ინგლისის ჩემპიონმა კაპიტანი შეინარჩუნა

AutoSharing Option
"ლესტერ სიტის" კაპიტანმა უეს მორგანმა გუნდთან ახალი კონტრაქტი გააფორმა. იგი 2019 წლამდე "მელიების" საკუთრება იქნება. იგი ლესტერშირულ გუნდში 2012 წელს "ნოტინგემ ფორესტიდან" გადავიდა და მალევე იქცა კლუბის ერთ-ერთ ლიდერად. მას "ლესტერის" რიგებში 182 მატჩი აქვს ჩატარებული.

"მომავლის "ლესტერთან" დაკავშირება ჩემთვის ძალიან სასიხარულო ამბავია, ყველამ იცის, როგორ ვგრძნობ თავს, როდესაც ამ კლუბის ღირსებას ვიცავ. პრემიერლიგის მოგება უდიდესი წარმატება იყო, რომელიც არასოდეს დამავიწყდება და ახლაც შთაბეჭდილებების ქვეშ ვარ. ჩვენი შემდეგი მიზანი ჩემპიონთა ლიგაზე იმის ჩვენებაა, თუ რა შეგვიძლია" - განაცხადა მორგანმა.

"მელიების"
მთავარი მწვრთნელი კლაუდიო რანიერი: "ახლა შესანიშნავი დროა იმისთვის, რომ "ლესტერის" წევრი იყო. უესმა ეს კარგად იცის, იგი ჩვენი კაპიტანია და ჩვენ ის გვჭირდება. წინ დიდებული სეზონი და ახალი გამოწვევები გვაქვს".

ვთქვათ ისიც, რომ სანამ რანიერი რიად მაჰრეზისა და ჯეიმი ვარდის წასვლა-არწასვლის საკითხის გარკვევის მოლოდინშია, "ლესტერი" გამორჩეული სკაუტების დაკარგვის საფრთხის წინაშეცაა. მთავარი ჯადოქარი და სასწაულმოქმედი სტივ უოლში, რომელმაც მაჰრეზი, "ჩელსიში" წასული ნ'გოლო კანტე და სხვები აღმოაჩინა, შესაძლოა, "ევერტონში" გადაბარგდეს.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 51 წლის სკაუტმა "კანფეტებთან" შეთანხმებას უკვე მიაღწია და ყველაფერი გადაწყვეტილი იყო, მაგრამ "მელიები" იბრძვიან იმისთვის, რომ იგი შეინარჩუნონ.

მხოლოდ კანტეს მოსვლით, ლესტერშირელებმა დიდი სარგებელი ნახეს, პირველ რიგში, ფრანგის თამაშით საჩემპიონო სეზონში და ასევე ფინანსურად - ნ'გოლო თავის დროზე 400 ათასად შეიძინეს, ახლა კი 30 მილიონად გაიყიდა...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული