აპენინური გაზეთების მთავარ გვერდებზე მეტწილად რანიერია გამოსახული და ბუნებრივია, რომ ჟურნალისტები მის მიმართ საქებარ ეპითეტებს არ იშურებენ. "ლესტერის" გაჩემპიონებიდან მეორე დღეს, "გაძეტა დელო სპორტი" ასეთი სათაურით გამოვიდა: "მეფე კლაუდიო" და ბუნებრივია, რომ ეს თემა ვრცლად იყო გაშლილი...
კლაუდიო რანიერის გამარჯვებას სრულიად იტალია ულოცავს - შესაბამისი შინაარსის განცხადებები ვრცელდება სოციალურ ქსელში, პრესაში, ტელევიზიაში და ა.შ. გავეცნოთ რამდენიმე მათგანს...
კარლო ტავეკიო (იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი): "ჩვენ ვნახეთ თუ, როგორ უნდა შეასრულო შეუსრულებელი მისია. ეს არის დაუჯერებელი ისტორია, რომელიც არასდროს დაგვავიწყდება. ბრავო რანიერის, რომელიც მოთავეა ამ დიდი გამარჯვების. ჩვენ კიდევ ერთხელ დავინახეთ, რომ იტალიური სამწვრთნელო სკოლა საუკეთესოა მსოფლიოში".
ანტონიო კონტე (იტალიის ნაკრების მწვრთნელი): "მინდა მივულოცო კლაუდიო რანიერის დიდი გამარჯვება, რომელიც მან ნამდვილად დაიმსახურა. "ლესტერის" ისტორია ზღაპარს ჰგავს, რომელიც ცხადად იქცა და რომელმაც ფეხბურთის მოყვარულებს დიდი სიამოვნება მოგვანიჭა".
ფრანჩესკო ტოტი (რომას კაპიტანი): "ჩემი ღრმა პატივისცემა და გულწრფელი მილოცვა ბოსს. თქვენ შეუდარებელი იყავით მთელი სეზონის განმავლობაში და დაიმსახურეთ ტიტული. ეს არის გამარჯვება, რომელიც თაობებს ემახსოვრებათ".
მესამე იტალიელი
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, რომ მას შემდეგ, რაც ინგლისის ჩემპიონატი პრემიერლიგად იქცა, ეს ტურნირი ინგლისელ მწვრთნელს არ მოუგია. სამაგიეროდ, კლაუდიო რანიერი მესამე იტალიელი მწვრთნელია, რომლის გუნდმაც ამ საპატიო ტიტულის მოგება შეძლო. რანიერიმდე, ეს კარლო ანჩელოტიმ გააკეთა "ჩელსისთან" ერთად და რობერტო მანჩინიმ "მანჩესტერ სიტისთან" ერთად.იტალიელი მწვრთნელების გარდა, პრემიერლიგა კიდევ 5 მწვრთნელს აქვს მოგებული: 13-ჯერ ალექს ფერგიუსონს, 3-ჯერ ჟოზე მოურინიოს, 3-ჯერ არსენ ვენგერს, ხოლო თითოჯერ კენი დალგლიშს და მანუელ პელეგრინის. მოკლედ, ტიტულებით წინ შოტლანდიელები არიან, მაგრამ მწვრთნელთა რაოდენობით პირველ ადგილს იტალია იკავებს.
იტალიელთა დომინაცია გრძელდება
პრემიერლიგაში იტალიელ მწვრთნელთა რაოდენობა იზრდება. სეზონის წინ, ინგლისის უმაღლეს ლიგაში მხოლოდ ერთი აპენინელი სპეციალისტი, კლაუდიო რანიერი მუშაობდა, მაგრამ მოგვიანებით, მას ფრანჩესკო გვიდოლინი დაემატა. "უდინეზეს" ყოფილი თავკაცი გასავარდნ ზონაში მყოფ "სუონსის" ჩაუდგა სათავეში და გადაარჩინა გუნდი დაქვეითებისგან. დიდი ალბათობით, გვიდოლინი გააგრძელებს კონტრაქტს უელსურ გუნდთან და დარჩება პრემიერლიგაში.
რანიერის და გვიდოლინს ანტონიო კონტეც შეუერთდება, რომელიც ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, დატოვებს იტალიის ნაკრებს და "ჩელსის" ჩაუდგება სათავეში. წინასწარი პროგნოზით, კონტეს გუნდი პრემიერლიგის მოგების ერთ-ერთი უმთავრესი პრეტენდენტი იქნება.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"