ასოციაციის თასი. 1/8-ფინალი: "ჩელსიმ" ექსპერიმენტული "სიტი" დაიბრიყვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამ უქმეებზე ინგლისში 7 მერვედფინალური მატჩი გაიმართა ასოციაციის თასზე, მერვე კი დღესაა...

"არსენალისა" და "ჰალის" მატჩში მომენტები კი შეიქმნა, მაგრამ გოლი არ გავიდა და სენსაციური ფრე დაფიქსირდა. ახლა "მეთოფეებს" გადათამაშებაში მოუწევთ "ვეფხვებთან" ჭიდაობა.

აღსანიშნავი კი ის არის, რომ უკანასკნელად "ჰალმა" "არსენალთან" კარის მშრალად შენახვა 101 წლის წინათ, 1915 წელს, "ხაკის თასის" ფინალში შეძლო. "ვეფხვებს" უახლოეს 35 დღეში 10 მატჩი აქვთ. ახლა ამას გადათამაშებაც დაემატა... როგორც იცით, არც "მეთოფეებს" აქვთ ნაკლებად მსუბუქი კალენდარი.

"არსენალმა" შეინარჩუნა შანსი, რომ "ბლექბერნის" მერე პირველი გუნდი
გახდეს, რომელიც ასოციაციის თასს მიჯრით სამჯერ მოიგებს.

ვენგერმა ისევ დაასვენა მესუთ იოზილი, ოლივიე ჟირუ და ალექსის სანჩესი კი სათადარიგოთა სკამზე დასვა. ფრანგი ასოციაციის თასზე მე-100 მატჩს ატარებდა და თან "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგაზე მომავალ მატჩზე ფიქრობდა. სტივ ბრიუსი კი, წესით, 16 წლის ჯოშ ტაიმონის თამაშით უნდა დარჩენილიყო კმაყოფილი.

ასევე - მეკარე ელდინ იაკუპოვიჩით, რომელმაც არაერთი რთული ბურთი აიღო. "არსენალი" ორჯერ ითხოვდა პენალტის დანიშვნას. განსაკუთრებით კარგი შანსები კი თეო უოლკოტს, დენი უელბეკსა და ჯოელ კემპბელს ჰქონდათ.

არანაკლებ მოულოდნელი გახლდათ "რედინგის" გამარჯვება "ვესტ ბრომვიჩთან", თანაც მას მერე, რაც "ალბიონი" დარენ ფლეტჩერმა დააწინაურა. მასპინძელთა მხრიდან განსაკუთრებით ოლივერ ნორვუდი და მაიკლ ჰექტორი უნდა გამოვარჩიოთ.

"ევერტონმა" როს ბარკლისა და რომელუ ლუკაკუს გოლებით დამსახურებულად გაიარა "ბორნმუთი". "ალუბლები" ძალაგამოცლილ გუნდს ჰგავდნენ, რომელსაც ასოციაციის თასი არ აღელვებდა. "უოტფორდს" კი ავტოგოლი დაეხმარა "ლიდსის" ბარიერის დაძლევაში.

"ბლექბერნმა" "ვესტ ჰემთან" დაწინაურება კი შეძლო, მაგრამ... ჯერ ვიქტორ მოზესმა გაათანაბრა, მერე კი ახალწვეულმა ემანუელ ემენიკემ გაიტანა ორი გოლი, ხოლო ფანტაზისტა დიმიტრი პაიემ ორ გოლთან ერთად საგოლე პასიც გააკეთა. მატჩი ორივე გუნდმა ათ-ათი კაცით დაამთავრა.

მაურისიო პოჩეტინოს და მის "ტოტენჰემს" ამ სეზონში ბევრი საქმე აქვთ და ასოციაციის თასისთვის არგენტინელს არ ეცალა. "დეზებმა" გადახალისებული შემადგენლობით ითამაშეს, ამიტომაც "კრისტალ პალასმა" იმარჯვა. ყოფილი გუნდის კარში ემანუელ ადებაიორს არ გაუტანია. შეხვედრის ერთადერთი ბურთი მცველმა მარტინ კელიმ შეაგდო, უილფრიდ ზაჰას პასით.

აი, ვისაც ნამდვილად არ ეცალა ასოციაციის თასისთვის, მანუელ პელეგრინია, რომელიც "სტემფორდ ბრიჯზე" "ჩელსისთან" საპაექროდ სუპერექსპერიმენტული თერთმეტეულით გავიდა.

ჩილელმა ძირითადი შემადგენლობა ახალგაზრდა მოთამაშეებით გააჯერა და ერთ-ერთმა მათგანმა, 19 წლის ფრანგმა დავიდ ფოპალამ დიეგო კოშტას გოლი გაქვითა კიდეც. სამაგიეროდ, მერე "ლურჯებმა" აიშვეს და "ჩელსიმ" "ქალაქელები" არ დაინდო - 5:1. გუს ჰიდინკისთვის და კლუბის ფანებისთვის ყველაზე სასიხარულო, ალბათ, ედენ აზარის კარგი თამაში გახლდათ, ბელგიელის მონაგარი ამ შეხვედრაში გოლი და ორი საგოლე პასია.

"მეტოქის შემადგენლობაში ბევრი ცვლილება იყო, მაგრამ ამას ჩვენთვის საქმე არ გაუადვილებია, რადგან ახალგაზრდებმაც ძალიან მოინდომეს და სახიფათოდ გამოიყურებოდნენ. ჩვენი თამაშით კი ძალიან კმაყოფილი ვარ" - აღნიშნა ჰიდინკმა.

"იძულებულნი ვიყავით, ასეთი შემადგენლობით გვეთამაშა, რადგან შეიძლებოდა კიდევ დაგვშავებოდა წამყვანი მოთამაშეები. გვინდოდა ასოციაციის თასზე შემორჩენა, მაგრამ ვიცოდით, რომ ეს რთული იქნებოდა, რადგან ძალიან გადატვირთული კალენდარი გვაქვს. 6 ფეხბურთელი ისედაც დაშავებული გვყავს და მეტ რისკზე ვეღარ წავიდოდით. წინ ჩემპიონთა ლიგაა, სადაც ინგლისის სახელი უნდა დავიცვათ" - განაცხადა პელეგრინიმ.

არსენალი-ჰალი 0:0

რედინგი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 0:1 ფლეტჩერი (54), 1:1 მაკშეინი (59), 2:1 ჰექტორი (72), 3:1 პიაზონი (90+4)

უოტფორდი-ლიდსი 1:0
გოლი: 1:0 ვუტონი (53-ს.კ-ში)

ბორნმუთი-ევერტონი 0:2
გოლები: 0:1 ბარკლი (55), 0:2 ლუკაკუ (76)

ბლექბერნი-ვესტ ჰემი 1:5
გოლები: 1:0 მარშალი (20), 1:1 მოზესი (26), 1:2 პაიე (36), 1:3 ემენიკე (64), 1:4 ემენიკე (85), 1:5 პაიე (90+2)
გაძევება: ტეილორი (55. ბლექბერნი), კუიატე (75. ვესტ ჰემი)

ტოტენჰემი-კრ. პალასი 0:1
გოლი: 0:1 კელი (45)

ჩელსი-მანჩესტერი 5:1
გოლები: 1:0 დიეგო კოშტა (35), 1:1 ფაუპალა (37), 2:1 ვილიანი (48), 3:1 კეჰილი (53), 4:1 აზარი (67), 5:1 ტრაორე (89)

22 თებერვალი
შრიუსბერი-მანჩესტერი 23:45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული