16 "უცნობი" პრემიერლიგაში: ვესტ ჰემის "მაჰრეზი", არსენალის "ჩაბი ალონსო" და სხვები

AutoSharing Option
ზაფხულის პერიოდში ინგლისის პრემიერლიგაში არაერთი ტრანსფერი განხორციელდა და კიდევ განხორციელდება. თუ პრემიერლიგის მოყვარულები ნ’გოლო კანტესა და სადიო მანეს კარგად იცნობენ, ხოლო ზლატან იბრაჰიმოვიჩს ინგლისის ჩემპიონატის მოყვარულები კი არა, ყველა იცნობს და ყველაფერი ვიცით მის შესახებ, არიან ფეხბურთელები, რომლებიც შესაძლოა, ყველასთვის ნაცნობნი არ იყვნენ და ჩვენ 16 მათგანი გამოვარჩიეთ, რომლებიც პრემიერლიგისკენ მიმავალი "საიმპორტო მატარებლის" მგზავრები გახდნენ.

თუ გაინტერესებთ, ვინ გახდა მეოთხე ყველაზე ძვირად ღირებული ნიგერიელი ისე, რომ ნიგერიის ნაკრებში ჯერ არ უთამაშია, ვინ მუშაობდა ბავშვობაში ყასბად, ვინ იყო მოკრივე ფეხბურთელობამდე, ვის
უყვარს ძილის წინ მულტფილმების ყურება და ასე შემდეგ, ეს სტატია თქვენთვისაა...

გრანიტ ჯაკა
საიდან სად: "გლადბახიდან" - "არსენალში"
ასაკი: 23
ფასი: 35 მილიონი გირვ.
პოზიცია: ნახევარმცველი
კარიერა: კოსოვოელ-ალბანელი ემიგრანტების შვილს პროფესიონალური დებიუტი "ბაზელში" ჰქონდა. იგი შვეიცარიის მოქალაქეა, იქ გაიზარდა და შვეიცარიის ნაკრებში თამაშობს, მისი ძმა ტაულანტი კი ალბანეთის ნაკრების ღირსებას იცავს. ისინი ერთმანეთის წინააღმდეგ ევრო 2016-ზე წარდგნენ. "ბაზელთან" ერთად ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი და მოიგო თასი, ხოლო შემდეგ ბუნდესლიგში გადაბარგდა. მან 4 წელი გაატარა "გლადბახში". მიიღო 23 ყვითელი ბარათი და 4 წითელი. იგი ბორუსიელებს კაპიტნობდა, როდესაც გუნდი ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვდა.

რა ყაიდის მოთამაშეა: მებრძოლი და ამვადროულად, კრეატიული ნახევარმცველი. აქვს კარგი ხედვა, პასის აკურატულობა და ხისტი ვარდნების ოსტატია. იგი პასების რაოდენობით წინა სეზონში ბუნდესლიგაში მხოლოდ ჩაბი ალონსოს ჩამორჩა. ზემოთ ნახსენები 4 წითელი ბარათიდან 3 მან სწორედ გასულ სეზონში მიიღო.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: "არსენალი" და არსენ ვენგერი ფიქრობენ, რომ ჯაკას ადაპტაციის პრობლემა არ ექნება და იგი "მეთოფეების" სათამაშო სტილს მოუხდება, სქემაში მარტივად ჩაჯდება.

რა უთქვამთ მასზე: შვეიცარიის ნაკრებში მუშაობისას ლეგენდარულმა გერმანელმა ოტმარ ჰიტცფელდმა გრანიტს "ახალგაზრდა ბასტიან შვაინშტაიგერი" შეარქვა.

ლორის კარიუსი
საიდან სად: "მაინციდან" - "ლივერპულში"
ასაკი: 23
ფასი: 4,7
პოზიცია: მეკარე
კარიერა: ბუნდესლიგაში დებიუტი 19 წლის ასაკში ჰქონდა "მაინცის" მაისურით. მეორე სეზონში ის უკვე კლუბის ძირითადი მეკარე გახდა. წინა სეზონში ყველა მატჩი ჩაატარა, მოიგერია 2 პენალტი და 9-ჯერ მოახერხა კარის მშრალად შენახვა.

რა ყაიდის მოთამაშეა: საკუთარ თავს აღწერს, როგორც "თანამედროვე, თამამ მეკარედ", რომელსაც რისკზე წასვლა უყვარს და კარიდან აქტიურად გამოსვლაზე არ ამბობს ხოლმე უარს.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: მასში დაახლოებით იმის ნახევარი გადაიხადეს, რამდენიც 2013 წელს სიმონ მინოლე დაჯდა. ბელგიელით "ლივერპულში" ბოლომდე კმაყოფილები არ არიან და მიუხედავად მისი სტატუსის, ფასის, პოტენციალისა და გამოცდილებისა, კარიუსმა შესაძლოა, ახლავე ჩააჩოჩოს მინოლე და სეზონი პირველ ნომრად დაიწყოს.

რა უთქვამთ მასზე: "იგი საკმაოდ სწრაფად განვითარდა და ძალიან კარგ გოლკიპერად ჩამოყალიბდა. მჯერა, რომ კარიუსი მეკარეების პოზიციაზე ერთიორად გაგვაძლიერებს" - აღნიშნა "მაინცისა" და "დორტმუნდის" ყოფილმა მწვრთნელმა, ამჟამად კი "ლივერპულის" თავკაცმა იურგენ კლოპმა.

ჰავარდ ნორდტვეიტი
საიდან სად: "გლადბახიდან" - "ვესტ ჰემში"
ასაკი: 26
ფასი: უფასოდ
პოზიცია: ჩამშლელი ნახევარმცველი
კარიერა: მას შემდეგ, რაც თავის სადებიუტო სეზონში 17 წლის ასაკში "ჰაუგესუნდთან" ერთად ნორვეგიის თასის ფინალში გავიდა, იგი "არსენალმა" შეიძინა. თუმცა 4 წლის განმავლობაში, როდესაც ის "მეთოფეებს" ეკუთვნოდა, არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებია ამ კლუბის მაისურით. იგი რამდენიმე კლუბში გახლდათ განათხოვრებული, მერე კი "გლადბახში" გაიყიდა. წინა სეზონში ბუნდესლიგაში მან მხოლოდ 3 მატჩი გამოტოვა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ექვსივე შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

რა ყაიდის მოთამაშეა: კარიერა, როგორც მცველმა დაიწყო, მაგრამ ნელ-ნელა საყრდენ ნახევარმცველად იქცა. გრანიტ ჯაკას დარად, მასაც შეუძლია ცენტრალურ ნახევარმცველად და მარჯვენა მცველად თამაში.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: მას აღარც აქვს დასამტკიცებელი, კერძოდ კი ის, რომ თავის დროზე "არსენალში" შანსი ტყუილად არ მისცეს და აი, ახლა იგი პრემიერლიგაში დაბრუნდა. ბოლო წლებში მისი სტაბილური თამაში გვაფიქრებინებს, რომ "ჩაქუჩებს" ეს ფეხბურთელი უნდა გამოადგეთ.

რა უთქვამთ მასზე: "გლადბახის" მწვრთნელი ანდრე შუბერტი: "ის საოცრად შემართული და ენერგიულია. ძალიან მძლავრი ფეხბურთელია, რომელიც მზად არის ნებისმიერი გამოწვევისთვის და თამაშობს იქ, სადაც გუნდს სჭირდება".

სოფიან ფეგული
საიდან სად: "ვალენსიიდან" - "ვესტ ჰემში"
ასაკი: 26
ფასი: უფასოდ
პოზიცია: შემტევი ნახევარმცველი/გარემარბი
კარიერა: წარმოშობით ალჟირელია და ალჟირის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ საფრანგეთში დაიბადა და კარიერაც იქვე, "გრენობლში" დაიწყო. 2010 წელს იგი "ვალენსიაში" გადავიდა და "ღამურების" რიგებში 202 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 31 გოლი და გააკეთა 40 საგოლე გადაცემა. 2014 წლის მუნდიალზე ალჟირს მერვედფინალში გასვლაში დაეხმარა, სადაც მან და მისმა მეგობრებმა კინაღამ დაამარცხეს მომავალი მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია.

რა ყაიდის მოთამაშეა: იგი ფეთქებადი, მობილური, საკმაოდ ტექნიკური შემტევი ნახევარმცველია, აქვს კარგი დარტყმა და სწრაფია. "ვალენსიას" უცნაური სეზონი ჰქონდა და ფეგული ერთ-ერთი გახლდათ, რომელსაც პრობლემები ჰქონდა. ერთხელ მან ვარჯიშზე უარიც თქვა, რის გამოც სეზონის ბოლო მონაკვეთი გამოტოვა, რადგან კლუბმა მას დისკვალიფიკაცია გამოუწერა.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: ნორდტვეიტისა არ იყოს, უფასოდ ფეგულიც შესანიშნავი დანამატია და "ვესტ ჰემში" ეიმედებათ, რომ იგი სწრაფადვე აუღებს ალღოს ინგლისის ჩემპიონატს და ვინც იცის, დიმიტრი პაიეტივით ეფექტურად შემოიჭრას "ჩაქუჩებში". თუმცა გასული სეზონის ჩაგდება აჩენს კითხვის ნიშანს - რამდენად არის ფორმაში და ამ ყველაფრისთვის მზად ფეგული?

რა უთქვამთ მასზე: "ფეგულის მოსვლა კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ჩვენს ამბიციებს. გუნდში პროგრესია და ძლიერი ახალი ფეხბურთელების დამატებას ვაგრძელებთ. წინა სეზონში ყველამ ვნახეთ, რა გააკეთა რიად მაჰრეზმა "ლესტერში". იმედი გვაქვს, რომ სოფიანს იგივე ეფექტი ექნება" - აღნიშნა "ვესტ ჰემის" თანამფლობელმა დევიდ გოლდმა.

Sportall.Ge

ერიკ ბაილი
საიდან სად: "ვილიარეალიდან" - "მანჩესტერ იუნაიტედში"
ასაკი: 22
ფასი: 30
პოზიცია: მცველი
კარიერა: პროფესიონალური კარიერა "ესპანიოლში" დაიწყო, ხოლო 2015 წლის იანვარში "ვილიარეალში" გადაბარგდა. გავრცელებული ინფორმაციით, სულ რაღაც 4,8 მილიონ გირვანქად, არადა, ახლა იგი 30 მილიონი გირვანქა დაჯდა. "ყვითელმა წყალქვეშა გემმა" მაშინ ბაილით "არსენალში" წასული გაბრიელ პაულისტა ჩაანაცვლა. ერიკს ძალიან თვალშისაცემი პროგრესი აქვს და თავის პოზიციაზე ერთ-ერთ საუკეთესო ახალგაზრდად ითვლება.

რა ყაიდის მოთამაშეა: აგრესიული, სხარტი, მძლავრი, ძლიერი მეორე სართულზე… "ვილიარეალს" ძალიან აკლდა ბაილი, როდესაც გასულ სეზონში ევროპალიგაზე "ლივერპულთან" 0:3 წააგო.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: მისი ყველა მონაცემი და ძლიერი მხარე მიგვითითებს, რომ ბაილი, წესით, იდეალურად უნდა შეერწყას პრემიერლიგას. თანაც, ჟოზე მოურინიოს ხელში, მან წესით, ზრდა და პროგრესი უნდა გაგარძელოს.

რა უთქვამთ მასზე: "ერიკი ახალგაზრდა ცენტრალური მცველია, რომელიც საოცრად ნიჭიერია. ბოლო პერიოდში მას აშკარა პროგრესი ჰქონდა და აქვს პოტენციალი, რომ მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გახდეს" - გვითხრა "განსაკუთრებულმა".

ილქაი გიუნდოგანი
საიდან სად: "დორტუნდიდან" - "მანჩესტერ სიტიში"
ასაკი: 25
ფასი: 20 (არაოფიციალური ინფორმაციით)
პოზიცია: ნახევარმცველი
კარიერა: ფეხი "ბოხუმის" მეორე გუნდში აიდგა, ხოლო 2009 წელს "ნიურნბერგში" გადავიდა, სადაც კარგი თამაშის მერე, 2011 წელს "დორტმუნდმა" იყიდა. იურგენ კლოპთან ერთად 2012 წელს გერმანის ჩემპიონატი და თასი მოიგო, 2013 წელს ბორუსიელთა რიგებში ჩემპიონთა ლიგის ფინალისტიც გახდა. მას მერე ტრავმები აწუხებს. ამჟამად მუხლს მკურნალობს და მალე მწყობრში იქნება.

რა ყაიდის მოთამაშეა: თურქული ფესვების მქონე გერმანელს სიღრმიდან უყვარს თამაში. აქვს კარგი ხედვა და პასის კულტურა. "დორტმუნდში" ჩატარებულ 157 მატჩში 15 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემაც გააკეთა.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: გიუნდოგანი ძალიან გამოცდილი ფეხბურთელია და "დორტმუნდში" თუ გერმანიის ნაკრებში დაამტკიცა, რომ მაღალ დონეზე თამაში შეუძლია. ამიტომაც იქცა პეპ გვარდიოლას პირველ შენაძენად. წესით, მას ადაპტაცია არ უნდა გაუჭირდეს.

რა უთქვამთ მასზე: "სიტის" ტექნიკური დირექტორი ჩიკი ბეგირისტაინი: "ის ჭკვიანი და მრავალმხრივი ნახევარმცველია, რომელსაც რამდენიმე ამპლუაში შეუძლია გუნდისთვის სარგებლის მოტანა. ვფიქრობ, უახლოეს წლებში იგი გუნდისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფიგურა იქნება".

ლუის ერნანდესი
საიდან სად: ხიხონის "სპორტინგიდან" - "ლესტერში"
ასაკი: 27
ფასი: უფასოდ
პოზიცია: მცველი
კარიერა: მადრიდის "რეალის" ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილ ფეხბურთელს არასოდეს უთამაშია "სამეფო გუნდის" ძირითად გუნდში. აფეთქება და წინსვლა ხიხონის "სპორტინგში" ჰქონდა, სადაც ორი წელი სარეზერვო კლუბში გაატარა, 2012 წლიდან კი პირველი გუნდის წევრი გახდა. გასული სეზონის ლა ლიგაში ერნანდესი ყველა სხვა მცველზე უფრო მეტი (343) სასარგებლო ქმედებით გამოირჩა.

რა ყაიდის მოთამაშეა: უყვარს ბურთთან ხშირი შეხება და სულ მოვლენების ეპიცენტრშია.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: მიუხედავად კარგი მონაცემებისა და პროგრესისა, ძნელია იმის ვარაუდი, რამდენად გამოადგება იგი "მელიებს", რადგან წინა სეზონი იყო პირველი და ერთადერთი, რომელიც მან უმაღლეს ლიგაში გაატარა. ხიხონელები კი ბოლო ტურში მოგების წყალობით მხოლოდ 1 ქულით წინ აღმოჩნდნენ გასავარდნი ზონისგან.

საკუთარი სიტყვები: "გუშინ მე უკანასკნელად ჩავიცვი და გავიხადე "სპორტინგის" ფორმა და ვთვლი, რომ ეს თეთრ-წითელი ზოლები სამუდამოდ დარჩება ჩემს გულში" - ასე გამომეშვიდობა იგი ხიხონელებს.

მაიკ ვან დერ ჰორნი
საიდან სად: "აიაქსიდან" - "სუონსიში"
ასაკი: 23
ფასი: 2
პოზიცია: მცველი
კარიერა: დებიუტი 18 წლის ასაკში ჰქონდა "უტრეხტში" და ამ გუნდის რიგებში მესამე და ბოლო სეზონის დასრულების მერე, კლუბის სეზონის მოთამაშედ დაასახელეს. ვან დერ ჰორნი 2013 წელს ამსტერდამის "აიაქსში" გადავიდა, სადაც თავიდან სათადარიგო იყო, მაგრამ ნელ-ნელა ძირითადი შემადგენლობისკენ გზის გაკვალვა მოახერხა და ასე თუ ისე, ხშირად უწევდა თამაში. მას 13 მატჩი (1 გოლი) აქვს ჩატარებული ჰოლანდიის 21-წლამდელთა ნაკრებში.

რა ყაიდის მოთამაშეა: ტანმაღალი მცველია, რომელიც მშვენივრად თამაშობს საჰაერო ორთაბრძოლებისას. ჰოლანდიაში ჩატარებულ 90 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

შეეგუება თუ არა იგი პრემიერლიგას: ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, რამდენად რეგულარულად მიეცემა მას თამაშის საშუალება. წინა სეზონში "აიაქსში" 15 მატჩი ჩაატარა და სათამაშო პრაქტიკა სწყურია. მხარდამხარ ისეთი გამოცდილი მცველი ეყოლება, როგორიც "თეთრი გედების" კაპიტანი ეშლი უილიამსია.

საკუთარი სიტყვები: "იმედი მაქვს, უფრო გავიხსნები და შესაძლებლობებს გამოვავლენ. კონკურენციისთვის მზად ვარ. ეშლი უილიამსი ნამდვილად კარგი მცველია და ვიმედოვნებ, მისგან ბევრს ვისწავლი" - თქვა ვან დერ ჰორნმა.

გაგრძელება იქნება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ალკაი გიუნდოგანი და ფეგული თუარ იციან დაანებონ ბფეხბურთს რაღას უყურებენ ;დ
Feghoul
18 ივლისი 2016 17:40
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული