"ჩელსი": ანტონიო კონტე კუადრადოს შანსს მისცემს

AutoSharing Option
ლონდონის "ჩელსის" ახალი მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ამბობს, რომ ხუან კუადრადოს შენარჩუნება სურს. 28 წლის კოლუმბიელი ბოლო წლებში კარგად თამაშობს და აშკარა პროგრესი აქვს.

"ფიორენტინაში" ბრწყინვალე თამაშისა და მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატზე თავის გამოჩენის შემდეგ კუადრადო "ჩელსიმ" შეიძინა. ეს 2015 წლის თებერვალში მოხდა, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს და "ლურჯებმა" მასში 23,3 მილიონი გირვანქა გადაიხადეს.

ხუანმა ინგლისის პრემიერლიგას ალღო ვერ აუღო და 13 მატჩში ვერც ერთი გოლი ვერ გაიტანა. ამის მერე იგი "იუვენტუსში" გაანათხოვრეს, სადაც ძველებურად ათამაშდა და ტურინულ კლუბს სერია
A-სა და იტალიის თასის მოგებაში დაეხმარა.

მან არცთუ უმნიშვნელო წვლილი იმაშიც შეიტანა, რომ ამ ზაფხულს კოპა ამერიკა სენტენარიოზე კოლუმბია მესამე ადგილზე გავიდა. მართალია, ნაკრებს მეტის ამბიცია ჰქონდა, მაგრამ სამეულში მოხვედრაც არ გახლავთ ურიგო შედეგი.

"სტემფორდ ბრიჯზე" კუადრადოს არცთუ ეფექტურმა თამაშმა და "ჩელსიში" პედროს გამოჩენამ ბევრს აფიქრებინა, რომ კოლუმბიელის განათხოვრება საბოლოოდ, მისი გაყიდვით დამთავრდებოდა, თანაც "იუვე" კუადრადოს გამოსყიდვით დაინტერესებული იყო, მაგრამ "კონტისიმე" სხვა აზრზეა.

"მე მისი დამატება ჯერ კიდევ მაშინ მინდოდა, როდესაც "იუვენტუსის" მწვრთნელი ვიყავი. კუადრადო მალე დაგვიბრუნდება, იგი ჩვენთან ერთად ივარჯიშებს და ითამაშებს. ახლა ხუანი "ჩელსის" ფეხბურთელია და ჩვენთან ერთად დარჩება. თუ რამე შეიცვლება, აუცილებლად გაიგებთ" - განუცხადა კონტემ ჟურნალისტებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული