ლუი ვან გაალის გამოსამშვიდობებელი წერილი

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედის" ახლა უკვე ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა ლუი ვან გაალმა გამოსამშვიდობებელი წერილი დაწერა.

"ჩემთვის პატივი იყო ისეთი შესანიშნავი გუნდის მართვა, როგორიც "მანჩესტერ იუნაიტედია".

ძალიან ამაყი ვარ, რომ დავეხმარე "იუნაიტედს" ასოციაციის მე-12 თასის მოგებაში. 20-მდე ტიტული მაქვს მოგებული მწვრთნელის რანგში, მაგრამ ეს თასი, რომელიც ისტორიულად ყველაზე ძველი ტიტულია მსოფლიოში, ჩემთვის განსაკუთრებულია.

ძალიან იმედგაცრუებული ვარ, რომ არ შემიძლია ჩემი სამწლიანი გეგმა დავასრულო. ვფიქრობ, რომ კლუბს მტკიცე ფუნდამენტი ჩამოუყალიბდა, რომ წინ იაროს და მეტ წარმატებას მიაღწიოს.

იმედი მაქვს, რომ ასოციაციის თასზე გამარჯვება "მანჩესტერ
იუნაიტედისთვის" შემდეგ სეზონში წარმატებულ გამოსვლის სტარტი იქნება.

მიმუშავია ჰოლანდიაში, გერმანიაში, ესპანეთში და იმედი მქონდა, რომ სამწვრთნელო გამოცდილებას ინგლისშიც მივიღებდი, ბრიტანული კულტურის ნაწილი გავხდებოდი. ორივე სურვილი ამისრულდა და აქ ფანტასტიკური პერიოდი გავატარე.

მადლიერი ვარ ჩემი ფეხბურთელების და მომავალ სეზონში წარმატებას ვუსურვებ. სასიამოვნო იყო მათთან მუშაობა. კარგი იყო, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელებს მივეცით შანსი, საკუთარი თავი მთავარ გუნდში გამოეცადათ. მოუთმენლად ველი და დავაკვირდები, როგორ განვითარდებიან ისინი მომავალში.

მადლობა მინდა ვუთხრა კლუბის მფლობელებს და დირექტორთა საბჭოს, რომ მომცეს შესაძლებლობა, ამ დიადი კლუბის მმართველი ვყოფილიყავი.

ასევე მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს. ისინი მართლაც საუკეთესო ქომაგები არიან მსოფლიოში.

დიდი დამსახურება აქვს სამწვრთნელო შტაბს, რომელიც ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დამხმარებოდა.

კლუბის პერსონალის თითოეული წევრის მადლიერი ვარ, სპორტულ-მეცნიერული თანამშრომლების, სამრეცხაოს, ადმინისტრაციის, საკლუბო ბრიგადის, პრესსამსახურის, აკადემიის გუნდისა და კარინგტონის თანამშრომლების, ასევე, მზარეულების, კაფეს თანამშრომლების და ყველასი, ვინც "მანჩესტერ იუნაიტედში" მხარს მიჭერდა. ჩემი 25-წლიანი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ასეთი მხარდაჭერა არსად მიგრძვნია.

ბოლოსკენ კი მინდა განსაკუთრებული მადლობა სერ ალექს ფერგიუსონს და სერ ბობი ჩარლტონს ვუთხრა მათი თბილი დამოკიდებულებისთვის ჩემსა და ჩემი ოჯახის მიმართ. "მანჩესტერ იუნაიტედში" ყოფნის პერიოდში ისინი ყოველთვის თბილად გვიღებდნენ".

შეგახსენებთ, რომ ვან გაალის კლუბიდან გათავისუფლების ცნობა გუშინ, 23 მაისს გავრცელდა. ჰოლანდიელი სპეციალისტი კონტრაქტის ვადამდე ადრე გაწყვეტისთვის კომპენსაციის სახით 5 მილიონ ფუნტს მიიღებს.

- "მანჩესტერ იუნაიტედი": მოურინიოს სუპერთავდასხმა და შავი სია
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული