ინგლისის ნაკრების მწვრთნელობის კანდიდატი: არავინ ვიცი ჩემზე პატრიოტი

AutoSharing Option
"ჰალის" მთავარ მწვრთნელ სტივ ბრიუსს ინგლისის ფეხბურთის ასოციაციასთან გასაუბრება ჰქონდა. მიუხედავად ამისა, როი ჰოჯსონის ჩანაცვლების მთავარ პრეტენდენტად სემ ელარდაისი რჩება, რომელიც იქამდე გაესაუბრა ასოციაციას.

თუმცა თავად ფაქტი, რომ 55 წლის ბრიუსის აზრი და ხედვაც მოისმინეს და მისით დაინტერესდნენ, რაღაცას ნიშნავს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილ მცველსა და კაპიტანს ნაკრებში არასოდეს უთამაშია და ეროვნული გუნდის მწვრთნელობაზე რომ ოცნებობს, ეს არც დაუმალავს. გასულ სეზონში მან "ვეფხვები" პრემიერლიგაში დააბრუნა, მას მერე, რაც 2015 წელს გუნდი უმაღლესი ლიგიდან გავარდა.

ელარდაისისა და ბრიუსის გარდა, ინგლისის ნაკრებს "ბორნმუთის"
მწვრთნელს, ედი ჰაუს, აშშ-ის თავკაც იურგენ კლინსმანს, "არსენალის" არსენ ვენგერსა და ინგლისელთა ყოფილ თავკაცს, გლენ ჰოდლს უკავშირებენ.

"ყოველთვის ვამბობდი, რომ ინგლისის ნაკრების სათავეში ინგლისელი უნდა იყოს. არავინ ვიცი ჩემზე პატრიოტი და ძალიან მიხარია, რომ კანდიდატთა შორის მოვხვდი, ეს დიდი პატივია. რა უნდა იყოს მწვრთნელისთვის იმაზე მნიშვნელოვანი პოსტი, ვიდრე საკუთარი ქვეყნის ნაკრების თავკაცობა?" - განაცხადა ბრიუსმა.

აქვე ვთქვათ ისიც, რომ ბრიუსი "ჰალის" უფროსობას აფრთხილებდა, გადარჩენისთვის ბრძოლით დავიღალე და თუ შემადგენლობას არ გავაძლიერებთ, ბოლოს და ბოლოს, წავალო. ჯერჯერობით, "ვეფხვების" ხელმძღვანელობა გამოცდილი სპეციალისტის შენიშვნას არ ითვალისწინებს.

"ჰალმა" კიდევ ერთი მოთამაშე, ნიგერიელი მოზეს ოდუბაჟო დაკარგა, რომელმაც "გრისბისთან" ამხანაგური მატჩისას მუხლის სერიოზული ტრავმა მიიღო და დაახლოებით 6 თვე ვეღარ ითამაშებს. ეს ნიშნავს, რომ ამ წუთას "ვეფხვებს" მხოლოდ 14 მინდვრის მოთამაშე ჰყავთ. არადა, სეზონის დაწყებამდე დაახლოებით სამი კვირა რჩება და პირველ ტურში "ჰალს" მოქმედ ჩემპიონ "ლესტერთან" აქვს თამაში.

ერთი სიახლე ის არის, რომ გუნდმა პიტერ ოდემვინგიე დაიმატა. 35 წლის ნიგერიელი თავდამსხმელი თავისუფალი აგენტი იყო, მას მერე, რაც "სტოკმა" მასთან თანამშრომლობის გაგრძელება აღარ ისურვა. ვეტერანმა ფორვარდმა "ჰალთან" დასაწყისისთვის დროებითი, მოკლევადიანი კონტრაქტი გააფორმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული