"მანჩესტერ იუნაიტედი": მოურინიოს სუპერთავდასხმა და შავი სია

AutoSharing Option
ლუი ვან გაალს სათასო ტიტულმა ვერ უშველა და ამბობენ, "მანჩესტერ იუნაიტედს" ჟოზე მოურინიო ჩაიბარებსო - ასე იწერება ინგლისურ და მსოფლიო პრესაში.

რა თქმა უნდა, ჭორი, რომელიც არ გამართლებულა, ბევრი გვსმენია, მაგრამ ეს იწერება ისეთი დაჟინებით, რომ დიდი ალბათობით, სიმართლე უნდა იყოს.

ჰოლანდიელმა ვერ გაამართლა გულშემატკივრების იმედები. მისი გაწვრთნილი "იუნაიტედი" იყო მაგალითი იმისა, თუ როგორ არ უნდა ითამაშოს გრანდმა. "მანჩესტერი" ვერ მოხვდა ჩემპიონთა ლიგაზე და წესით, ეს ბოლო წვეთი უნდა ყოფილიყო ინგლისური კლუბის ამბიციური ხელმძღვანელობის მოთმინების ფიალაში. მაშ ასე, წესით, ჟოზე
ინგლისში ბრუნდება. შევეცადოთ განვჭვრიტოთ, რას მოუტანს ინგლისურ გრანდს პორტუგალიელი სპეციალისტის დაბრუნება.

ალბიონზე მაინც...
ჟოზეს ბევრი უკიჟინებს, დაცვითი სტილი ზედმეტად გიყვარსო. კი, "ავტობუსი" სწორედ მისი მოგონილია, მაგრამ საქმე არც მთლად ასეა. "იუნაიტედის" ქომაგებს იმის იმედი მაინც აქვთ, რომ თუნდაც "ნისლიან ალბიონზე" ჟოზე "მანჩესტერს" პირველ ნომრად ათამაშებს.

ვან გაალის დროს გუნდი ასე ძალიან იშვიათად თამაშობდა. ინგლისური ფეხბურთის საშუალოებთანაც კი "იუნაიტედი" ორ-სამჯერ თუ ურტყამდა კარში. კი, გუნდი მაქსიმალურად იყენებდა საგოლე მომენტებს, თუმცა როცა საქმე მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო კლუბს ეხება, ეს გამოსავალი ვერაფრით იქნება.

ექსპერიმენტები უნდა მორჩეს!
ვან გაალის ექსპერიმენტები ყველას ყელში ამოუვიდა. მართლაც, როგორი მოსათმენია, როცა გამუდმებით იცვლება გუნდის სათამაშო მონახაზი. ეს რომ პერიოდულად ხდებოდეს, კაცი კიდევ მოითმენდა, მაგრამ ნურას უკაცრავად.

ჩვენ არაერთხელ გვინახავს, რომ თუნდაც მატჩების მსვლელობის დროს ვან გაალს არაერთხელ შეუცვლია ტაქტიკა და ძალიან ხშირად ეს გაუკეთებია ყოველგვარი საჭიროების გარეშე. რა თქმა უნდა, "მანჩესტერის" თამაშზე ეს კარგად სულაც არ მოქმედებდა.

მოუ პლუს ფერგი
ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიო აქამდეც იქნებოდა "მანჩესტერის" მთავარი მწვრთნელი, რომ არა სერ ალექს ფერგიუსონი. რა თქმა უნდა, "იუნაიტედის" ცხოვრებაში ლეგენდარულ შოტლანდიელს ჯერაც ბევრი რამ ეკითხება. ისიც ცხადია, რომ პორტუგალიელი მას სათამაშო სტილის გამო არ მოსწონს.

როგორც ჩანს, მოურინიომ, ფერგიუსონმა და "იუნაიტედის" შეფებმა კომპრომისს მიაღწიეს. ხომ არ ნიშნავს ეს, რომ "მანჩესტერში" მისული ჟოზე მეტად შეუტევს? დიდი ალბათობით, ეს ასეც იქნება. ჩვენ ამას ყველა ერთად ვნახავთ.

* * *
მოდი, თავიდანვე შევთანხმდეთ: ვერც ერთი გუნდი ვერაფერს მიაღწევს, თუ მას შესაბამისი კვალიფიკაციის შემადგენლობა არ ჰყავს. "იუნაიტედს" ბირთვი თითქოს, არ დაეწუნება, მაგრამ ფაქტია, გუნდი აშკარად დასაბალანსებელია. თუნდაც ის რად ღირს, რომ ერთ დროს შემტევი ფეხბურთის აპოლოგეტი გუნდი დღეს თავდასხმაში ნიჭიერი, მაგრამ მაინც თინეიჯერის, მარკუს რაშფორდის ამარაა დარჩენილი. გაძლიერება არც დაცვასა და ცენტრალურ ზონას აწყენდა.

"ბაიერნმა" "იუნაიტედს" თვალწინ ააცალა უნიჭიერესი პორტუგალიელი საყრდენი, რენატო სანჩესი. ინგლისურ კლუბს მინდვრის ცენტრში აუცილებლად სჭირდება მაღალი დონის საყრდენი. ამ თემაზე ჯერ დაწვრილებით არაფერი ისმის, მაგრამ ჟოზეს ეს პრობლემა აუცილებლად ექნება გადასაჭრელი.

ინგლისურმა "მირორმა" მეტად საინტერესო მასალა გამოაქვეყნა. მასში წერია, რომ მოურინიო "მანჩესტერში" 5 ფეხბურთელს მოიყვანს და ამდენივეს გაუშვებს.

შავი სია
პორტუგალიელი სპეციალისტის მიერ შედგენილ "შავ სიაში" მოხვდნენ ხუან მატა, მარკოს როხო, ადნან იანუზაი, მორგან შნეიდერლინი და მემფის დეპაი. ჩვენი გაზეთის მკითხველმა თავად იმსჯელოს, რამდენად გაამართლეს ამ ფეხბურთელებმა "ოლდ ტრაფორდის" იმედები. არადა, თითოეული მათგანი "იუნაიტედში" დიდი იმედით ჩაირიცხა.

ერთის თქმა ახლავე შეიძლება - დეპაისა და იანუზაის კოშმარული სეზონი ჰქონდათ. ციდან ვარსკვლავები არც დანარჩენებს მოუწყვეტიათ. მოკლედ, ვნახოთ...

მომსვლელები
სახელდება 5 ფეხბურთელი, რომლებიც ამ ზაფხულს "იუნაიტედის" რიგებს შეავსებენ. ესენი არიან: რაფაელ ვარანი (რეალი), ჯონ სტოუნსი (ევერტონი), ვილიამ კარვალიო (სპორტინგი), გონსალო იგუაინი (ნაპოლი) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ).

ერთის თქმა ახლავე შეიძლება: თუ ეს ტრანსფერები გამოვიდა, "იუნაიტედს" მართლაც რომ ზღაპრული თავდასხმა ეყოლება. ეგაა, ზლატანს ჯერაც არ უთქვამს საბოლოოდ, რას აპირებს პარიზიდან აბარგების შემდეგ, გონსალოს კი იგივე "სენ ჟერმენი" ეძახის...

* * *
ამასობაში ჯეიმი კარაგერმა ორი მიზეზი მოიყვანა, თუ რატომ არ არის "განსაკუთრებული" "მანჩესტერ იუნაიტედისთვის" იდეალური ვარიანტი:

1. თამაშის სტილი
2. ახალგაზრდა ფეხბურთელებთან მუშაობის წესი.

ამის მიუხედავად, "ლივერპულის" ლეგენდა მიიჩნევს, რომ ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერში" წარმატება ელის, რადგან "ის ყველგან იმარჯვებდა, სადაც მუშაობდა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ვარანის დათანხმება ალბათ არ გაუჭირდება მანჩესტერს, რეალში პრაქტიკულად საერთოდ აღარ ათამაშებენ! აი იბრაგიმოვიჩის და იგუანის ორივეს ტრანსფერი მეეჭვება რომელი ითამაშებს ძირითადში? მეორე ნომრობას არცერთი არ დათანხმდება, მითუმეტეს მაგარი ახალგაზრდები არიან მანჩესტერში რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა სჭირდებათ!
zaza
12:51 24-05-2016
0
ხუან მატამ კარგი სეზონი ჩაატარა 11 გოლი და უამრავი საგოლე პასი.ვოლსბურგთან მატას საგოლე პასი ხო საოცარი რაგაც იყო, საუკუნის შედევრი. მატა უჭკვიანესი ფეხბურთელია და დარწმუნებული ვარ მაურინიო მიხვდა თავის შეცდომას თუ რა დაკარგა როცა მატა გაუშვა და არამგონია მატა გაუშვას.
bednieri iyos maurinos mosvla
13:19 24-05-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული