* წაგების მიუხედავად, "ტოტენჰემმა" ჩემპიონთა ლიგის საგზური გაინაღდა.
* "ასტონ ვილამ" წაგებების სერია დაასრულა.
"ლესტერმა" ერთხელაც დაამტკიცა, რომ ჩემპიონი ყველანაირი გაგებითა და ლოგიკით დამსახურებულად გახდა. მართალია, "მელიები" კარგა ნაქეიფრები იქნებოდნენ, მაგრამ ამის მიუხედავად, ზოგ-ზოგიერთი გრანდივით მოსაწყენი და უღიმღამო ბურთის გორება არ დაუწყიათ და ფანებს საუცხოო შოუ შესთავაზეს.
"ლესტერმა" ძველებური ჟინითა და შემართებით იბურთავა და ძალიან ადვილად მოუგო "ევერტონს". ორმატჩიანი უქმობის მერე თამაშს მოწყურებულმა ჯეიმი ვარდიმ წყვილი გოლი შემოგვთავაზა და
რიად მაჰრეზმა მას ორივეჯერ დაუთმო დარტყმის უფლება, რადგან ჯეიმი ბომბარდირობისთვის იბრძვის. "კანფეტებს" რაც შეეხება, მათი, განსაკუთრებით, დაცვაში თამაში ძალიან მძიმე სანახავია და რობერტო მარტინესმა ჯერ იმაზე უნდა იზრუნოს, რომ უფროსობა დაარწმუნოს, არ გაუშვან და მერე ამ ხვრელების ამოვსებას მიჰყოს ხელი.
რა ხდებოდა მატჩის წინ ლესტერში, "კინგ პაუერზე" გამართულ ცერემონიებზე, გამორჩეულ ბანერებზე, სტუმრებსა და მთელ ამ ამბებზე კი ცალკე ვისაუბროთ.
"კაჭკაჭების" გასაჭირი
როდესაც "სანდერლენდის" შემტევებს გოლები გააქვთ, "შავ კატებს" ყველაფერი კარგად აქვთ. ამაზე "ჩელსისთან" გამართული შეხვედრაც მშვენივრად მეტყველებს, რომელშიც სემ ელარდაისის გუნდი ორჯერ აგებდა "ლურჯებთან", მაგრამ საბოლოოდ იმარჯვა. ფაბიო ბორინიმ ძალიან საჭირო დროს შეაგდო და კიდევ ერთხელ აღადგინა წონასწორობა - 2:2. მატჩის გმირად მაინც ჯერმინ დეფო იქცა. აბა, სხვაგვარად, როგორ იქნებოდა, მან 3 წუთში შეაგდო. ვეტერანის გოლმა "სანდერლენდს" უაღრესად საჭირო 3 ქულა მოუტანა. ცოტაც და, კლუბი დარჩენას გაინაღდებს, მაგრამ ჯერ კიდევ ბრძოლაა საჭირო.
"შავ კატებს" ხელი შეუწყვეს კონკურენტებმა. "ნორვიჩი" თავის "ქეროუ როუდზე" დამარცხდა "მანჩესტერთან".
მართალია, ბოლომდე იწვალა და თუნდაც ქულის გადარჩენის შანსს უკანასკნელ წამებამდე ინარჩუნებდა, მაგრამ გამარჯვება "წითელ ეშმაკებს" ძალიან სჭირდებოდათ - მათ ხუან მატას ეული ბურთით იმარჯვეს.
თუ "ნორვიჩის" წაგება მოულოდნელობა არ იყო, "ნიუკასლის" ვერმოგებას, ალბათ, ნაკლებად წარმოიდგენდა ვინმე, რადგან ჯორდები გავარდნილ და დეგრადირებულ "ასტონ ვილას" სტუმრობდნენ. მით უფრო რთული სავარაუდო გახლდათ, რომ ბირმინგემში გოლი საერთოდ არ გავიდოდა. თუმცა სწორედაც ასე მოხდა და რაფაელ ბენიტესის "კაჭკაჭებმა" ნელ-ნელა ჩემპიონშიპში ბუდის მომზადებაზე უნდა დაიწყონ ფიქრი.
"ვესტ ჰემ იუნაიტედს" "ბოლეინ გრაუნდზე" უმოტივაციო "სუონსისთან" ადვილად უნდა მოეგო, თანაც ფრანჩესკო გვიდოლინს რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი აკლდა. მატჩიც ლონდონელთა უპირატესობით დაიწყო, მაგრამ "თეთრმა გედებმა" საწყის წუთებში გაძლეს. აი, ამის მერე კი იფრინეს და მეტოქეს შანსი არ დაუტოვეს.
კარგად წარმოაჩინეს თავი ახალგაზრდებმა - კინგსლიმ და ბერდოუმ. მშვენივრად იბურთავა კიმ, ანდრე აიუმ და ასევე, შეცვლაზე შესულმა ბაფეტიმბი გომისმა.
ნირწამხდარი "დეზები"
"ენფილდზე" მშვიდობიანი მატჩი იყო "ლივერპულსა" და "უოტფორდს" შორის. იურგენ კლოპის ბიჭებმა ხასიათის გაკაჟება გააგრძელეს და 2:0 მოიგეს.სამაგიეროდ, არანაირი სიმშვიდე არ იყო კვირა დღის დარჩენილ ორ შეხვედრაში. "ტოტენჰემმა", როგორც ჩანს, ზედმეტად განიცადა ჩემპიონობის შანსის დაკარგვა და "საუთჰემპტონთანაც" წააგო.
"წმინდანები კარგ ფორმაში არიან, რაც "უაით ჰართ ლეინზეც" დამტკიცდა. ვეღარ ამაგრებენ დუშან ტადიჩს, მან კიდევ ორი საგოლე პასი გააკეთა და ორივეჯერ დევისს გაატანინა. არადა, სონის ბურთით "დეზები" იგებდნენ.
მაურისიო პოჩეტინოს კლუბმა "არსენალს" ქულებით გათანაბრების შანსი მისცა, არადა, ფანები ახლა პირველ რიგში, სწორედ იმაზე ოცნებობენ, რომ "მეთოფეებზე" წინ დაამთავრონ ჩემპიონატი. ეს ინტრიგაღა შემორჩა.
"არსენალს" თანაქალაქელის წინ გაშვება შეიძლება არ უნდა, მაგრამ საკითხს პრაგმატულად მიუდგა და "სიტისთან" არა მოსაგებად, არამედ ქულაზე ითამაშა, ქულაზე, რომელმაც არსენ ვენგერს, წესით, სამეულში ადგილი უნდა გაუნაღდოს და გადათამაშება თავიდან აარიდოს, რადგან ბოლო ტურში "არსენალი" "ასტონ ვილას" ხვდება და იმ შეხვედრაში რაც მოხდება, ადვილად წარმოგვიდგენია.
სამაგიეროდ, ვერ წარმოგვიდგენია და არ ვიცით, ვინ იქნება მეოთხე. "სიტი" საკუთარ თავზე აღარ არის დამოკიდებული და თუ მისი თანაქალაქელი "მანჩესტერი" ორივე დარჩენილ შეხვედრას მოიგებს (შუა კვირაში გასვლაზე "ვესტ ჰემთან" და ბოლო ტურში შინ "ბორნმუთთან"), "ქალაქელებს" სწორედ "წითელი ეშმაკები" გადაასწრებენ.
"სიტის" ასეთ მდგომარეობაში თავის ჩაგდება არ სურდა და თავიდანვე აქტიურად და აგრესიულად დაიწყო, კარგად შეუტია და დამსახურებულადაც გაიტანა. თავისი 24-ე ბურთი შეაგდო სერხიო აგუერომ. ახლა ის და ჯეიმი ვარდი ერთით ჩამორჩებიან ჰარი კეინს. ბრძოლა ამ მხრივაც გრძელდება.
"ეტიჰადზე", ზოგადად, კარგი მატჩი იყო. ლაღი, ლამაზი ფეხბურთი. ერთი ცუდი დენი უელბეკის ტრავმა გახლდათ, რომელიც რამდენად სერიოზულია, ჯერ ზუსტად არ ვიცით (ისევე, როგორც "მანჩესტერის" იტალიელი მცველის, მატეო დარმიანის ტრავმა ჰგავს სერიოზულს, უელბეკის შემთხვევაშიც სანერვიულოა). ანგარიში ოლივიე ჟირუმ გაათანაბრა და მოგვიანებით მანვე ჯადოსნური პასით მესუთ იოზილის არყოფნა გუნდს არ დაატყო და ალექსის სანჩესს გაატანინა.
თუმცა ჩილელის გოლამდე "სიტი" კევინ დე ბრუინს ჰყავდა დაწინაურებული შესანიშნავი სოლო-გოლით (ჩეხმა ორივე ბურთი ახლო კუთხეში გაუშვა). ვენგერის გუნდმა კი ცუდად არ იბურთავა, როცა შესატევი იყო, შეუტია; როცა დაცვა გახდა საჭირო, თავი დაიცვა და მუსიე არსენმა სანუკვარი ქულა აიღო. მას უკვე 6 მატჩია, არ წაუგია "სიტისთან". ფრანგი პელეგრინისთვის უხერხულ მეტოქედ დარჩა.
პეპ გვარდიოლას კი "სიტი", შესაძლოა, ჩემპიონთა ლიგის მიღმა დახვდეს. ვინ წარმოიდგენდა.
პრემიერლიგა. XXXVII ტური
7 მაისი
ნორვიჩი-მანჩესტერი 0:1
გოლი: 0:1 მატა (72)
ნორვიჩი (4-4-1-1): რადი - პინტუ, მარტინი, ბასონგი, ოლსონი - ბრეიდი (63. მბოკანი), ჰოუსონი (78. დორანსი), ო'ნილი. რედმონდი - ჰულაჰანი - ჯერომი (78. ბამფორდი)
მანჩესტერი (4-1-4-1): დე ხეა - ვალენსია, სმოლინგი, როხო, დარმიანი (16. ბორტვიკ-ჯექსონი) - კერიკი (88. ფოსუ-მენსა) - მატა, ლინგარდი (78. შნედერლენი), ერერა, დეპაი - რუნი
გაფრთხილება: ო'ნილი -
კუთხური: 1-6 ჯარიმა: 11-10 თამაშგარე: 0-1 კარში დარტყმა: 8(2)-15(2) ბურთის ფლობა: 33%-67%
მაყურებელი: 27 132
ასტონ ვილა-ნიუკასლი 0:0
ასტონ ვილა (3-5-2): ბანი - ბაკუნა, ლესკოტი, კლარკი - ჰატონი, ვესტვუდი, სანჩესი, გეიე, ტონერი - სინკლერი (90. ჰეპბერნ-მერფი), ჯ. აიუ
ნიუკასლი (4-2-3-1): დერლოუ - ანიტა, მბემბა, ლასკელსი, დამეტი - ტიოტე (68. პერესი), კოლბეკი (90. დე იონგი) - თაუნსენდი, სისოკო, ვეინალდუმი - სისე (52. მიტროვიჩი)
გაფრთხილება: კლარკი - დამეტი
კუთხური: 0-5 ჯარიმა: 8-13 თამაშგარე: 1-1 კარში დარტყმა: 2(0)-9(3) ბურთის ფლობა: 46%-54%
მაყურებელი: 33 055
ბორნმუთი-ვესტ ბრომვიჩი 1:1
გოლები: 0:1 რონდონი (16), 1:1 რიტჩი (82)
ბორნმუთი (4-4-2): ბორუცი - ფრანსისი, ელფიკი, კუკი, დენიელსი - სტანისლასი (74. რიტჩი), სურმენი, არტერი, გრადელი (61. კინგი) - გრაბანი, აფობე (60. უილსონი)
ვესტ ბრომვიჩი (4-2-3-1): ფოსტერი - დოუსონი, მაკკოლი, ოლსონი, ევანსი - იაკობი, ფლეტჩერი - ლეკო (86. სანდრო), გარდნერი (74. ბერაჰინო), მაკლინი - რონდონი
შენიშვნა: გარდნერმა ვერ გაიტანა პენალტი (43)
გაფრთხილება: ელფიკი, არტერი - იაკობი
კუთხური: 5-3 ჯარიმა: 5-8 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 12(4)-12(4) ბურთის ფლობა: 69%-31%
მაყურებელი: 11 040
კრ. პალასი-სტოკი 2:1
გოლები: 0:1 ადამი (26), 1:1 გეილი (47), 2:1 გეილი (68)
კრ. პალასი (4-4-2): ჰენესი - უორდი, დანი, დელანი, სუარე - პანჩონი, მაკარტური, კაბაი (46. ლედლი; 56. მატჩი), ბოლაზი - ვიქჰემი, გეილი (90+2. საკო)
სტოკი (4-2-3-1): ჰოგარდი - ბერდსლი, შოუკროსი, კემერონი, პიტერსი - იმბულა, უელანი (75. ბოიანი) - შაქირი (65. უოლტერსი), ადამი (65. აირლენდი), არნაუტოვიჩი - კრაუჩი
გაფრთხილება: მაკარტური, სუარე - უელანი, პიტერსი, აირლენდი
კუთხური: 4-3 ჯარიმა: 8-18 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 17(4)-12(3) ბურთის ფლობა: 58%-42%
მაყურებელი: 23 990
სანდერლენდი-ჩელსი 3:2
გოლები: 0:1 დიეგო კოშტა (14), 1:1 ხაზრი (41), 1:2 მატიჩი (45+2), 2:2 ბორინი (67), 3:2 დეფო (70)
სანდერლენდი (4-1-4-1): მანონე - იედლინი, კონე (55. ო'ში), ქაბული, ვან ანჰოლტი - კირხჰოფი (64. უოტმორი) - კატერმოლი (71. ლარსონი), მ'ვილა, ხაზრი, ბორინი - დეფო
ჩელსი (4-2-3-1): კურტუა - ივანოვიჩი (68. ბაბა), კეჰილი, ტერი, ასპილიკუეტა - ობი მიკელი (83. ტრაორე), მატიჩი - ვილიანი (80. ოსკარი), ფაბრეგასი, აზარი - დიეგო კოსტა
გაფრთხილება: კატერმოლი, დეფო, ქაბული, ლარსონი - კეჰილი, ტერი, ტერი
გაძევება: ტერი (90+5)
კუთხური: 3-3 ჯარიმა: 11-9 თამაშგარე: 6-1 კარში დარტყმა: 15(4)-9(8) ბურთის ფლობა: 31%-69%
მაყურებელი: 47 050
ვესტ ჰემი-სუონსი 1:4
გოლები: 0:1 რუტლეჯი (25), 0:2 ა. აიუ (31), 0:3 კი (51), 1:3 კინგსლი (68-ს.კ-ში), 1:4 გომისი (90+3)
ვესტ ჰემი (4-2-3-1): რენდოლფი - ანტონიო, რიდი, ოგბონა, კრისუელი - კუიატე (77. ემენიკე), ნოუბლი - პაიე, ლანსინი (84. ვალენსია), მოზესი (59. სახო) - კეროლი
სუონსი (4-3-3): ფაბიანსკი - ნოტონი, ფერნანდესი, ამატი, კინგსლი - კი, კორკი, ფერი - ბეროუ (70. რანხელი), რუტლეჯი (82. გომისი), ა. აიუ (90+4. ბრიტონი)
გაფრთხილება: სახო, რიდი, ოგბონა -
კუთხური: 13-3 ჯარიმა: 11-8 თამაშგარე: 3-2 კარში დარტყმა: 25(7)-13(6) ბურთის ფლობა: 52%-48%
მაყურებელი: 34 907
ლესტერი-ევერტონი 3:1
გოლები: 1:0 ვარდი (5), 2:0 კინგი (33), 3:0 ვარდი (65-პენ.), 3:1 მირალასი (88)
ლესტერი (4-4-1-1): შმეიხელი - სიმპსონი, ვასილევსკი, მორგანი, ფუხსი - კანტე, კინგი, ოლბრაიტონი (67. შლუპი), მაჰრეზი (90+1. გრეი) - ოკაზაკი (62. ულოა), ვარდი
ევერტონი (4-1-4-1): რობლესი - ოვიედო, სტოუნსი, პენინგტონი, ბეინსი - ბარკლი (81. ოსმანი), მაკარტი, ლენონი, კლევერლი (63. გიბსონი) - ნიასი (63. მირალასი), ლუკაკუ
შენიშვნა: ვარდიმ ვერ გაიტანა პენალტი (72)
გაფრთხილება: - პენინგტონი, კლევერლი, გიბსონი
კუთხური: 12-4 ჯარიმა: 4-12 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 32(8)-9(5) ბურთის ფლობა: 41%-59%
მაყურებელი: 32 140
8 მაისი
ტოტენჰემი-საუთჰემპტონი 1:2
გოლები: 1:0 სონი (16), 1:1 დევისი (31), 1:2 დევისი (72)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - უოკერი, ალდერვეირელდი, ვერტონგენი, როუზი - მეისონი (78. შადლი), დაიერი - ლამელა, ერიკსენი, სონი (65. ნ?იე) - კეინი
საუთჰემპტონი (4-2-3-1): ფორსტერი - მარტინა, ფონტე, ვან დეიკი, ბერტრანი - ვანიამა, კლასი (58. რომეუ) - დევისი, მანე (65. პელე), ტადიჩი (86. უორდ-პრაუსი) - ლონგი
გაფრთხილება: - მანე, რომეუ, ლონგი
კუთხური: 10-2 ჯარიმა: 8-16 თამაშგარე: 1-3 კარში დარტყმა: 20(6)-10(2) ბურთის ფლობა: 71%-29%
მაყურებელი: 35 748
ლივერპული-უოტფორდი 2:0
გოლები: 1:0 ალენი (35), 2:0 ფირმინო (76)
ლივერპული (4-2-3-1): მინოლე - ფლენეგანი, შკრტელი, ლუკასი, მორენო (88. რენდალი) - ალენი, სტიუარტი - ოჯო (78. ბრენეგანი), კოუტინიო (61. ფირმინო), აიბი - ბენტეკე
უოტფორდი (4-2-3-1): გომესი - პრიოდლი, კატკარტი, ბრიტოსი, ანია - აბდი (69. ამრაბატი), ხურადო (57. ბერგუისი), უოტსონი, სუარესი (53. გედიურა) - დინი, იგალო
გაფრთხილება: ფლენეგანი - ბრიტოსი, ბერგუისი
კუთხური: 8-8 ჯარიმა: 10-15 თამაშგარე: 2-1 კარში დარტყმა: 19(5)-14(3) ბურთის ფლობა: 66%-34%
მაყურებელი: 43 341
სიტი-არსენალი 2:2
გოლები: 1:0 აგუერო (8), 1:1 ჟირუ (10), 2:1 დე ბრუინი (51), 2:2 სანჩესი (68)
სიტი (4-2-3-1): ჰარტი - სანია, ოტამენდი, მანგალა, კლიში - ფერნანდინიო, ფერნანდო (79. იაია ტურე) - ნავასი (79. ბონი), იჰეანაჩო (71. სტერლინგი), დე ბრუინი - აგუერო
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, გაბრიელი, კოშელნი, ნაჩო მონრეალი - ელნენი (76. კოკლენი), რემზი - სანჩესი, აივობი (59. უოლკოტი), უელბეკი (24. უილშირი) - ჟირუ
გაფრთხილება: ოტამენდი, ფერნანდინიო - გაბრიელი
კუთხური: 7-2 ჯარიმა: 16-10 თამაშგარე: 3-3 კარში დარტყმა: 14(3)-5(2) ბურთის ფლობა: 57%-43%
მაყურებელი: 54 425
ბომბარდირები:
25 - ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 24 - სერხიო აგუერო (სიტი), ჯეიმი ვარდი (ლესტერი); 18 - რომელუ ლუკაკუ (ევერტონი); 17 - რიად მაჰრეზი (ლესტერი); 15 - ჯერმინ დეფო (სანდერლენდი).
გადადებული მატჩები
10 მაისი:
ვესტ ჰემი-მანჩესტერი.
11 მაისი:
სანდერლენდი-ევერტონი, ნორვიჩი-უოტფორდი, ლივერპული-ჩელსი.
ბოლო ტური
15 მაისი:
არსენალი-ასტონ ვილა, მანჩესტერი-ბორნმუთი, საუთჰემპტონი-კრ. პალასი, ჩელსი-ლესტერი, ვესტ ბრომვიჩი-ლივერპული, სუონსი-სიტი, ევერტონი-ნორვიჩი, უოტფორდი-სანდერლენდი, ნიუკასლი-ტოტენჰემი, სტოკი-ვესტ ჰემი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"