რონალდ კუმანმა "ევერტონთან" ყველაფერი შეათანხმა

AutoSharing Option
"ევერტონმა" თავისას მაინც მიაღწია და, როგორც ბრიტანული პრესა იუწყება, "კანფეტებმა" რონალდ კუმანთან და "საუთჰემპტონთან" შეთანხმებას მიაღწიეს.

"ევერტონი" "წმინდანებს", კომპენსაციის სახით, 5 მილიონ გირვანქას გადაუხდის, ჰოლანდიელთან კონტრაქტის დროზე ადრე შეწყვეტისთვის. მან ამ პოსტზე ორი წელიწადი გაატარა და პირველ სეზონში "საუთჰემპტონი" მე-7 ადგილზე გაიყვანა, მეორეში კი - მე-6 ადგილზე.

ასეთი კარგი შედეგები პრემიერლიგაში "სენტ მერის" ბინადრებს აქამდე არ ჰქონიათ. გარდა ამისა, "გუდისონ პარკზე" კუმანს საგრძნობლად გაზრდილი ხელფასი ექნება - როგორც ამბობენ, წელიწადში 6 მილიონი გირვანქა. აი, ამდენად უღირს ჰოლანდიელი ევერტონელთა ახალ მფლობელს,
ფარჰად მოშირის.

ჰოლანდიელი ამჟამად თავის ძმასთან, ერვინთანაა, რომელიც მის ასისტენტად მუშაობს და ფიზმომზადების მწვრთნელთან, იან კლიტენბერგთან ერთად არდადეგებზეა. თუმცა კვირის ბოლოს, ალბათ, ინგლისში დაბრუნდება და წესით, ყველაფერი ოფიციალურად პარასკევისთვის უნდა გაფორმდეს.

ინგლისის ნაკრებისა და "საუთჰემპტონის" ყოფილ თავდამსხმელ მეტ ლე ტისიეს კუმანის გადაწყვეტილება არ მოეწონა და განაწყენებული ჩანს.

"ცოტათი გაკვირვებული და გულდაწყვეტილი ვარ. შესაძლოა, ის ფიქრობს, რომ "ევერტონთან" ერთად ტიტულების მოგების უკეთესი შანსი ექნება, მაგრამ მე მეეჭვება. მესმის, რომ მერსისაიდელებს ახალი მფლობელი ჰყავთ, რომელიც მზადაა, დიდი თანხა დახარჯოს, მაგრამ ეს სამსახური შესაძლოა, არც ისე მარტივი და სასიამოვნო გამოდგეს, როგორც ერთი შეხედვით ჩანს.

პრემიერლიგაში კლუბების უმეტესობა ფინანსურად შეძლებულია, მაგრამ ეს წარმატების გარანტი არ არის. კარგია, რომ ფეხბურთელები "საუთჰემპტონის" ერთგულები რჩებიან, იმედია, არავინ წავა და შემდეგ სეზონშიც კარგად ვითამაშებთ" - თქვა ლე ტისიემ.

შეგახსენებთ, რომ კუმანს სათამაშო კარიერისას 763 მატჩზე მეტი აქვს ჩატარებული და მან 253 გოლის გატანაც შეძლო. 1988 წელს ევროპის ჩემპიონატი მოიგო, ასევე, პსვ-სთან ერთად - ჩემპიონთა თასი. 1992 წელს ჩემპიონთა თასზე ტრიუმფს უკვე "ბარსელონასთან" ერთად მიაღწია, თანაც, ფინალში "უემბლიზე" "სამპდორიას" გამარჯვების გოლი გაუტანა. რასაკვირველია, არაერთი საკლუბო ტიტული აქვს ჰოლანდიასა და ესპანეთში.

სამწვრთნელო კარიერას რაც შეეხება, იგი წვრთნიდა არნემის "ვიტესს", ამსტერდამის "აიაქსს", ლისაბონის "ბენფიკას", პსვ-ს, "ვალენსიას", "ალკმაარსა" და "ფეიენოორდს", სანამ "საუთჰემპტონში" მივიდოდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული