვიტანა. როდესაც ცოტა დავიღალეთ, თავდაცვაზე გადავერთეთ და ამოცანა კარგად შევასრულეთ, მიზანს მივაღწიეთ" - განაცხადა კმაყოფილმა ვენგერმა.

66 წლის ფრანგს მართლაც ბევრი ფეხბურთელი აკლია: ალექსის სანჩესით დაწყებული, ჯეკ უილშირით დამთავრებული. სანჩესმა მომჯობინება ვერ მოასწრო და ჩილელი მომავალი მატჩისთვის, წესით, უკვე მზადყოფნაში უნდა იყოს. ექიმებმა კი ჩააყენეს მწყობრში სერხიო აგუერო, მაგრამ "სიტის" არგენტინელი გოლეადორი ჯერ ოპტიმალურ ფორმასა და კონდიციებში მაინც ვერ იმყოფება.

"სიტიმ" კი მეხუთე მარცხი იწვნია. უკანასკნელი გუნდი, რომელმაც შობამდე (25 დეკემბრამდე) 5 ან მეტი მატჩი წააგო და მერე მაინც ჩემპიონი გახდა, "ევერტონია", რომელმაც ეს 1986/87 წლების სეზონში შეძლო.

"სერხიოსთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გუნდს დაუბრუნდა, მაგრამ მას ალბათ კიდევ 2-3 მატჩი დასჭირდება იმისთვის, რომ ძველებურად ათამაშდეს. კიდევ 63 ქულის მოპოვებაა შესაძლებელი და ბევრი რამ შეიძლება მოხდეს. მეორე ტაიმში ცუდად ნამდვილად არ გამოვიყურებოდით და ამან გამოაჩინა, რომ ტიტულისთვის ბრძოლას გავაგრძელებთ.

არ ვიცი, სტატისტიკა რას მიგვანიშნებს და როგორია, მაგრამ, რასაკვირველია, ჩემპიონობის შანსი არ დაგვიკარგავს და თუ თქვენ სხვაგვარად ფიქრობთ, ესე იგი, საკითხში ვერ ერკვევით" - განაცხადა პელეგრინიმ.

სტატისტიკა და ფაქტები
* "არსენალს" პრემიერლიგის 19 საშინაო მატჩიდან "სიტისთან" მხოლოდ 1 აქვს წაგებული.

* "სიტის" უკვე 5 შეხვედრაა, არ უმარჯვია.

* აქამდე 16 მატჩში 15 საგოლე პასი არავის დაუგროვებია. მესუთ იოზილს აქვს კარგი შანსი, რომ ასევე "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელისა და ლეგენდის, ტიერი ანრის რეკორდი მოხსნას, რომელმაც 2002/03 წლების სეზონი 20 საგოლე გადაცემით დაამთავრა და ეს პრემიერლიგის საუკეთესო მაჩვენებელია. სეზონის ნახევარზე მეტი წინ არის. თუმცა ასე კარგად ჩაატარა გასული სეზონის პირველი წრე სესკ ფაბრეგასმაც, მაგრამ მეორე წრეში "გაჩერდა".

* პეტრ ჩეხს გაცილებით ნაკლები მატჩი დასჭირდა იმისთვის, რომ დევიდ ჯეიმსის დარად, პრემიერლიგაში 169-ჯერ შეენახა კარი მშრალად. იაია ტურეს გოლი რომ არა, იგი ახალი რეკორდსმენიც გახდებოდა, მაგრამ ალბათ ახლო მომავალში მაინც გახდება.

* ინგლისის ჩემპიონატში ბოლო 6 ტრიუმფისას 5-ჯერ "არსენალი" შობას მეორე ადგილზე ხვდებოდა, ისევე, როგორც ახლა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული