"მანჩესტერ იუნაიტედი": შოუ მერე ნახეთ!

AutoSharing Option
ლუი ვან გაალის დღეები "მანჩესტერ იუნაიტედში", ალბათ, დათვლილია. გუშინ ჰოლანდიელი თავკაცი აბეზარ ჟურნალისტებს პრესკონფერენციიდან გაექცა, როცა მათ მის შესაძლო შემცვლელ, ჟოზე მოურინიოზე ჰკითხეს.

ბრიტანული პრესა ირწმუნება, რომ ჟოზე მოურინიო მზად არის ხელფასი მთელი 16 მილიონი გირვანქით შეუმცირდეს იმასთან შედარებით, რასაც იგი "ჩელსიში" იღებდა, ოღონდ კი "მანჩესტერ იუნაიტედში" დაინიშნოს. ისიც ითქვა, "წითელი ეშმაკების" წარმომადგენლები პორტუგალიელის წარმომადგენლებს უკვე შეხვდნენო.

ის, რომ ეს ყველაფერი 2-3 დღეში მოხდეს, მაინც ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ თუ მაინც მოხდა... 28 დეკემბერს "ოლდ ტრაფორდზე" "მანჩესტერი"-"ჩელსია" და "განსაკუთრებულის" შოუ მერე
ნახეთ!

"მანჩესტერის" უფროსობას კი ლუი ვან გაალის გაშვება-არგაშვებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებაში სერ ალექს ფერგიუსონიც დაეხმარება.

ცნობილია ისიც, რომ თუ 28 დეკემბერს "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი ისევ ვან გაალი იქნება, "ოლდ ტრაფორდზე" მას დამატებით დაცვას მიუჩენენ, რომ უსაფრთხოების წესები მაქსიმალურად დაცული იყოს, როგორც ჩანს, გაბრაზებული ფანების აგრესიული გამოხტომების შიში აქვთ.

***
ლუი ვან გაალს კიდევ ერთი მხარდამჭერი გამოუჩნდა - არსენ ვენგერი. "მანჩესტერ იუნაიტედს" უკვე 6 თამაშია, არ მოუგია და ჰოლანდიელი გაშვების პირასაა. "ოლდ ტრაფორდზე" კი შესაძლოა, ვენგერის "ძველი მეგობარი" ჟოზე მოურინიო გამოჩნდეს, რომელმაც "ჩელსიში" პოსტი ახლახან დაკარგა.

"არასოდეს არ მიხარია, როდესაც ვინმე სამსახურს კარგავს და არ მინდა, რომ ეს მოხდეს. არ აქვს მნიშვნელობა ჩემ პირად გრძნობებსა და მოსაზრებებს. ფაქტია, ყოველთვის სამწუხაროა, როდესაც მსგავსი რამ ხდება" - განაცხადა ვენგერმა.
ფრანგმა მოურინიოზე აღარაფერი თქვა, ამ თემაზე ისედაც ბევრს ლაპარაკობენ და ვერაფერს დავამატებო. სამაგიეროდ, ვან გაალის გარშემო ატეხილ მითქმა-მოთქმას "უპატივცემულობა" უწოდა.

"არ მინდა სპეკულაციებში ჩავერთო. პირდად მე ლუი ვან გაალს დიდ პატივს ვცემ და, რაც ახლა ხდება, მისი უპატივცემულობაა. ეს კაცი 30 წელია ფეხბურთშია და ძალიან ხარისხიანად მუშაობს, არაერთ წარმატებასაც მიაღწია" - დასძინა ვენგერმა.

მუსიე არსენის აზრით ხოსეპ გვარდიოლას თაობაზეც დაინტერესდნენ - აქაოდა პეპის "სიტიში" გადმოსვლა გადაწყვეტილია და ამაზე, რას იტყოდითო. ფრანგი გვარდიოლას პრემიერლიგაში მიესალმება, მაგრამ არ უყვარს, როდესაც სპეციალისტების მომავალი სამუშაო ადგილი ასე ნაადრევად ცხადდება ხოლმე. ხსენებული ტენდენცია ბოლო დროს მართლაც მოდაში შემოვიდა.

"არ მიყვარს, როდესაც მწვრთნელები საკუთარ გადაწყვეტილებებს ასე ადრეულად აშკარავებენ ხოლმე. ეს მათი იმჟამინდელი გუნდებისთვის არც ისე კარგია და ამ თემაზე დაწყებული აჟიოტაჟი მწვრთნელსაც და გუნდსაც ურთულებს წარმატების მიღწევას" - დაამატა ვენგერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მოურინიო და კაცობა ერთმანეთისგან ძალიან შორს დგას!
0
იქნებ ვან გაალი ინარჩუნებს თანამდებობას? კაცურია მოურინიოს საქციელი?
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული