როცა ადამიანის მთვარეზე გაფრენას უფრო ელოდნენ, ვიდრე "ლესტერის" ჩემპიონობას

AutoSharing Option
"ლესტერის" კონკიას ზღაპარმა" ყველა შოკში ჩაგვაგდო და ემოციურად და პოზიტიურად დაგვმუხტა. ალბათ, ყველა ჩვენგანი ცოტათი მაინც გრძნობს "ლესტერთან" სიახლოვეს. ამ კლუბის კონკურენტი გუნდების ფანების ნაწილიც კი ვერ მალავდა სიმპათიას.

იმდენად დიდი სენსაცია, პატარა სასწაული და უცნაური მოვლენა მოხდა, ამავდროულად, ფეხბურთისთვის ალბათ, საჭირო და დადებითი, რომ ამას ცივ გონებაზე და ცოტა მოგვიანებით კიდევ უფრო უკეთ გავიაზრებთ და გადავხარშავთ, იქამდე კი საბუკმეკერო კომპანიები თავიანთ ზარალს ამზეურებენ და ისინიც კი ღიმილით საუბრობენ მილიონობით ზარალზე.

"ლესტერის" მიღწევას ის კოეფიციენტიც კარგად ასახავს, რომელიც "მელიების" ჩემპიონობაზე
იყო გამოწერილი და თუ ამას სხვა მოულოდნელ მოვლენებს შევადარებთ, პარალელებს გავავლებთ და ფაქტებს გადავხედავთ, "მელიების" მიღწევის მასშტაბურობა მით უფრო თვალნათელი გახდება. კლაუდიო რანიერი ბიჭებს ეუბნებოდა - ოცნება რეალობად აქციეთო. აქციეს კიდეც.…

მელია ყურძენსაც შესწვდა და...
"ლესტერის" ჩემპიონობა ის მოვლენაა, რომელმაც ყველაზე მაღალკოეფიციენტიანი პროგნოზი გაამართლა. საქმე ისაა, რომ საბუკმეკერო კანტორებს "მელიების" ჩემპიონობაზე თავდაპირველად 5000 კოეფიციენტი ჰქონდათ გაწერილი. ეს დაახლოებით იმას ნიშნავს, რომ პრემიერლიგა ყოველწლიურად თუ გაგრძელდა, 7016 წლამდე "ლესტერი" ჩემპიონი მხოლოდ ერთხელ გახდება… ყოველ შემთხვევაში, ასე ჰგონიათ თუ ეგონათ ბუკმეკერებს.

"მელიები" კი ყურძენსაც შესწვდნენ და ყურძნისგან დაწურულ-გამოყვანილ სასმელებსაც შეექცეოდნენ "ჩელსისა" და "ტოტენჰემის" მატჩის საფინალო სასტვენის მერე, როდესაც ედენ აზარმა ზედიზედ მეორე სეზონში გაიტანა საჩემპიონო გოლი. ოღონდ, თუ წინა წელს მან საკუთარი "ჩელსი" გააჩემპიონა, ამჯერად ბელგიელის გოლმა ჩემპიონად "ლესტერი" აქცია.

აკი ამბობდა კიდეც ედენი, მე და ჩემს თანაგუნდელებს "ლესტერის" ჩემპიონობა გვინდაო - თქვა და აასრულა, თანაც, აზარის გოლი ძალიან ლამაზი იყო.

ასეთივე ლამაზი, დაუვიწყარი და მითიური სეზონი და წარმატება გამოუვიდათ ლესტერშირელებს.

კლაუდიო რანიერიმ ჯადოსნური ჯოხი დაიქნია და იმ კლუბისგან, რომლის ტრადიციული ძირითადი შემადგენლობაც 22,5 მილიონი გირვანქა დაჯდა, ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გამოძერწა.

საკლუბო სასწაულები აქამდეც ყოფილა, იმავე ინგლისში - "ნოტინგემ ფორესტის" ტრიუმფი ჩემპიონატში და შემდეგ ორჯერ მოგებული ჩემპიონთა თასი გავიხსენოთ. ასეთივე სასწაული იყო - ბენდესლიგაში გადმოსვლისთანავე გაჩემპიონებული "კაიზერსლაუტერნი"; იტალიაში "ვერონას" დაუვიწყარი სეზონი და ასე შემდეგ...

თუმცა ის ცოტა სხვა დრო იყო და თან ახლა, ასეთ კონკურენტულ და ძლიერ ლიგაში, სადაც გრანდები ასეულობით მილიონს ხარჯავენ, ასეთი "პატარა" გუნდის გაჩემპიონება არნახული მოვლენაა... 

ნაკრებებს თუ გადავწვდებით, ყველაზე ახალი საბერძნეთის ევროპის ჩემპიონობაა, მაგრამ სანაკრებო სპეციფიკა სხვაა - 6-7 მატჩის კარგად ჩატარებას მოითხოვს და ერთი თვე ფორმაში ყოფნას. "ლესტერმა" კი 38-ტურიანი ინგლისის ჩემპიონატი მოიგო!

ინგლისის ჩემპიონატი ჩვენს წელთაღრიცხვამდე 2984 წელს რომ დაწყებულიყო, დაახლოებით მაშინ, როდესაც სტოუნჰენჯი აიგო, დღევანდელ დღემდე, "ლესტერს" ერთხელ მოუწევდა ჩემპიონობა... ასე ჩათვალეს ბუკმეკერებმა და ეს დღეც დადგა.

თქვენ წარმოიდგინეთ და გამოჩნდნენ ადამიანები, ვისაც ამისი სჯეროდა. რამდენიმე ათეული ფსონი "ლესტერის" ჩემპიონობაზე გაკეთდა, სხვადასხვა დროს, მაღალ კოეფიციენტზე.

Sportall.Ge

ისინი, ვინც ფსონს "ლესტერზე" ჩამოვიდნენ
მაგალითად, "მელიების" ფანმა ლი ჰერბერტმა საყვარელი გუნდის ჩემპიონობაზე 5 ფუნტი დადო. ძნელი წარმოსადგენია, რას ფიქრობდა იმ დროს ლი.

ალბათ, მაინც ყველაზე ნაკლებად იმას, რომ 25 ათას ფუნტს მოიგებდა. ეს ალბათ, უფრო საყვარელი გუნდისადმი ერთგულების გამოხატვის, იღბლის მომტანი რიტუალის და მეგობრებში სათქმელ-საჩვენებელი პროგნოზის სინთეზი გახლდათ. სამაგიეროდ, ზუსტად ვიცით, რას ფიქრობდა ლი და რა ამოძრავებდა მას მაშინ, როდესაც 2 ფუნტით Cash Out ფუნქცია გამოიყენა. ჰერბერტმა ცდუნებას ვერ გაუძლო და იმ მომენტისთვის 2 ფუნტზე შეთავაზებულ 5 680 ფუნტს დაჰყაბულდა, აქაოდა, დარჩენილ ტურებში "ლესტერი" ჩემპიონი რომ ვეღარ გახდეს, დარდს ამ ფულით ნაყიდი ლუდის სმას გადავაყოლებო. სამაგიეროდ, 3 ფუნტი მან ძალაში დატოვა და კიდევ 11 594 მოიგო.

მაგალითად, Sky Bet-ი აცხადებს, რომ მოთამაშეებს სარეკორდოდ დიდი თანხა, 4,6 მილიონი დაურიგა, რადგან ხალხმა ნელ-ნელა "ლესტერის" დაიჯერა და დიდ კოეფიციენტზე გარკვეული ფსონის გაკეთებითა და სოლიდური თანხის მოგების პერსპექტივით მოიხიბლა.

ცხადია, საბუკმეკერო კანტორებს ამხელა თანხები უბრალოდ და სუფთად არ წაუგიათ, რადგან ბევრს "სიტის" თუ რომელიმე სხვა კლუბის ჩემპიონობაც ჰქონდა ნავარაუდები, მაგრამ ისინი ამიერიდან სიფრთხილის გამოჩენას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, აუტსაიდერებზე ამხელა კოეფიციენტებს არ დავუწერთო. თუმცა ვიცით, რომ 5000 კოეფიციენტი ამჯერად მაინც იქნება და ახლად აღზევებულ "ბარნლის" ექნება ჩემპიონობაზე.

"წარმოუდგენელი მოხდა და რეალობად იქცა. თუ აქამდე მსგავსი ფსონები ვინმეს ხუმრობად მიაჩნდა, ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. ახლა გრძელვადიან და მაღალ პროგნოზებზე კოეფიციენტების გაწერას უფრო ყურადღებით უნდა მოვეკიდოთ და "ლესტერს" 5000 კოეფიციენტი ნამდვილად აღარ ექნება!" - ღიმილით აღნიშნა Sky Bet-ის წარმომადგენელმა სანდრო დი მიკელემ.

Sportall.Ge

"ლესტერის" ისევ არ სჯერათ: უფრო გავარდება, ვიდრე ტიტულს შეინარჩუნებს
"უილიამ ჰილის" ცნობით, როდესაც "ლესტერს" ჩემპიონობაზე 5000 კოეფიციენტი ჰქონდა, ყველაზე მცირე ფსონი სწორედ 5 ფუნტი ყოფილა, ყველაზე მაღალი კი - 20. ეს კომპანია ირწმუნება, რომ 2,2 მილიონი გირვანქა იზარალა. ასეთი ფიასკო 1996 წლის მერე არ განგვიცდიაო. მაშინ ცნობილმა ჟოკეიმ, ფრენკი დეტორიმ Ascot-ის დოღზე მოხდენილი სასწაულებით "უილ ჰილს" 8 მილიონი დააკარგვინა.

ჩვენ უკვე ვიცით, რომ ახლა "ლესტერს" ჩემპიონობაზე მხოლოდ 40 კოეფიციენტი აქვს (მცირე სხვაობები სხვადასხვა კანტორაში), ხოლო ჰეთ თრიკის შესრულებაზე, ანუ ჩემპიონატის, ჩემპიონთა ლიგისა და ქვეყნის თასის მოგებაზე სულ რაღაც 1 000. ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ყველა საბუკმეკერო კანტორას "ლესტერის" გავარდნაზე უფრო დაბალი კოეფიციენტი აქვს, ვიდრე ჩემპიონობაზე.

ფსონები "ლესტერზე" მომავალი სეზონისთვის
ოთხეულში გასვლა: 7/1
პრემიერლიგის მოგება: 40/1
გავარდნა: 28/1
ინგლისის ლიგის თასის მოგება: 14/1
ასოციაციის თასის მოგება: 16/1
ჩემპიონთა ლიგის მოგება: 66/1
ჰეთ თრიკის შესრულება: 1000/1

ყველაზე ხმაურიანი მოგებული ფსონები ისტორიაში
5000/1: 2015/16 წლების სეზონში "ლესტერი" ინგლისის პრემიერლიგის ჩემპიონი გახდა

2500/1: ვინმე პიტერ ედვარდსმა 2000 წელს 50 ფუნტი დადო იმაზე, რომ მისი შვილიშვილი ჰარი, რომელიც მაშინ 3 წლის იყო, ერთ დღეს უელსის საფეხბურთო ნაკრებში ითამაშებდა. ჰარი უილსონი დღეს 19 წლისაა და "ლივერპულში" ირიცხება. ახალგაზრდა გარემარბს უელსის ნაკრებში დებიუტი 2013 წლის ოქტომბერში, 16 წლის ასაკში ჰქონდა (მას მერე ნაკრებში აღარც უთამაშია). ბაბუამ კი 125 ათასი ფუნტი მოიგო.

1000/1: ჯონ ფიცჯერალდ კენედის გასვლებითა და სიტყვებით შთაგონებულმა დევიდ ტრელფელმა 1964 წელს გააკეთა ფსონი, რომ დეკადის დასრულებამდე ადამიანი მთვარეზე ფეხს დადგამდა. მოგეხსენებათ, რომ ეს 1969 წელს მოხდა და ტრელფელს 10 ათასი ფუნტი მოუტანა, რომელიც დღესდღეობით 156 600 ფუნტს უდრის. დევიდმა თავისთვის სპორტული მანქანა იყიდა, რომლითაც ავარიაში მოყვა და სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

999/1: სპორტის ამერიკულ სახეობებში სარეკორდო კოეფიციენტი "სენტ ლუის კარდინალსმა" დააფიქსირა, როდესაც 2011 wesl World Series გამარჯვებული გახდა. არადა, ეს შესუსტებული, თითქოს, განადგურებული აუტსაიდერი გუნდი შეჯიბრებაზე შემთხვევით, Wild Card-ით მოხვდა.

500/1: "უილიამ ჰილი" ირწმუნება, რომ საფეხბურთო მატჩში არასოდეს ჰქონია ერთი გუნდის უბრალო მოგებას იმაზე მაღალი კოეფიციენტი, რომელიც გამართლებულა, როგორიც ამერიკის ნაკრებს ჰქონდა 1950 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ბელუ ორიზონტეში ინგლისის ნაკრების წინააღმდეგ. ამერიკელებმა სენსაციურად, 1:0 იმარჯვეს, ჰოლივუდში ამაზე ფილმიც გადაიღეს.

500/1: 1981 წელს ავსტრალიისა და ინგლისის კრიკეტში გამართულ დუელში ავსტრალიელებს იმხელა უპირატესობა ჰქონდათ, რომ ინგლისელების გამარჯვებას ვერავინ წარმოიდგენდა. თუმცა იან ბოტემისა და ბობ უილისის ბრწყინვალე თამაშით ინგლისელებმა თამაში შემოატრიალეს. ავსტრალიელმა ადამიანებმა, დენის ლილიმ და როდ მარშალმა კი ხუმრობით ინგლისის გამარჯვებაზე მცირე ფსონი გააკეთეს, რამაც მათ 7500 ფუნტი მოუტანა.

300/1: ამერიკული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი კოეფიციენტი "სენტ ლუის რემსმა" დააფიქსირა, როდესაც 1999 წელს სუპერბოული მოიგო. 1998 წელს ამ კლუბის მოგება-წაგების მაჩვენებელი 4-12 გახლდათ. შემდეგ მათ სეზონის დაწყებამდე ტენტ გრინი დაკარგეს, კვოტერბეკი და მთავარი ვარსკვლავი, რომელსაც 17,5-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმეს, მან მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო. მიუხედავად ამისა, "სენტ ლუისმა" რეგულარულ სეზონში 13 მატჩი მოიგო და მხოლოდ 3 დათმო, რასაც პლეი ოფის ტრიუმფით ჩატარება და საბოლოო გამარჯვება მოჰყვა.

250/1: დოღი აზარტული ადამიანების ერთ-ერთი საყვარელი და ყველაზე პოპულარული სახეობაა. მოგეხსენებათ, დოღში და მის გარშემო დიდი ფულიც ტრიალებს. დიდი ისტორიის განმავლობაში ყველაზე მაღალი კოეფიციენტი კონკრეტულ გამარჯვებულზე 1990 წელს დაფიქსირდა, როდესაც ცხენმა, სახელად Equinoctial-მა ყველას მოლოდინს გადააჭარბა.

150/1: ასეთი კოეფიციენტი დაფიქსირდა გორან ივანიშევიჩის გამარჯვებისას უიმბლდონზე. ეს 2001 წელს მოხდა და ქარიზმატული ჩოგბურთელი ტურნირზე "უაილდ ქარდით" მოხვდა, მოწვევით, შემთხვევით… ასეთივე კოეფიციენტი ჰქონდა საბერძნეთის ჩემპიონობას ევრო 2004-ზე. ამდენივე კოეფიციენტით გაიხარეს ადამიანებმა, რომელმაც ივარაუდეს, რომ ინგლისელი პოლიტიკოსი ჯერემი კორბინი 2015 წელს "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი გახდებოდა.

42/1: 1990 წელს მაიკ ტაისონის ბასტერ დაგლასთან მარცხი სპორტის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს სენსაციადაა მიჩნეული. "რკინის მაიკის" შოკისმომგვრელ წაგებას და რინგზე გაცილებით უცნობ მოკრივესთან სენსაციურ დაცემასთან დაკავშირებულ კოეფიციენტს "ლესტერის" ჩემპიონობაზე გამოწერილ კოეფიციენტს თუ შევადარებთ, "მელიების" ტრიუმფის მნიშვნელობა და ფასი მართლაც კიდევ უფრო მკაფიოდ გამოიკვეთება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ლაბაძემ რომ აგასის მოუგო ჩააკვეხეთ სადმე
მამბა
19:02 04-05-2016
0

სიახლეები პოპულარული