ნიუკასლი-სიტი. გამოხმაურება: აგუერო ასიანთა კლუბში

AutoSharing Option
AUTO PLAY
"ნიუკასლს" ქულები ძალიან სჭირდება და არ გაგვკვირვებია, რომ "კაჭკაჭების" ცუდი სეზონის მიუხედავად, "სიტის" "სენტ ჯეიმს პარკზე", სადაც თუნდაც განაწყენებულმა ფანებმა საუცხოო ატმოსფერო შექმნეს, რთული მატჩი გამოუვიდა.

"ქალაქელები" სერხიო აგუეროს გოლით კი დაწინაურდნენ, მაგრამ ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. არადა, ბოლო წლებში "სიტი" ძალიან მარტივად გადიოდა ხოლმე ფონს ჯორდებთან შეხვედრებში და ამ ბოლო წლებში მხოლოდ ის პერიოდი არ იგულისხმება, რაც მანჩესტერელები ფინანსურად მოძლიერდნენ, იქამდეც... ასეა თუ ისე, მანუელ პელეგრინის ბიჭებმა ქულები დაკარგეს და მდევრებს სხვაობის შემცირების შანსი მისცეს, "არსენალს" კი გადასწრების.

რაფაელ ბენიტესის "ნიუკასლი" კი გადარჩენისთვის ბრძოლას აგრძელებს და გარკვეულ შანსს ინარჩუნებს, ეს ქულაც მნიშვნელოვანი გახლდათ.

ამასობაში, აგუეროს პრემიერლიგაში 100 გოლი დაუგროვდა და არგენტინელზე უფრო ცოტა მატჩში ამ ნიშნულს თავის დროზე მხოლოდ ალან შირერმა უწია, სწორედ "ნიუკასლის" ლეგენდამ. ამ 100-დან ყველაზე მეტი ბურთი კუნს სწორედაც ჯორდების კარში აქვს გატანილი.

სერხიოს რამდენიმე დღის წინათ პელეგრინიმ ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი უწოდა. შესაძლოა, ჰარი კეინის, ჯეიმი ვარდის, რომელუ ლუკაკუსა და სხვათა გულშემატკივრებს არ ესიამოვნათ, მაგრამ ჩელელის სიტყვებში სიმართლის მსხვილი მარცვლებია, აგუერო წლებია, სტაბილურად აგრძელებს გატანას. ახლა მას 22 ბურთი უგროვდება, ვარდისა არ იყოს. ისინი 2-2 გოლით ჩამორჩებიან წინ გაჭრილ კეინს.

კარგი ამბავი "სიტისთვის" ისიც გახლდათ, რომ მინდორს დაუბრუნდნენ ვენსან კომპანი და რაჰიმ სტერლინგი. ბელგიელი ძირითადში იყო და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა. კომპანის კომპანია გუნდს მადრიდის "რეალთან" ძალიან გამოადგება. სტერლინგმა კი შეცვლაზე ითამაშა.

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ფანების ასეთი მხარდაჭერა და ერთად დგომა აუცილებელია. მადლობა მათ ამისთვის. ასეთივე შემართებით უნდა გავაგრძელოთ და გვჯეროდეს, იმედი გვქონდეს იმისა, რომ მომავალ მატჩს მოვიგებთ. სხვა გუნდების შედეგებზე გავლენას ვერ მოვახდენთ, ჩვენ საკუთარი თამაშები უნდა ჩავატაროთ კარგად. ყველა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გუნდი გადარჩეს" - თქვა ბენიტესმა.

მანუელ პელეგრინი: "მაინც კმაყოფილი ვარ. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი იქნებოდა და შესაძლოა, ცოტა გადაღლილებიც ვართ, რადგან ზედიზედ გვიწევს თამაში, მაგრამ კარგად დავიწყეთ, გოლი გავიტანეთ და მატჩის მსვლელობას ვაკონტროლებდით. სამ დღეში ძალების ბოლომდე აღდგენა ძნელია. ახლა მომავალ შეხვედრებზე უნდა ვიფიქროთ".

სტატისტიკა
* სერხიო აგუეროს პრემიერლიგაში უკვე 100 გოლი უგროვდება. ის 25-ე ფეხბურთელია, ვინც ეს მოახერხა.

* არგენტინელმა ამ ნიშნულს 147 შეხვედრაში მიაღწია. პრემიერლიგის ისტორიაში მხოლოდ ალან შირერმა შეძლო უფრო ნაკლებ მატჩში (124) 100 გოლის მოგროვება.

* კუნი პირველი სამხრეთამერიკელია, ვინც პრემიერლიგაში 100-გოლიან ნიშნულს უწია.

* აგუეროს ყველაზე ხშირად ინგლისის ჩემპიონატში სწორედ "ნიუკასლის" კარში გააქვს. მას ჯორდების კარში უკვე 11 ბურთი დაუგროვდა.

* "ნიუკასლს" "სიტისთვის" პრემიერლიგაში 19 მატჩია, არ მოუგია - 3 ფრე, 16 წაგება.

* "კაჭკაჭებმა" საკუთარ "სენტ ჯეიმს პარკზე" უკანასკნელი 7 შეხვედრიდან მხოლოდ 1 დათმეს.

* ვერნონ ანიტამ პრემიერლიგაში 2014 წლის მარტის მერე თავისი პირველი ბურთი შეაგდო, 53-მატჩიანი პაუზის მერე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული