საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ 35 წლის ჯონ ტერი "ჩელსიდან" წავა. როგორც ჩანს, კლუბი არ აპირებს ცოცხალი ლეგენდისათვის ახალი კონტრაქტის შეთავაზებას. ეს საკითხი "არისტოკრატთა" ფანობისათვის ძალიან მტკივნეულია.
გუსი მხარს უჭერს
"ჩელსი" არ არის განებივრებული დიდი ტრადიციებით, თუმცა ისიცაა, რომ გუნდში ახალი მწვრთნელი მოდის და ის მწვრთნელი ახლებურად ხედავს გუნდის მომავალს. ანტონიო კონტეს უყვარს, როცა დაცვას თავისებურად აწყობს. როგორც ჩანს, ის მიიჩნევს, რომ ჯონ ტერის ასაკი განსაკუთრებული პრობლემაა.ამ თემას ჩვენს წერილში აუცილებლად
"ის ბუნებით ნაღდი მენტორია და მინდორზე ფასდაუდებელი სარგებლობის მოტანა შეუძლია გუნდისათვის. პირადად მე ვთვლი, რომ სრულფასოვნად მისი შეცვლა შეუძლებელია. კაპიტნის კონტრაქტი სრულდება და მე ძალიან ვჯავრობ ამის გამო, როგორც "ჩელსის" უბრალო გულშემატკივარი. ჯონისა და კურტ ზუმას წყვილი დაცვის ცენტრში მე მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ მიმაჩნია.
იმედი მაქვს, ჯონ ტერი კიდევ დიდხანს დარჩება ფეხბურთში. მე ის ფეხბურთის გარეშე საერთოდ ვერ წარმომიდგენია. მინდა ვთქვა, რომ მე დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მასთან ერთად მომავალში და რა პერიოდიც ერთად გავატარეთ, ამისთვის მას მადლობა უნდა ვუთხრა", - აღნიშნა ჰიდინკმა, ვინც "ჩელსის" სეზონის ბოლოს დატოვებს და ასპარეზს ანტონიო კონტეს დაუთმობს.
რა უნდა კონტეს?
კონტე ვახსენეთ და რა თქმა უნდა, ახალ მთავარ მწვრთნელს თავისი პოლიტიკა ექნება ახალ გუნდში. ვის მოიყვანს კონტე "ჩელსიში" მცველის პოზიციაზე? ინგლისური საინფორმაციო საშუალებები ვარაუდობენ, რომ ეს იქნება ტურინის "იუვენტუსის" მცველთაგან ერთ-ერთი, უფრო კი ლეონარდო ბონუჩი.ბონუჩის და კონტეს შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ. მათ დიდი ხანია იციან, რა არის ერთად მუშაობა. კონტეს მწვრთნელობას "იუვენტუსში" დაემთხვა ბონუჩის დიდი პროგრესი. რა თქმა უნდა, ლეონარდო ანტონიოს ძალიან ემადლიერება.
ამბობენ, რომ კონტეს გუნდში ტერის გაჩერება კიდევ ერთი მიზეზის გამო არ სურს და რომ ყველაფერში ასაკი ნამდვილად არ არის დამნაშავე. საქმე ისაა, რომ კონტეს უყვარს, როცა ის მინდორზეც და გასახდელშიც პირველი კაცია, მთავარი ავტორიტეტია.
ასეთი იყო კონტე "იუვენტუსში" და იქ მან ძალიან ძლიერი გუნდი გამოძერწა. ის კი არა, თანამედროვე "იუვეს" წარმატებებს ბევრი კონტეს სახელს უკავშირებს. ამაში არის სიმართლის დიდი მარცვალი.
იმ "იუვეში" უმაღლესი დონის ფეხბურთელები თამაშობდნენ. რაღა შორს წავიდეთ, იქ იყო ანდრეა პირლო, განსაკუთრებული ფეხბურთელი, შეტევების ნაღდი კონსტრუქტორი და დიდი სათამაშო ინტელექტის პატრონი.
და ამ შემთხვევაშიც კი მთავარი კაცი "იუვეში" სწორედ კონტე იყო. სადღაც, გულის სიღრმეში, მას შეიძლება ეშინია, რომ თუ გუნდში ტერი დარჩება, ასე აღარ იქნება. ეს არგუმენტი სათვალავშია ჩასაგდები.
სად წავა ჯონი?
სად წავა კაპიტანი იმ შემთხვევაში, თუ "ჩელსი" მასთან კონტრაქტს აღარ გააგრძელებს? ეს საკითხი ახლა ყველას ძალიან აღელვებს. ერთი ფაქტია - ჯონი უგუნდოდ არ დარჩება. ფაქტია, სხვა ინგლისურ კლუბში ტერის წარმოდგენა ძალიან რთულია.ჩვენ გვახსოვს, რომ ამ დიდებული მცველის კარიერაში იყო ძალიან ხანმოკლე იჯარა, მაგრამ ეს მხოლოდ სტატისტიკოსებისათვის თუ არის მნიშვნელოვანი. ჯონი მთელი თავისი კარიერით და შეგნებით არის არისტოკრატი.
ამბობენ, რომ ტერი შესაძლოა, ამერიკულ ლიგაში წავიდეს. ასე ბევრი ვარსკვლავი მოქცეულა. შორს არც ჩინური პერსპექტივაა. ამერიკისა არ იყოს, მილიონები იქაც სამყოფად არის.
არადა, ჯონს კიდევ შეუძლია, ერთი - ორი სეზონი მაღალ დონეზე ითამაშოს. ეს შეუიარაღებელი თვალითაც კი კარგად ჩანს. ტერის გამოცდილება ნებისმიერ ევროპულ კლუბს დაამშვენებდა.
თავის დროზე ლონდონის "ჩელსის" მფლობელს, რომან აბრამოვიჩს არაერთხელ უთქვამს, რომ ტერი არ იყიდება. როგორც ჩანს, ყავლი პრეზიდენტის სიტყვებსაც გასდით. წესით, ტერისა და "ჩელსის" რომანი მალე უნდა დასრულდეს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"