წლის ყველაზე იღბლიანი დებიუტანტი ევრო 2016-ზე მიდის

AutoSharing Option
გუშინ ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის "ტვიტერზე" გამოქვეყნდა ინგლისის ნაკრების 23-კაციანი შემადგენლობა. როი ჰოჯსონმა განაცხადს მიღმა დატოვა "ლესტერის" ნახევარმცველი დენი დრინკვოტერი და "ნიუკასლის" შუახაზელი ანდროს თაუნსენდი. სამაგიეროდ, გუნდში დარჩა "მანჩესტერის" თინეიჯერი ფორვარდი მარკუს რაშფორდი.

ჯერ კიდევ 97 დღის წინათ, მარკუს რაშფორდს "მანჩესტერის" ძირითად გუნდში არ ჰქონდა ნათამაშები. შევეხედოთ მისი უეცარი წარმატების ქრონოლოგიას:

25 თებერვალი: ევროპალიგის მატჩის წინ მოთელვაზე ანტონი მარსიალი დაიმტვრა და რაშფორდმა პირველად ითამაშა "მანჩესტერის" შემადგენლობაში. "მიდტიულანდის" 5:1 განადგურებაში მან ლომის წილი დაიდო - დუბლი შეასრულა.

28 თებერვალი: მისი დებიუტი პრემიერლიგაში
კვლავ საოცნებო გამოდგა - "მანჩესტერმა" "არსენალს" 3:2 მოუგო, ხოლო რაშფორდმა დუბლი შეასრულა.

20 მარტი: მანჩესტერულ დერბიში გამარჯვების გოლი გაიტანა.

27 მარტი: ინგლისის 20-წლამდელთა ნაკრებში ჰქონდა დებიუტი.

16 მაისი: ინგლისის ნაკრების გაფართოებულ სიაში მოხვდა.

27 მაისი: ინგლისის ნაკრებში დებიუტი სამ წუთში გოლით აღნიშნა.

31 მაისი: მოხვდა ევრო 2016-ის მონაწილე 23-კაციან სიაში.

"ლესტერის" ნახევარმცველმა დენი დრინკვოტერმა პრემიერლიგის ბოლო სეზონში 106 ორთაბრძოლა მოიგო. ამ მაჩვენებლით მან ყველას აჯობა. მიუხედავად ამისა, ჰოჯსონმა მას ჯორდან ჰენდერსონი და ჯეკ უილშირი არჩია, რომელთაც ტრავმები აწუხებდათ. დრო გვიჩვენებს, რამდენად სწორად მოიქცა "სამი ლომის" თავკაცი. თავად დრინკვოტერი დაღონებულია:

"ძალიან დასანანია, ევრო 2016-ზე მოთამაშის რანგში მონაწილეობა ძალიან მაგარი იქნებოდა. ბიჭებს აქედან ვუგულშემატკივრებ და ტიტულის ჩამოტანას ვაბარებ. ჩემთვის კი მაინც ფანტასტიკური სეზონი იყო, პრემიერლიგის ჩემპიონი ვარ", - დაწერა "ინსტაგრამზე" "ლესტერის" ფეხბურთელმა.

42 წელია, "ბარნლის" ინგლისის ნაკრებში წარმომადგენელი არ ჰყოლია, ახლა კი კლუბს შეუძლია, იამაყოს - მესამე მეკარედ ევრო 2016-ზე ტომ ჰიტონი მიდის.

გთავაზობთ ინგლისის ნაკრების შემადგენლობას ნომრებით:
მეკარეები: 1. ჯო ჰარტი (სიტი), 13. ფრეიზერ ფორსტერი (საუთჰემპტონი), 23. ტომ ჰიტონი (ბარნლი).

მცველები: 2. კაილ უოლკერი (ტოტენჰემი), 3. დენი როუზი (ტოტენჰემი), 5. გარი კეჰილი (ჩელსი), 6. კრის სმოლინგი (მანჩესტერი), 12. ნათანიელ კლაინი (ლივერპული), 16. ჯონ სტოუნსი (ევერტონი), 21. რაიან ბერტრანდი (საუთჰემპტონი).

ნახევარმცველები: 4. ჯეიმს მილნერი (ლივერპული), 8. ადამ ლალანა (ლივერპული), 14. ჯორდან ჰენდერსონი (ლივერპული), 17. ერიკ დაიერი (ტოტენჰემი), 18. ჯეკ უილშირი (არსენალი), 19. როს ბარკლი (ევერტონი), 20. დელე ალი (ტოტენჰემი).

თავდამსხმელები: 7. რაჰიმ სტერლინგი (სიტი), 9. ჰარი კეინი (ტოტენჰემი), 10. უეინ რუნი (მანჩესტერი), 11. ჯეიმი ვარდი (ლესტერი), 15. დანიელ სტარიჯი (ლივერპული), 22. მარკუს რაშფორდი (მანჩესტერი).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონი გუნდიდად მარტო ერტი კაცია,დანარჩენები არაა,მარტო ვარდის მოუგია პრემიერ ლიგა
vasikobasiladze
12:28 01-06-2016
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული