ადნანის დიდი ნიჭი ჯერ კიდევ სერ ალექს ფერგიუსონმა აღიარა. მან მაშინ ჯერაც უწვერული იანუზაის თაობაზე შემდეგი თქვა: "ის უდიდესი ნიჭის ფეხბურთელია, მან ბევრი უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე და მაშინ ჩვენ მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავს მივიღებთ", - ფერგიუსონისგან ასეთ შეფასებას ბევრი ინატრებს.
ჯერ კიდევ 2012-13 წლების სეზონიდან ადნანი "მანჩესტერის" ძირითად გუნდთან ერთად ვარჯიშობდა. ვინ იცის, "იუნაიტედში" სერ
წავიდა ფერგი, მოვიდა დევიდ მოიესი და იანუზაი კვლავ თამაშობდა. თანდათან, მან მოუკლო. ის ჯერ არ აღმოჩნდა მზად, ეზიდა გრანდის ფეხბურთელის დიდზე დიდი წნეხი. ლუი ვან გაალმა იანუზაის ადგილი "იუნაიტედში" ვერ დაინახა. 2015 წლის 31 აგვისტოს, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ ცოტა ხნით ადრე, იანუზაი "დორტმუნდში" გაანათხოვრეს.
ის ვერ მოერგო "დორტმუნდს". ახლა მხოლოდ ვარაუდი შეიძლება იმაზე, თუ რატომ მოხდა ეს. ფაქტი ისაა, რომ ადნანს შანსი ხეირიანად არც კი მისცემია. მან ყვითელი მაისურით მატჩების თითზე ჩამოსათვლელი რაოდენობის შეხვედრები ჩაატარა.
"მე თამაში მინდა და შანსს ველოდები. ვვარჯიშობ და თავს არ ვზოგავ იმისათვის, რომ მწვრთნელის ნდობა დავიმსახურო", - თქვა იანუზაიმ და ეს მართლაც ასე იყო. ვერავინ იტყვის, რომ ბელგიელი საქმეს რამეს აკლებს, მაგრამ ჯერ მას მაინც ნაკლებად უმართლებს.
ახლა ადნანი ისევ "მანჩესტერში" ბრუნდება. მას იქ დახვდება ლუი ვან გაალი, ვინც ის ერთხელ უკვე დაიწუნა. ამჯერად ჰოლანდიელმა სპეციალისტმა ადნანს შანსი აუცილებლად უნდა მისცეს.
ჯერ ერთი, მთელი "იუნაიტედი" საშინლად გამოიყურება. იქმნება შთაბეჭდილება, რომ ინგლისური გრანდი, უბრალოდ, გადაეჩვია ფეხბურთის კარგად თამაშს და გამარჯვებებს. იქნებ ბევრი რამ ახალგაზრდა ფეხბურთელმა შეცვალოს?!
მეორეც, ინგლისური გრანდი ყოველთვის განსაკუთრებულად ძლიერი იყო თავისი გარემარბებით და ახლა ისე ჩანს, რომ ეს სიძლიერე გაქარწყლებულია. გარემარბები საჭირო დროს საკუთარ თავზე ვერ იღებენ თამაშს.
ყოველ შემთხვევაში, "მანჩესტერის" ქომაგებს მაგრად სჯერად ადნანის. მან სიმწვავე უნდა შეიტანოს გუნდის თამაშში და ეს გადაუდებელი ამოცანაა, იანუზაის ეს ნაღდად შეუძლია. მისი მისია "იუნაიტედში" სწორედ ესაა.
ადნან იანუზაი არ არის უბრალო ფეხბურთელი. მას შემდეგ, რაც ის დიდ ასპარეზზე გამოჩნდა, არ წყდება საუბარი იმის თაობაზე, რომ მსოფლიო ფეხბურთმა ახალი და განსაკუთრებული ტალანტი მიიღო.
იმთავითვე გაურკვეველი იყო ჩვენი წერილის გმირის სანაკრებო მომავალი. იანუზაის გადაბირებას ცდილობდნენ ბელგიისა და ინგლისის ნაკრებები. ბოლო მომენტში საქმეში კოსოვოს ფეხბურთის ფედერაციაც ჩაერთო. სწორედ კოსოვოა იანუზაის ისტორიული სამშობლო.
რაც შეეხება ინგლისს, ალბიონელთა პრეტენზიები ეფუძნებოდა იმ გარემოებას, რომ იანუზაი სწორედ ინგლისში ჩამოყალიბდა ფეხბურთელად. იანუზაიმ კოსოვოს ხარკი იმით მოიხადა, რომ ამ ქვეყნის საერთაშორისო საფეხბურთო აღიარებისათვის მომზადებულ რამდენიმე პეტიციას მოაწერა ხელი, მაგრამ ბელგიის ნაკრებში არჩია თამაში.
ყველამ კარგად ვიცით, რომ ბელგიის ნაკრებში ძალიან დიდი კონკურენციაა. იანუზაის კლუბში სათამაშო პრაქტიკა თუ არ ექნება, მაშინ ის ბელგიის ნაკრებში ვერ მოხვდება, რადგან ამ ქვეყანას არაერთი ძალიან ძლიერი ფეხბურთელი ჰყავს.
"მე აუცილებლად უნდა ვითამაშო. ჩემზე სულ ამბობენ, ნახეთ, რა პერსპექტიული ბიჭიაო. მინდა, რომ არ დავრჩე მარად პერსპექტიულ ფეხბურთელად და მინდა, რომ ჩემზე ისე ილაპარაკონ, როგორც შემდგარ მოთამაშეზე.
მინდა, ვიყო გრანდის ფეხბურთელი და მე ვგრძნობ საამისო ძალას. ერთადერთი, რაც მე მჭირდება, ესაა ნდობა და მე თუ მას მივიღებ, ვნახავთ, რა შემიძლია რეალურად", - აღნიშნავს იანუზაი.
სხვათა შორის, "მანჩესტერის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, დევიდ მოიესი იანუზაის ტალანტის დიდი თაყვანისმცემელი გახლავთ. მაშინ, როდესაც მოიესმა "რეალ სოსიედადი" ჩაიბარა, მან გადაწყვიტა, თავისთან წაეყვანა ადნანი, მაგრამ მაშინ ეს ტრანსფერი არ გამოვიდა.
ახლა "იუნაიტედში" ისეთი მდგომარეობაა, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. არც ისაა გამორიცხული, ვან გაალს მალე კარისაკენ მიუთითონ. ასეთ შემთხვევაში "იუნაიტედის" სამწვრთნელო სავარძელში, დიდი ალბათობით, რაიან გიგზი ჩაბრძანდება.
ეს იანუზაისათვის ძალიან კარგი იქნება. გიგზს უყვარს "მანჩესტერის" გაზრდილები და თამამად ენდობა მათ. ადნანი სწორედ ასეთია და ადნანს ძალიან სჭირდება ნდობა. "მანჩესტერს", მისი დღევანდელი მდგომარეობით, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ დიდი ტალანტი დაკარგოს.
სამწუხაროდ, "მანჩესტერი" უფრო და უფრო ემსგავსება საშუალო გუნდს და ეს ტენდენცია დიდხანს არ შეიძლება გაგრძელდეს!
დოსიე
ადნან იანუზაი
დაიბადა: 1995 წ. ბრიუსელი (ბელგია)
პოზიცია: გარემარბი
კარიერა: მანჩესტერი - 2011 წლიდან (2013-დან პირველ გუნდში); 2015 - დორტმუნდი (იჯარა)
ბელგიის ნაკრები: 2014-დან - 6 თამაში
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"