კევინ დე ბრუინი - იგრძენი ბურთი, როგორც ქალი

AutoSharing Option
24 წლის კევინ დე ბრუინი, გულშემატკივართა გამოკითხვის მიხედვით, ბელგიის ნაკრების საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ჩვენ უნდა მივეჩვიოთ, რომ ბელგია გრანდია. ჩვენ უნდა ვწეროთ ბელგიაზე, როგორც გრანდზე.

ბელგიის ამ თაობას, ბრწყინვალე თაობას, ჯერაც აკლია ტიტულები, თუმცა ყველაფერს თავისი დრო აქვს და ვინძლო, ეს დრო ევროპის მომავალ ჩემპიონატზე დადგეს. ყველაფერ ამას ჩვენ ერთად ვნახავთ. ვნახავთ დე ბრუინსაც და წესით, ის მომავალი ევროფორუმის ერთ-ერთი მთავარი ვარსკვლავი უნდა იყოს.

ბელგიის ნაკრებში პირველობა იოლი როდია. გუნდი გადაჭედილია ვარსკვლავებით. აღარც კი ვიცით, რომელი ერთი ჩამოვთვალოთ - ედენ
აზარი თუ ვენსან კომპანი, კრისტიან ბენტეკე თუ მარუან ფელაინი, რომელუ ლუკაკუ თუ მიშო ბაჩუაი. და ასეთ კომპანიაში დე ბრუინი პირველია. პირველია ძალიან ბევრ აფრიკელ ვარსკვლავში. სუფთა ბელგიელი წარმოშობით არაბელგიელთა შორის.

მისი ფეხბურთი ნატიფი ფეხბურთია. ის ისე ეფერება ბურთს, როგორც გამოცდილი მექალთანე ლამაზ ქალს. ის მაგრად გრძნობს ბურთს, აქვს უზუსტესი დარტყმა, გენიალური პასი და დიდზე დიდი სათამაშო ინტელექტი.

ის მიმდინარე სეზონში ჯერაც ეჩვევა "მანჩესტერ სიტის". "სიტიში" დიდ გაზაფხულს მხოლოდ დე ბრუინი ვერ მოიყვანს. ინგლისურ გუნდში ბევრი ფული და ბევრი ვარსკვლავია, თუმცა დიდ მატჩებში "სიტი" ჯერაც ვერ მიეჩვია გრანდივით თამაშს და ეს მხოლოდ დე ბრუინის ბრალი არ უნდა იყოს - გრანდად თუნდაც ხუთ წელიწადში ვერ ყალიბდებიან.

"სიტიში" სულ მალე, ალბათ, პეპ გვარდიოლა მივა. გვარდიოლამ "სიტი" ნამდვილ გოლიათად უნდა აქციოს. გოლიათი ვიღაცის ძლიერ ფეხებზე უნდა იდგეს. პეპს ეს ფეხები მაინცდამაინც საძებარი არ აქვს. ეს დე ბრუინის ფეხებია.

სწორედ დე ბრუინი უნდა იყოს ის, ვის გარშემოც გვარდიოლამ ახალი "სიტი" უნდა ააშენოს. კევინი ერთხელ უკვე იყო ინგლისში. უფრო ზუსტად, გავლით იყო. მაშინ ის "ჩელსიში" ვერ დააფასეს. ახლა ის კაცი, ვინც კევინი ვერ დააფასა, ლონდონში აღარ არის.

ადამიანური წესია - წასულებზე ან კარგი უნდა თქვა, ან არაფერი. ჩვენც ნუ გავკიცხავთ. ერთი კია - დე ბრუინი ლონდონში რომ ყოფილიყო, იქნებ "არისტოკრატთათვის" ესოდენ დიდი კრიზისი არ დამდგარიყო და არც ჟოზე მოურინიოს თავი დაგორებულიყო "სტემფორდ ბრიჯზე".

ეს მხოლოდ ვარაუდია. ფაქტი კი ისაა, რომ "ჩელსიში" დე ბრუინს არ მიეცა შანსი ან პრაქტიკულად არ მიეცა. შეხედავ მის ბავშვურ სახეს და იფიქრებ, რომ ამ პატარა ბიჭისათვის ბედისწერას ჯერ სილა არ გაურტყამს, ცხოვრებას მისთვის შხამ-სამსალა არ შეუსმევია. არადა, ასე სულაც არ არის.

ბევრი გინახავთ ისეთი ფეხბურთელი, რომელიც გრანდს დაეწუნებინოს და შემდეგ ისევ მაღალ დონეზე ეთამაშოს? რა თქმა უნდა, ასეთები მსოფლიო ფეხბურთში არიან, მაგრამ უმრავლესობის შემთხვევაში სხვანაირად ხდება.

ისინი მიდიან საშუალო გუნდებში, სადაც ყოველდღიური წნეხი ნაკლებია. ისინი სეზონში რამდენიმე სუპერმატჩს ატარებენ, მაგრამ საშუალო გუნდი ყოველთვის სტაბილური ვერ იქნება და ვერც მისი ლიდერი იქნება სტაბილური.

თანდათანობით ეს ფეხბურთელები იკარგებიან. იქნებ ისინი სხვებზე არანაკლებნი არიან ნიჭით, მაგრამ ერთი უარი, ერთი დაწუნება მათ ხასიათს დიდ დაღს ამჩნევს. ისინი ფსკერისაკენ მიექანებიან.

დე ბრუინი "ჩელსიმ" დაიწუნა. ბელგიელი არ გამტყდარა. ის წავიდა "ვოლფსბურგში". დე ბრუინი გახდა ამბიციური გუნდის ლიდერი. ის ბუნდესლიგის ამბიციური გუნდის ლიდერი იყო და მეტიც - ბუნდესლიგის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

"ჩელსიდან" გაშვებულმა დე ბრუინმა შემდეგი თქვა: "მე არ ვამთავრებ, მე დავბრუნდები ინგლისში და ეს მხოლოდ დროის საკითხია. ეს მხოლოდ ერთი ეპიზოდია დიდი ომისა".

მან სიტყვა შეასრულა და დაბრუნდა. მაგრადაც დაბრუნდა. საერთოდ, დღევანდელი ფეხბურთი ძველებურად მდიდარი აღარ არის ინდივიდუალისტებით და ჩვენ თითოეულ მათგანს განსაკუთრებით უნდა მოვუფრთხილდეთ.

ჩვენი წერილი ბელგიის ნაკრებით დავიწყეთ და საინტერესოა, რას შეძლებს ბენილუქსელთა ნაკრები ევროპის მომავალ ჩემპიონატზე. ბელგია ფიფას რეიტინგში პირველ ადგილზეა და რატომ არ უნდა დაისახოს მიზნად კონტინენტზე პირველობა?

ბელგიას ყოველთვის ჰყავდა ნამდვილი, გემრიელი ფეხბურთის მოთამაშე ვარსკვლავები, მაგრამ ასეთი თაობა მათ არასოდეს ჰყოლიათ. ორი ვარსკვლავი ერთ პოზიციაზე - ამას ნებისმიერი გუნდი თუ ნაკრები ინატრებს.

ბელგიას აკლია გამოცდილება, მაგრამ აქვს უზარმაზარი საკადრო რესურსი და დიდზე დიდი ნიჭი. მთავარია, გუნდის თამაში უფრო მსუბუქი იყოს, ვიდრე მსოფლიოს წინა ჩემპიონატზე, სადაც გუნდი ზედმეტად მძიმე იყო. მძიმე, რთულად წასაქცევი, მაგრამ ხშირ შემთხვევაში მაინც უფანტაზიო.

დიდ ტურნირებს მხოლოდ ცივი გონებითა და ანგარიშიანობით ვერ მოიგებ. ყოველივე ამას ფანტაზია და შემოქმედებითობა უნდა მიემატოს. რიგითი კევინ დე ბრუინი მზადაა, ბელგიისათვის თავი დადოს.

დანარჩენი მომავლის საქმეა - სადაც სხვა გუნდებისას ვიტყვით ევროპის ჩემპიონატზე, იქ არც ბელგიელთა საჩემპიონო ამბიციები უნდა დაგვავიწყდეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი ბიჭია, მაგრამ ბელგიისგან ვარსკვლავების მოწყვეტას მაინცდამაინც არ ველი
levani
08:51 12-01-2016
0
კარგია
ozurgeTi
17:18 11-01-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული