დიდი სემი და დანარჩენები - ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის ექვსი კანდიდატის დოსიე

AutoSharing Option
ინგლისის ნაკრების პოსტი ჯერ ისევ ვაკანტურია, მაგრამ უკვე გვყავს გამოკვეთილი კანდიდატები. ის, რომ ყველაზე მეტს სემ ელარდაისზე საუბრობენ, უკვე გითხარით, მაგრამ ისიც დავამატეთ, რომ "დიდი სემი" კანდიდატად ადრეც არაერთგზის განიხილებოდა, მაგრამ "სამ ლომში" არ დანიშნულა.

ასე რომ, კარგი იქნება, თუ მასთან ერთად, სხვებსაც განვიხილავთ. სულ 6 საინტერესო ტაქტიკოსზე გვექნება საუბარი, რომლებიც განსხვავებული ტიპაჟებიც არიან, ასაკიც სხვადასხვა აქვთ და საფეხბურთო ხედვაც.

სემ ელარდაისი (61 წლის)
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი საქმიანობა: "სანდერლენდის" მწვრთნელი

ბუკმეკერებისა და პრესის მიერ ფავორიტად ქცეული "დიდი სემი" ნამდვილი პატრიოტია,
"პალტოიანი ინგლისელი კაცი", უყვარს ვისკის წრუპვა და კარგი სმა-ჭამა. რაც მთავარია, უყვარს თავისი საქმე. ფიცხი და ფეთქებადია.
ის ადრეც ხვდებოდა კანდიდატებს შორის, მაგრამ არც ერთხელ არ ენდნენ. რატომ? ნაკლებად "გაპიარებული" თუ მოდურია? ან იქნებ ამჟამად ფინანსურად ძლიერ კლუბში რომ არ უმუშავია და ტიტულები არ მოუგია, ეს იყო ხელისშემშლელი ფაქტორი?

Sportall.Ge

ვარჯიში
ელარდაისმა ძალიან კარგად იცის, თუ როგორ უნდა გააუმჯობესოს ფეხბურთელების სათამაშო დონე და როგორ გამოწუროს მათგან მაქსიმუმი. ის ამისთვის ყველა მეთოდს იყენებს, უბრალო, სტანდარტული ვარჯიშებიდან დაწყებული, იოგათი დამთავრებული. "დიდი სემი" თანამედროვე მეთოდების დიდი ტრფიალიც გახლავთ.

ფეხბურთელებისგან ყოველთვის მაქსიმუმს ითხოვს და ვარჯიშებზე ენერგიულია. მისი ხასიათი და მომთხოვნობა, სიმკაცრე ნამდვილად არის იმის გარანტი, რომ ინგლისის ნაკრების ფეხბურთელები მისი ხელმძღვანელობით თამაშების წინ კარგად მომზადებულნი იქნებიან. ელარდაისი მყისიერი ეფექტის მოხდენის ხერხებსაც ფლობს.

ტაქტიკა
პირდაპირ და გადაჭრით იმის თქმა, რომ იგი გრძელ გადაცემებზე აგებს გუნდის თამაშს, გადამეტებული იქნება, თუმცა ეს მისი ტაქტიკის მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილია ხოლმე და ელარდაისი რესურსის და შესაძლებლობების მიხედვით აგებს გუნდის თამაშს. უყვარს ჩაწოდებებზე აქცენტის გაკეთება და გუნდის სტანდარტული მდგომარეობებისთვის განსაკუთრებულად კარგად მომზადება. ასევე, დაცვაში მაქსიმალურად ორგანიზებულად და ყურადღებით თამაში.

"ვესტ ჰემის" ფანების ნაწილი მას ხშირად აკრიტიკებდა, ჩვენი გუნდისთვის შესაფერის თამაშს არ თამაშობსო. მოგვიანებით, "დიდმა სემმაც" გააკრიტიკა ისინი. თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში მან ბევრი გააკრიტიკა, მათ შორის, არსენ ვენგერიც - ამპარტავანი ადამიანია და ის კაცი არ არის, მატჩის მერე სასაუბროდ და ვისკის დასალევად რომ დაგპატიჟებს კაბინეტში; ერთხელ ისე ვერ აიტანა, ჩემი პატარა "ბოლტონით" კიდევ ერთხელ რომ გავამწარე მისი "არსენალი", რომ ხელიც კი არ ჩამომართვაო.

"ჩელსიში" ყოფნის ჟამს, ჟოზე მოურინიომ ერთხელ ელარდაისის "ვესტ ჰემს" ვერაფერი მოუხერხა და მატჩის მერე თქვა, ელარდაისის გუნდი მე-19 საუკუნის ფეხბურთს თამაშობსო. სიტუაცია მათ შორის დიდად არ დაძაბულა, არც "დიდი სემის" საპასუხო რეპლიკის მერე: ერთ ადგილზე მკიდია, ვინ რას ამბობსო.

ზოგმა შეიძლება თქვას, რომ ელარდაისი თავის გუნდებთან ერთად უფრო არწაგებას ცდილობს ხოლმე, ვიდრე მოგებას და ეს წარმატებას ნაკლებად მოიტანს. თუმცა ინგლისს წარმატებები დიდი ხანია აკლია, ხოლო პორტუგალია სულ ცოტა ხნის წინათ, განა, ასეთი მიდგომით არ გახდა ევროპის ჩემპიონი?

ურთიერთობა
შესაძლოა, "დიდი სემის" მთავარი პლუსი და ძლიერი მხარე სწორედ ის არის, რომ ფეხბურთელებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირს ხოლმე და თან ამას ისე ახერხებს, რომ თავკაცად რჩება და მას ყველა პატივს სცემს. ვინ იცის, ინგლისელ ფეხბურთელებს სწორედ ეს სჭირდებათ და აკლიათ - ცოტა ზედაპირული, მაგრამ ძლიერი და მზრუნველი მამა, რომელიც თავდაჯერებულად მოძღვრავს მათ.

"თუ შენ საკუთარ შტაბსა და ფეხბურთელებზე ზრუნავ, თუნდაც მძიმე, მაგრამ სწორ გადაწყვეტილებებს იღებ, უნდა გქონდეს იმედი, რომ ეს პატივისცემას მოგიტანს და სტადიონზე დაგიფასდება, როგორც მოთამაშეების, ასევე ფანების მხრიდან. ჩემი მიზანი იყო, თბილი და საბრძოლო ატმოსფერო შეგვენარჩუნებინა. ამან იმუშავა" - თქვა ელარდაისმა მას მერე, რაც წინა სეზონში "სანდერლენდი" გავარდნას გადაარჩინა.

სტატისტიკა
მთლიანობაში ელარდაისის ხელში "სანდერლენდის" პასების 21% გრძელი გადაცემები გახლდათ. ეს ორნახევარჯერ მეტია, ვიდრე არსენ ვენგერის "არსენალის" მაჩვენებელი.

არსენ ვენგერი (66 წლის)
ეროვნება: ფრანგი
ამჟამინდელი საქმიანობა: "არსენალის" მწვრთნელი

არსენ ვენგერმა თქვა, რომ ინგლისი ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტით სიამოვნებით დაინტერესდებოდა, ოღონდ "არსენალთან" კონტრაქტის დამთავრების მერე, აქამდე კი კიდევ ერთი წელია.… შეძლებს ინგლისის ფეხბურთის ასოციაცია ფრანგის დაყოლიებას, რომ ნაადრევად დატოვოს საყვარელი "მეთოფეები" ან ჩააბარებს ნაკრებს დროებით მწვრთნელს ერთი წლით?

ვარჯიში
ვენგერის მეთოდები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ იმის გამო, რომ მისი ფეხბურთელები ხშირად იღებენ ტრავმებს, თუმცა სტატისტიკა აჩვენებს, რომ მაგალითად, წინა სეზონის პირველ ნახევარში "არსენალს" უფრო ნაკლები ტრავმირებული ჰყავდა, ვიდრე "სიტის", "იუნაიტედსა" და "ლივერპულს".

"მთავარი ის არის, რომ ვარჯიშებზე ისე დაიხარჯო, თითქოს, ეს თამაში იყოს, შეიძლება უფრო მეტადაც კი. თუმცა ზოგჯერ ძალების დაზოგვაც გიწევს, რადგან გადატვირთული გრაფიკის გამო მომავალ მატჩამდე მომზადება მოასწრო. თუმცა, ჯამში, ვარჯიშებზე დატვირთვა და მიდგომა არანაკლებად სერიოზული უნდა იყოს" - თქვა ვენგერმა 2015 წლის აპრილში.

ტაქტიკა
პასი, პასი, პასი… ალბათ, ისევ პასი ჯობია. ჰყავს კი ინგლისს ისეთი ფეხბურთელები, რომლებსაც ბურთთან ვენგერისეულად მოპყრობა და მისი, ფაქტობრივად, კარში შეტანა შეუძლიათ?
სათადარიგო გეგმა - გრძელი გადაცემები? არა, ეს არსენისთვის არაა.

ურთიერთობა
"დარწმუნებული უნდა იყო, რომ მოთამაშე, რაოდენ დიდი ვარსკვლავიც უნდა იყოს ის, მზად არის გააკეთოს, რაც საჭიროა და გაიაზროს, რომ ეს გუნდისთვის და მისი ზრდისთვისაა უკეთესი" - აღნიშნა ერთხელ ვენგერმა, რომელსაც სერიოზული კონფლიქტი ვარსკვლავებთან იშვიათად თუ ჰქონია. სამაგიეროდ, "არსენალში" დარჩენასთან დაკავშირებით მათი დაყოლიება უჭირდა ხოლმე, მაგრამ ეს უკვე მხოლოდ მისი ბრალი არ გახლავთ.

სტატისტიკა
პრემიერლიგაში ვენგერის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 57,7%-ია. ელარდაისის - 33,6%.

გლენ ჰოდლი (58 წლის)
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი საქმიანობა: ტელეკომენტატორი

ამჟამინდელ რეალურ კანდიდატებს შორის გლენ ჰოდლი ერთადერთია, რომელსაც ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელად უკვე უმუშავია და ძალიან სიმპათიური და ძლიერი გუნდიც ჰყავდა. არგენტინასთან ის წყეული მატჩი რომ არა… მერე იყო რამდენიმე არაკორექტული გამონათქვამიც და ჰოდლი ნაკრებს გამოასალმეს.

"თუ ვინმე მწვრთნელობას შემომთავაზებს, ვეტყვი, რომ ნებისმიერი ამაყი ინგლისელი სიამოვნებით განიხილავდა ასეთ წინადადებას - დავჯდები და მოვისმენ, რას მეტყვის ასოციაცია" - თქვა მან ცოტა ხნის წინ.

ვარჯიში
მისტერ გლენის მეთოდები მარტივი და პროდუქტიულია, მაგრამ ზოგიერთისთვის მიუღებელიც. თუმცა ალან შირერი და რიო ფერდინანდი ჰოდლის დაბრუნებას ემხრობიან.

ურთიერთობა
ამ მხრივ, ჰოდლი დიდ მნიშვნელობას ფსიქოლოგიურ მზაობას ანიჭებს და მისთვის თავდაჯერების ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია. თვითრწმენის ასამაღლებლად კი მას რამდენიმე საყვარელი ექსპერტიც ჰყავს, რომელთა მოშველიებასაც არ ერიდებოდა ხოლმე და ცხადია, თავისი მეთოდებიც აქვს.

ტაქტიკა
ჰოდლი უფრო მრავალფეროვანი ფეხბურთის ტრფიალია და თავის დროზე მისი სათამაშო ამპლუიდან და სტილიდან გამომდინარე, არც არის გასაკვირი, რომ უბრალო ჩაწოდებებზე მეტად ბურთის ტექნიკურად ატანის და მობილური ნახევარდაცვის მოყვარულია. არც ერთგავრი თანამედროვე ლიბეროს ვარიანტზე იტყოდა უარს. უბრალოდ, აქვს კი ამჟამად ინგლისს ჰოდლის ფილოსოფიის გასატარებელად არსენალი და რესურსი?

სტატისტიკა
გლენ ჰოდლის მოგებების პროცენტული მაჩვენებელი ინგლისის ნაკრების თავკაცის პოსტზე 60,7% გახლდათ, რაც მესამე შედეგია ფაბიო კაპელოსა და სერ ალფ რამსეის შემდეგ.

იურგენ კლინსმანი (51 წლის)
ეროვნება: გერმანელი
ამჟამინდელი საქმიანობა: ამერიკის ნაკრების მწვრთნელი

მას პრემიერლიგაში ნათამაშები აქვს, მოგებული აქვს მსოფლიო ჩემპიონატი და გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელია, ახლა კი აშშ-ს უდგას სათავეში. ასევე, მიიჩნევა სპეციალისტად, რომელსაც სწრაფად და ხარისხიანად შეუძლია სერიოზული ცლილებების მოხდენა. ასე რომ, რატომაც არა? იმასაც ამბობენ, ელარდაისის მთავარი კონკურენტი სწორედ კლინსმანიაო, მაგრამ… გერმანელი ინგლისის ნაკრების მწვრთნელად... დავიდარაბა მერე ნახეთ.

ვარჯიში
მისი ინოვაციური მეთოდებით გერმანიის ნაკრები 2006 წლის საშინაო მუნდიალზე კინაღამ ბოლომდე მივიდა. თავისი იდეების გატარება კლინსმანმა "ბაიერნშიც" სცადა და არც მალავდა, რომ საკუთარი სტილი ჩამოაყალიბა, მაგრამ "ბაიერნს" ეს კარგად არ მოუხდა. 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე აშშ ძალიან კარგად გამოვიდა და წელს კოპა ამერიკა სენტენარიოზე ოთხეულში მოხვდა. "კლინსიმ" უკვე დიდი გამოცდილებაც დააგროვა.

ტაქტიკა
მართალია, დიდ სამწვრთნელო სცენაზე კლინსმანის შემოჭრით ბევრი მოიხიბლა, მაგრამ ყველა როდი...
"ექსპერიმენტი კლინსმანთან ერთად ფიასკო იყო. ვარჯიშებზე ჩვენ მხოლოდ ფიზმომზადებაზე ვმუშაობდით, ტაქტიკას იგი ნაკლებ ყურადღებას აქცევდა. მატჩებამდე ყველაფერი ჩვენზე გახლდათ, ფეხბურთელები უნდა შევკრებილიყავით და შეგვეთანხმებინა, როგორ გვეთამაშა" - თქვა 2011 წელს ფილიპ ლამმა.

ურთიერთობა
შესაძლოა, ლამსა და "ბაიერნის" რამდენიმე ფეხბურთელს კლინსმანი გულზე არ ეხატებოდათ, მაგრამ ფაქტია, 2006 წლისთვის მან ნაკრები, რომლისადმიც ყველა სკეპტიკურად იყო განწყობილი, გამოაღვიძა და სათავე დაუდო გერმანელთა დიდ წარმატებას. მაგალითისთვის, ფრანც ბეკენბაუერს ძალიან უნდოდა, რომ "კლინსი" პოსტზე დარჩენილიყო.

სტატისტიკა
კლინსმას ამერიკის ნაკრებთან ერთად მოგებების პროცენტული მაჩვენებელი 56% აქვს. ჰოჯსონის მაჩვენებელი ინგლისის ნაკრებთან ერთად 58,9% გახლავთ.

ედი ჰაუ (38 წლის)
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი საქმიანობა: "ბორნმუთის" მწვრთნელი

შეუძლებელია არ აღფრთოვანდე იმით, რაც ამ ახალგაზრდა და ნიჭიერმა ტაქტიკოსმა "ბორნმუთთან" ერთად გააკეთა, თანაც მშვენიერი ფეხბურთის თამაშის ფონზე. ასეთი ინგლისელი მწვრთნელებიც ქვეყანას ძალიან სჭირდება და წესით, მას დიდი მომავალი აქვს. თუმცა ძნელია, არ შევთანხმდეთ იმაზე, რომ ჰაუს ახლა, ამ ასაკში და ამ მაინც მწირი გამოცდილებით, ასეთ საპასუხისმგებლო პოსტზე დანიშვნა სერიოზული რისკი და ავანტიურა იქნება, რომელიც ორივე მხარისთვის ფატალურად შეიძლება დასრულდეს, მაგრამ შეიძლება არც…

ვარჯიში
"ბორნმუთს" ისედაც მწირი რესურსის და ყველაზე მოკრძალებული ბიუჯეტი ჰქონდა და ამას ტრავმების ეპიდემიაც დაემატა, რომელმაც რამდენიმე წამყვანი მოთამაშე შეიწირა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ყველაზე კრიტიკულ მომენტებშიც კი ჰაუს თავისი სტილისთვის არ უღალატია. შესაბამისად, პატივცემულ ედის მეთოდებიც კარგი აქვს და შედეგიც.

ტაქტიკა
ჰაუს ელარდაისისგან რადიკალურად განსხვავებული მიდგომები აქვს. მას უყვარს ღია, შემტევი, ენერგიული ფეხბურთი. გუნდი შეიძლება ბევრს უშვებდეს, მაგრამ ბევრის გატანაზე აკეთებს აქცენტს. თუმცა დაცვაში თამაში ნამდვილად დასახვეწი აქვს. არის მსგავსებაც ელარდაისთან - ორივეს გუნდები ძალიან შემართულები არიან.

ურთიერთობა
ჰაუ ძალიან პირდაპირი, პატიოსანი და კეთილგანწყობილი, სასიამოვნო ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს, რაზეც ხშირად მისი კომენტარები და ქცევაც მეტყველებს.

"მიმაჩნია, რომ ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ფეხბურთელები თამაშის მერე დამსახურებისამებრ შეაქო. მე ყოველთვის განვიცდიდი ამის ნაკლებობას. შეიძლება მატჩიდან-მატჩამდე იხარჯებოდე და ყველაფერს კარგად აკეთებდე, მაგრამ თუ არავინ შეგაქებს, ეს წყალში ჩაიყაროს და იმედგაცრუებული დარჩე" - თქვა ერთხელ ჰაუმ.

სტატისტიკა
გასულ სეზონში ედი ჰაუს "ალუბლებმა" სტანდარტული მდგომარეობების შემდეგ 20 გოლი გაუშვეს, რაც ორჯერ მეტია, ვიდრე არსენ ვენგერის "არსენალის" მაჩვენებელი.

სტივ ბრიუსი (55 წლის)
ეროვნება: ინგლისელი
ამჟამინდელი საქმიანობა: "ჰალის" მწვრთნელი

ინგლისელ მწვრთნელებს შორის ერთ-ერთ გამორჩეულ სპეციალისტად მიიჩნევა. ადამიანიც საინტერესოა და გამოცდილებაც აქვს, მაგრამ შანსი, რომ პოსტი ჩააბარონ, ალბათ, მაინც მცირეა.

"როგორც ყველა ინგლისელისთვის, ჩემთვისაც დიდი პატივია და სასიამოვნოა, რომ კანდიდატებს შორის მიხსენიებენ, მაგრამ ეს მხოლოდ მითქმა-მოთქმაა" - განაცხადა ბრიუსმა.

ვარჯიში
ზოგი მიიჩნევს რომ მისი მეთოდები მოძველებულია, მაგრამ შესაძლოა, ბრიუსის ბოლოდროინდელი პრობლემების სათავე არა ეს, არამედ არცთუ დიდი რესურსის ქონა იყოს. ამიტომაც სთხოვს იგი "ჰალის" უფროსობას გაძლიერების გარანტიებს, რომ "ვეფხვებს" ისევ გავარდნის საფრთხე არ დაემუქროთ. ბრიუსი გადარჩენისთვის ბრძოლით დაიღალა.

ტაქტიკა
ბრიუსი სიტუაციის მიხედვით ცდილობს მოქმედებას და მრავალწლიანი გამოცდილება მას ლავირების საშუალებას აძლევს, მაგრამ ბევრი მაინც ერთფეროვნებას ედავება ხოლმე.

ურთიერთობა
იგი მაქსიმალურად ობიექტური და სამართლიანი მწვრთნელია, რაზეც ისიც მეტყველებს, რომ მასსავით გავარდნილი "ჰალის" ერთგულად დარჩენილ ვაჟს უპრობლემოდ ტოვებს ხოლმე სათადარიგოთა სკამზე, თუ ის ბოლომდე მზად არ არის და სხვა უკეთეს ფორმაშია. ბრიუსთან ურთიერთობის პრობლემა იშვიათად დგება.

სტატისტიკა
ბრიუსის "ჰალი" პრემიერლიგაში პლეი ოფის გზით დაბრუნდა და გახდა მეოცე გუნდი, რომელმაც გავარდნის შემდეგ უმალვე შეძლო უმაღლეს ლიგაში დაბრუნება.

P.S. ამასობაში, "სანდერლენდის" უფროსობა ადასტურებს, რომ ოფიციალური წინადადების მიღების მერე ინგლისის ფეხბურთის ასოციაციას სემ ელარდაისთან მოლაპარაკების დაწყების უფლება მისცა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული