ჩაძირულები - "ნიუკასლი" საშველის ძიებაში

AutoSharing Option
საქმეს ისეთი პირი უჩანს, "ნიუკასლ იუნაიტედს" ძალიან გაუჭირდება უძლიერესთა შორის ადგილის შენარჩუნება. გუნდი ისე თამაშობს, რომ ამის შანსი მართლაც მინიმალურია. სიტუაცია ვერც გუნდში რაფა ბენიტესის მისვლამ შეცვალა. თამაშის ხარისხი ისეთია, "ჯორდების" ცქერა მეორედ აღარ მოგინდება.

არადა, "ნიუკასლი" ტრადიციული კლუბია. მას ჰყავს ძალიან ერთგული ქომაგი და, ბოლო წლებს თუ არ ჩავთვლით, "სენტ ჯეიმს პარკზე" თამაში ყოველთვის ძალიან ჭირდა. ახლა ასე აღარ არის. ცხოვრებაში უმიზეზოდ არაფერი ხდება და "ნიუკასლის" კრიზისსაც თავისი მიზეზი უნდა ჰქონდეს.

კლუბი ვერაფრით იქნება წ
არმატებული, თუ საქმე საათივით აწყობილი არ არის - თანამედროვე ფეხბურთში ეს აქსიომაა. "ნიუკასლში" დიდი ხანია, ერთის აღმა ფარცხულს მეორე დაღმა ფარცხავს და ეს კლუბის ასპარეზობასაც ეტყობა.

არადა, არცთუ დიდი ხნის წინათ "ჯორდებს" ინგლისის ჩემპიონატში ყველა უფრთხოდა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობდა და პრემიერლიგაში უმაღლესი მიზნებისათვის იბრძოდა. რაღა შეხსენება გჭირდებათ, "ნიუკასლში" მაშინ ინგლისური და მსოფლიო ფეხბურთის ცოცხალი ლეგენდა, ალან შირერი ბრწყინავდა.

შირერმა დიდი ერთგულების ტესტი ჩააბარა. ის არ წავიდა გუნდიდან, არადა, მას გრანდები უხმობდნენ. შემადგენლობას თუ გადავხედავთ, "ნიუკასლს" დღესაც არ უნდა უჭირდეს. კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი ფული დახარჯა და "სენტ ჯეიმს პარკზე" არაერთი კვალიფიციური ფეხბურთელი მიიყვანა, მაგრამ შედეგი არ ჩანს.

წლევანდელ "ლესტერს" გულშემატკივრის წინაშე დამატებითი წარდგენა არ სჭირდება. არადა, შემადგენლობას თუ გადავხედავთ, თავისუფლად შეიძლებოდა, მის ადგილზე სწორედ "ნიუკასლი" აღმოჩენილიყო. ყოველ შემთხვევაში, სახელებით გუნდს ამის პოტენციალი ნამდვილად ჰქონდა.

ჩემპიონობას ვინ ჩივის, გუნდი ჩემპიონშიპში ვარდება და ეს უკვე ძალიან ცუდია. ბოლო წლებში "ნიუკასლი" ერთხელ უკვე გავარდა, თუმცა რანგით მეორე დივიზიონს მალევე დააღწია თავი. რა იქნება ამჯერად, ამის წინასწარმეტყველება ძალიან რთულია.

რა არის "ნიუკასლის" წარუმატებლობის მთავარი მიზეზი? აქ, უპირველეს ყოვლისა, კლუბის მფლობელი, მაიკ ეშლი უნდა ვახსენოთ. ამბობენ, რომ ამ კაცს არნახულად უყვარს "ნიუკასლი", მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ის კლუბის ცხოვრებაში ქირურგიულად ძალიან ხშირად და უადგილოდ ერევა.

მწვრთნელი არ არის გასაშვები და ეშლი უშვებს. ფეხბურთელი არ არის გასაშვები და მფლობელი მას იოლად ელევა. ის იქ ხარჯავს, სადაც დასახარჯი არ არის და ეკონომიას იქ აკეთებს, სადაც გასაკეთებელი არ არის.

კლუბის ხელმძღვანელობამ, სხვა რომ ვეღარაფერი მოიფიქრა, საშველად რაფა ბენიტესს უხმო. რაფას სჭირდება თუნდაც ლოკალური წარმატება. ის "რეალიდან" გაუშვეს და ახლა სხვაგან უნდა დაამტკიცოს თავისი კლასი.

ეს კია, რომ შედეგები ჯერ უკეთესი არ გამხდარა, დრო კი აღარ ითმენს.

გულშემატკივრები კი უკვე უკმაყოფილონი არიან. "ნიუკასლის" ბოლო საშინაო მატჩზე, "სანდერლენდთან" უკვე გამოჩნდა პლაკატები წარწერით "რაფა, წადი". ეს კი საერთო საქმეს არ უხდება.

საერთოდ, სამწვრთნელო საკითხი და "ნიუკასლი" ძალიან ფაქიზი თემაა. არავინ იცის, თავის დროზე რატომ მოიშორეს თავიდან ალან პარდიუ. ის არც ეშლის უყვარდა და არც - გულშემატკივრებს. არადა, დღეს რომ გამოცდილი მწვრთნელი პოსტზე იყოს, გუნდს პრემიერლიგაში ადგილის შენარჩუნების პრობლემა ალბათ არ ექნებოდა.

მოკლედ, ყველა პრობლემა უსწრაფესად უნდა მოგვარდეს, ამის რესურსი კი ნაკლებად ჩანს. გუნდი, თითქოს, ცალკეულ ნაწილებადაა დაშლილი. რაფა ბენიტესის სამწვრთნელო სტილი იქნებ ბევრისათვის არც იყოს მისაღები, მაგრამ ესპანელს იმხელა კვალიფიკაცია კი აქვს,რომ გუნდი უძლიერესთა შორის დატოვოს.
სხვა საქმეა, რომ ამას ხელს გარემოებები არ უწყობს. რაფა ჯერაც არ კარგავს ოპტიმიზმს, თუმცა ხსნა იოლი არ იქნება.

მით უმეტეს, გუნდის აღიარებული ლიდერები იმ თამაშს ვერ აჩვენებენ, რასაც გულშემატკივარი მათგან ელის.

ავიღოთ თუნდაც გამოცდილი დაცვის ბურჯი, არგენტინელი ფაბრიციო კოლოჩინი. სამხრეთამარიკელს თავისი ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში არაერთი მატჩი ჩაუტარებია. ისეთი შემთხვევებიც გვახსოვს, როცა მას მარტოს გადაურჩენია ქულები "ნიუკასლისათვის". ახლა ის ცუდ ფორმაშია.

ერთადერთი, ვის თამაშსაც შეიძლება დამაკმაყოფილებელი ვუწოდოთ, ახალგაზრდა ფორვარდი ალექსანდარ მიტროვიჩია. ეგაა, სერბ შემტევს ძალიან იშვიათად ამარაგებენ ისეთი პასებით, რომლებსაც შეიძლება გოლი მოჰყვეს.

მიტროვიჩს მებრძოლ სულისკვეთებას ვერავინ წაართმევს. ყველამ ვნახეთ, როგორ მიილტვოდა ის მინდვრისაკენ "სანდერლენდთან" საშინაო დერბის დროს. არადა, ექიმებმა მას ეს აუკრძალეს.

"ნიუკასლის" არაერთ ფეხბურთელს სწორედ ეს აკლია. შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა კლუბის ლეგენდა ალან შირერი. მან შემდეგი თქვა: "ახლა ყველა ერთი მიზნის გარშემო უნდა გაერთიანდეს. ახლა არ არის ცალკეული ამბიციების გამოვლენის დრო. ყველამ ერთი რამ უნდა ჩაიბეჭდოს თავში - "ნიუკასლი" უნდა გადარჩეს. სხვანაირად მე ვერ წარმომიდგენია. ეს ნაღდი ტრაგედია იქნება. ფიქრიც კი არ მინდა იმაზე, რა შეიძლება მოხდეს, თუ "ნიუკასლი" გავარდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული