ვესტ ჰემი-მანჩესტერი. გამოხმაურება: რისი იმედი უნდა ჰქონდეს ვან გაალს?

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამშაბათ საღამოს, "ბოლეინ გრაუნდზე", ფანთა ნაწილისთვის კი "აპტონ პარკზე", სევდიანი და, ამავდროულად, საამაყო საღამო იყო.

"ვესტ ჰემ იუნაიტედი" იმ სტადიონს ემშვიდობებოდა, სადაც 112 წლის განმავლობაში "იცხოვრა", სადაც არაერთი შთამბეჭდავი მატჩი ჩაატარა და დიდი ამბები გადაიტანა.

შეუძლებელი გახლდათ, ეს დამშვიდობება უბრალო ყოფილიყო და არც იყო - … "ჩაქუჩებს" ალაგ-ალაგ, ხულიგანი ქომაგებიც ჰყავთ. მათ "მანჩესტერის" ავტობუსი დააზიანეს, გარკვეულ შეხლა-შემოხლასაც ვერ ავცდით, მაგრამ მთავარი უშუალოდ მინდორზე მოხდა.

მატჩი "ვესტ ჰემისთვის" ღირსების საკითხი გახლდათ, ხოლო "წითელ ეშმაკებს" ქულები ძალიან სჭირდებოდათ. თუ ლუი ვან გაალი
ორივე დარჩენილ მატჩს მოიგებდა, მეოთხე ადგილზე დაასრულებდა სეზონს, რაც გარემოებების გათვალისწინებით, წარმატებად ჩაითვლებოდა და ჰოლანდიელს პოსტის შენარჩუნების კარგი შანსი გაუჩნდებოდა, მაგრამ…

"ვესტ ჰემის" ფანებს საუცხოო ატმოსფერო ჰქონდათ შექმნილი, ტრადიციული სიმღერაც იყო და საპნის ბუშტებიც. ვან გაალის ოცნებაც საპნის ბუშტივით მსუბუქად გაფრინდა და გაქრა, ღრუბლებში გაუჩინარდა.

არადა, დიაფრა სახოს გოლის გამო წაგებული პირველი ტაიმის მერე მიკროტრავმით მოთამაშე ანტონი მარსიალმა, რომელსაც ვითომდა, არ უნდა ეთამაშა, დუბლი შეასრულა (მისი მეორე გოლი ძალიან ლამაზი გახლდათ) და ყველაფერი თითქოს, მანჩესტერელთა გეგმით წავიდა.

თუმცა 76-ე წუთზე მაიკლ ანტონიომ გაათანაბრა, ხოლო მე-80 წუთზე ვინსტონ რიდმა ყოველგვარი რიდის გარეშე "მანჩესტერს" იმის შანსიც კი მოუკლა, რომ ვან გაალის ბიჭები ბოლო ტურში "სიტის" წაგებას თუ არა, ფრეს მაინც დალოდებოდნენ და ამ შემთხვევაში, მათი გამარჯვება საკმარისი იქნებოდა მეოთხეზე გადასასვლელად. ახლა კი "მანჩესტერი" ჩემპიონთა ლიგაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გავა, თუ მანუელ პელეგრინის ბიჭები "სუონსისთან" წააგებენ, ხოლო თავად "მანჩესტერი" "ბორნმუთს" მოუგებს.

თანაბარქულიანობის შემთხვევაში "იუნაიტედი" თანაქალაქელს ბურთების სხვაობით ვერ აჯობებს, ჩამორჩენა დიდია. 

აი, ასეთი გიჟური 8-წუთიანი მონაკვეთით და მთლიანად მატჩით დაემშვიდობა "ვესტ ჰემი" ჯერ კიდევ მშობლიურ არენას და ამიერიდან ახალ "ოლიმპიურ სტადიონზე" გადავა. "ჩაქუჩების" ფანები 45 წუთის განმავლობაში ემშვიდობებოდნენ განსაკუთრებული ცერემონიით "ბოლეინ გრაუნდს", სადაც მათ 384 პრემიერლიგური მატჩი ჩაატარეს და ჯამში 601 ქულა დააგროვეს. კონკრეტულად "აპტონ პარკზე" 34 662 მაყურებელი იყო, ბევრი გულშემატკივარი კი სტადიონის გარშემო ტრიალებდა.

"ვესტ ჰემი" სხვაგვარად ვერც დაემშვიდობებოდა იქაურობას, ეს უბრალოდ წარმოუდგენელი გახლდათ. კარგი, "ჩაქუჩური" მატჩი და მშვენიერი სცენარი ჰოლივუდური ფილმისთვის.

"ჩვენ 2:1-ს ვიგებდით, თანაც მატჩის მობრუნება შევძელით, მშვენიერი გოლები გავიტანეთ, მაგრამ… ძალიან დასანანია, რომ დავმარცხდით, რადგან კარგად ვითამაშეთ, ორგანიზებულებიც ვიყავით, მაგრამ სტანდარტულების დროს დავუშვით შეცდომები, უფრო სწორად, არ გაგვიმართლა.

მეტოქე ხიფათს მხოლოდ სტანდარტულებისას ქმნიდა. ავტობუსზე თავდასხმას რაც შეეხება, არ მგონია, რომ ამას მატჩზე დიდი გავლენა მოეხდინა, მაგრამ ამ საქციელს გამართლება არ აქვს. სამწუხაროდ, რაღაცები ხდება ხოლმე" - თქვა ვან გაალმა, რომელიც მოგვიანებით, ტრადიციულად გაუბრაზდა ჟურნალისტს ავტობუსთან დაკავშირებული ინციდენტისა და ატმოსფეროსთან დაკავშირებული კითხვების გამო.

"მატჩი მართლაც ხმაურიანი გამოვიდა, ფანები წამით არ ჩერდებოდნენ. მატჩი განსაკუთრებული გახლდათ, პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეს ამ ფანტასტიკურ სტადიონზე ბოლო შეხვედრა გახლდათ.

გარდა ამისა, ჩვენ მათთან თასზე საშინაო მატჩი წაგებული გვქონდა და ეს ყველაფერი, ამავდროულად, დიდ პასუხისმგებლობას გვაკისრებდა და ზეწოლას ვგრძნობდით. თუმცა ბიჭებმა ხასიათი, საუკეთესო თვისებები, შემართება გამოავლინეს და რთული მდგომარეობის მიუხედავად, შეხვედრა მოვაბრუნეთ. რწმენა არ დაგვიკარგავს და ჩვენსას მივაღწიეთ. ამას ნამდვილად ვიმსახურებდით, ბიჭებმა ეს დაიმსახურეს.

ამ დიდებულ სტადიონზე ფილმს თუ გადაიღებ და ამ შეხვედრაზე, მართლაც საუკეთესო დამშვიდობება გამოვიდა, ჰოლივუდური თრილერი, ბლოკბასტერი - 1:0, 1:2, 3:2… თანაც, პრემიერლიგის ყველაზე ტიტულოვან გუნდთან. ბიჭებს ეს ეკუთვნოდათ, მათ ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს მატჩი მოგვეგო და მიზანს მივაღწიეთ, რაც ძალიან გვახარებს" - აღნიშნა სლავენ ბილიჩმა.

სტატისტიკა
* "ვესტ ჰემმა" პრემიერლიგაში ზედიზედ მე-12 შეხვედრაში გაიტანა, რაც "ჩაქუჩებისთვის" ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

* "მანჩესტერს" შეხვედრის პირველ ტაიმში მხოლოდ ერთი ზუსტი დარტყმა ჰქონდა. ამაზე ცუდი შედეგი ამ მხრივ, "წითელ ეშმაკებს" 25 ოქტომბერს "სიტისთან" მატჩში ჰქონდათ, როდესაც პირველ ნახევარში ზუსტად საერთოდ ვერ დაურტყეს მეტოქეს.

* მანჩესტერელებმა მეტოქის კარში პირველი ორი ზუსტი დარტყმით მოახერხეს ორი გოლის გატანა.

* ანტონი მარსიალს ახლა ყველა ტურნირზე უკვე 17 გოლი აქვს გატანილი, რაც "მანჩესტერის" ბანაკში საუკეთესო შედეგია. ფრანგის შედეგი მინიმუმ, 3 ბურთით უკეთესია გუნდში. ამ მხრივ, მეორეზე უეინ რუნია 14 გოლით.

* ხუან მატას პრემიერლიგაში დებიუტი 2011 წლის აგვისტოში ჰქონდა, რის მერეც იგი 40 საგოლე გადაცემით გამოირჩა. ამ პერიოდში მასზე უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ "სიტის" დავიდ სილვას აქვს - 50.

* დიმიტრი პაიემ პრემიერლიგაში ჩატარებულ უკანასკნელ 12 შეხვედრაში 11 გოლში მიიღო მონაწილეობა (3 გოლი, 8 პასი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული