მხარეებმა შეთანხმების გასაჯაროება აღარ გადადეს და თან იტალიურ-ინგლისური პრესის ხელში, უკვე გასაიდუმლოებაც აღარ გამოდიოდა. 46 წლის სპეციალისტი ამჟამად იტალიის ნაკრებს თავკაცობს. იგი ევრო 2016-ზე თავის საქმეს მოილევს, "სკუადრა აძურადან" წავა და ლონდონელთა რიგებში გააგრძელებს საქმიანობს. ევრო 2016 კონტესთვის ყველაზე გვიან, 10 ივლისს დასრულდება, თუ იტალია ფინალში გავიდა.
"ჩელსის" ისტორიაში იტალიელი მწვრთნელები არ აკლია და კონტე მეხუთე გახდება ჯანლუკა ვიალის, კლაუდიო რანიერის, კარლო ანჩელოტისა და რობერტო დი მატეოს მერე.
მიუხედავად იმისა,
არადა, ფანების ნაწილი უკვე იმასაც ამბობდა, უფროსობას გუსისთვის შანსი რომ მიეცა, ურიგო არ იქნებოდაო.
"ვამაყობ, რომ ჩემი ქვეყნის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვარ და ერთადერთი, რაც მიმიზიდავდა, ისეთი გამორჩეული ვარიანტია, როგორიც "ჩელსის" მწვრთნელობა გახლავთ" - თქვა კონტემ.
"ძალიან გვიხარია, რომ მსოფლიო ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ, ნიჭიერ და პერსპექტიულ სპეციალისტთან მივაღწიეთ შეთანხმებას, რომელიც სრულიად შეეფერება ჩვენს სამომავლო გეგმებსა და ამბიციებს" - აღნიშნა "ჩელსის" დირექტორმა მარინა გრანოვსკაიამ.
კონტეს მსგავსი ენერგიული ადამიანი ამ ასაკში ნაკრებისთვის ჯერ მართლაც ცოდო გახლდათ და მისთვის ადრე იყო წელიწადში დაახლოებით 7-8 მატჩით დაკმაყოფილება. თანაც, "სკუადრა აძურა" ახლა გარდამავალ პერიოდშია და გარკვეული პრობლემები აქვს.
კონტე კი, როგორც ტაქტიკოსი და სტრატეგიც, კარგია და პირველ რიგში, როგორც ენთუზიასტი და მუხტის მიმცემი, ისე გამოირჩევა. წარსულში "იუვენტუსის" ფეხბურთელს, რომელსაც ტურინელთა მაისურით 400-ზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული, შემდეგ უკვე მწვრთნელის რანგში "ბებერი ქალბატონი" სერიოზული კრიზისიდან ჰყავს გამოყვანილი და ფეხზე დაყენებული.
მასიმილიანო ალეგრიმაც "კონტისიმეს" ნოვაციურ იდეებს დააშენა ახალი "იუვე" დიდწილად. სწორედ ანტონიომ დააბრუნა ავანგარდში 3-5-2 სქემა, რომლის გამოყენებაც ახლა უკვე ბევრმა გუნდმა და მწვრთნელმა განაახლა. ასე რომ, მას ნამდვილად შეუძლია "ჩელსის" ახალი სული შთაბეროს.
თუმცა მომთხოვნმა სპეციალისტმა, რომელიც მაშინაც კი უკმაყოფილოა, როდესაც მისი გუნდი იგებს და ფეხბურთელებს წვრილმან ხარვეზებზე საყვედურობს ხოლმე, თავადაც უნდა აუღოს ალღო პრემიერლიგას, რადგან ამიერიდან, ის სხვა სამყაროში მოხვდება და, როგორც გუნდი უნდა მოერგოს კონტეს, ასევე თავად "კონტისიმე" უნდა შეეგუოს "კუნძულს".
სტატისტიკა
* 1971/72 წლების სეზონიდან მოყოლებული, კონტეს სერია A-ში "იუვეს" მწვრთნელის რანგში ყველაზე მაღალი მოგებათა საშუალო პროცენტული მაჩვენებელი აქვს - 72,8%.* მან "ბიანკონერის" თავკაცის პოსტზე 114 ჩემპიონატის მატჩიდან 83 მოიგო და მხოლოდ 7 წააგო.
* კონტეს "იუვენტუსმა" ზედიზედ 43 ტურში გაიტანა (2013 წლის თებერვალი-2014 წლის მარტი), რაც სერია A-ს რეკორდია.
* მან ტურინელებს სამივე სეზონში სკუდეტო მოაგებინა და 2013/14 წლების სეზონში ეს 102 ქულით, 38 მატჩიდან 33 მოგებით გააკეთა. ორივე ეს მაჩვენებელი ასევე სერია A-ს რეკორდია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"