ასტრონომიული დანახარჯები, დიდი სამწვრთნელო დუელები, ახალი მიზნები - ეს, რა თქმა უნდა, ყოველი სეზონისთვის დამახასიათებელი ინტრიგებია, მაგრამ მომავალი ბატალიები მაინც გამორჩეულად საინტერესო უნდა იყოს ბოლო წლების ფონზე...
ახალი სეზონის მთავარი საინტრიგო ღერძი ორი ტოპმწვრთნელის დაპირისპირება იქნება - ჟოზე მოურინიო პეპ გვარდიოლას წინააღმდეგ.
პრიმერა დივიზიონიდან ამ ორი, განსხვავებული საფეხბურთო ფილოსოფიის მქადაგებელი სპეციალისტის ჭიდილი პრემიერლიგაში ინაცვლებს...
როგორი იქნება პეპ გვარდიოლას "სიტი"? მას მერე, რაც ბევრმა "ტიკი-ტაკა" უკვე გამოიტირა, ელოდებიან, რომ "ქალაქელების" ფეხბურთი განსხვავებული
ნოლიტო, ილქაი გიუნდოგანი, ლეროი სანე და ბოლოს ჯონ სტოუნზი - ეს არის გვარდიოლას მთავარი საზაფხულო "ნავაჭრი". ძველებიდან საეჭვოა სამირ ნასრის მომავალი. ამბობენ, რომ პეპს ის გულზე არ ეხატება და გაშვებას უპირებს.
შემადგენლობა ძალიან ძლიერია. გვარდიოლა ადვილად იგებდა ბუნდესლიგას, მაგრამ ინგლისი სხვაა. აქ ძალიან ბევრს აქვს საჩემპიონო ამბიცია და პეპს პირველივე სეზონში უეჭველ ტრიუმფს ვერც ვერავინ მოსთხოვს და ვერ ვერავინ უწინასწარმეტყველებს.
მოელიან, რომ პეპი 3-4-3 სისტემით ითამაშებს, წინა ხაზზე სერხიო აგუეროს, ნოლიტოსა და დავიდ სილვას ტრიოთი. გვარდიოლას უყვარს თამამი გადაწყვეტილებები.
* * *
პოლ პოგბა, ზლატან იბრაჰიმოვიჩი და თავად ჟოზე მოურინიო - უკვე საკმარისია დიდი გადატრიალებისთვის. "მანჩესტერ იუნაიტედი" ის კლუბია, სადაც გუნდის მშენებლობისთვის ბევრ დროს არ იძლევიან.
ამიტომ, "განსაკუთრებულმა" რაღაც განსაკუთრებული უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ "წითელი ეშმაკები" რეალურად დააბრუნოს საჩემპიონო ფერხულში.
რა შეიძლება იყოს, ეს "განსაკუთრებული"? სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ ყველამ დაინახა, თუ რას ნიშნავდა ეს ლეგენდარული კაცი "იუნაიტედისთვის". იქ ყველაფერი მოიშალა - წესრიგი, ფილოსოფია... ფერგისაც ჰქონდა შეცდომები, მაგრამ ის ყოველთვის ინარჩუნებდა გენერალურ ხაზს.
მოურინიომ ეს ყველაფერი უნდა დააბრუნოს. მაგრამ აქვს კი "ავტობუსების" მოყვარულ პორტუგალიელს საიმისო რეცეპტი, რომ უარი თქვას "თავის" ფეხბურთზე და "ოლდ ტრაფორდზე" ზეიმები მოაწყოს, თან შედეგიც დადოს? რამდენად საკმარისი იქნება ამისთვის ჟოზეს ყისმათი და ქარიზმა, ძნელი სათქმელია.
* * *
"ჩემპიონთა ლიგა ცარიელია, როცა იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" არ არის", - თქვა მოურინიომ. სიცარიელის რა მოგახსენოთ, მაგრამ სხვა მხრივ მართალია - "იუნაიტედი" იქ ნამდვილად უნდა იყოს!
მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში გამსვლელი ადგილი სულ ოთხია და აბა ნახეთ, კიდევ ვის აქვს პრეტენზია იქ მოხვედრაზე - "სიტი", "არსენალი", "ჩელსი", "ლივერპული", "ტოტენჰემი", რომელმაც წინა სეზონში ფინიში ჩააფლავა, თორემ...
და "ლესტერი"? სენსაციური ჩემპიონი! ამ ტიპის გუნდები ზედიზედ ორჯერ ვერ იგებენ პრემიერლიგას, ეს ზღაპარია და კლაუდიო რანიერიმაც მშვენივრად იცის, მაგრამ ვინ თქვა, რომ მის "მელიებს" ოთხეულში შეძვრომა არ შეუძლიათ?
რანიერი ნ'გოლო კანტეს შეელია და, რომ იტყვიან, კბილებით იჭერს რიად მაჰრეზს. ესეც თუ დაკარგა, მერე ძნელი იქნება თუნდაც ოთხეულზე ფიქრი.
* * *
სეზონი ჯერ არ დაწყებულა და არსენ ვენგერი უკვე კრიტიკის ქარცეცხლშია გახვეული. ჯერჯერობით, "არსენალის" მთავარი შენაძენი 35-მილიონიანი გრანიტ ჯაკაა, რაც ფანებს აშკარად არ აკმაყოფილებთ, მით უმეტეს, კონკურენტების გაძლიერების ფონზე.
თან, მოსიე არსენს საკადრო პრობლემები ისედაც ჰქონდა. ტრავმირებულები არიან დენი უელბეკი, პერ მერტეზაკერი, ჯეკ უილშირი, გაბრიელი... ეს-ესაა, შეუდგა ვარჯიშს ლორან კოშელნი.
"ჩვენ ჯერჯერობით ვრჩებით სატრანსფერო ბაზარზე, მაგრამ ახლა კონცენტრირებულები ვართ იმაზე, რომ ჩვენს ხელთ არსებული კონტინგენტი რაც შეიძლება უკეთ მოვამზადოთ ახალი სეზონისთვის", - თქვა ვენგერმა.
დიახ, ის რჩება ბაზარზე და რაღაცას ცდილობს. აქეთ შკოდრან მუსტაფის "ეჩალიჩებიან", იქით მაჰრეზს... ვნახოთ, რა გამოვა. ყოველ შემთხვევაში, პრემიერლიგის სტარტი "არსენალისთვის", ალბათ, ვერ იქნება შთამბეჭდავი, დანარჩენიც მერე გამოჩნდება...
* * *
ძალიან საინტერესო იქნება რას იზამს იურგენ კლოპი "ლივერპულში". წინა სეზონში მან შუა გზაზე ჩაიბარა გუნდი და გამოაცოცხლა კიდეც, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა, ახლა ის თავად უძღვება სელექციასაც და საწვრთნელ პროცესსაც, ამიტომ, ყველაფერზე პასუხისმგებელი, ცხადია, თავადვე იქნება.ვერ ვიტყვით, რომ "წითლებს" შთამბეჭდავი სატრანსფერო კამპანია ჰქონდათ და ეგებ, ამ მხრივ, კლოპი ვენგერზე არანაკლებ იმსახურებდეს კრიტიკას. გუნდიდან წავიდა მცველი მარტინ შკრტელი, შევსება კი, ავ თვალს არ ენახვებაო, ნამდვილად ვერ ვიტყვით...
მაგრამ კლოპი მაინცდამაინც ვარსკვლავებთან მუშაობით არასოდეს გამოირჩეოდა, ის ამით არ გაუცნია საფეხბურთო სამყაროს.
სამაგიეროდ, ემოციურმა გერმანელმა იცის, როგორ გააკეთოს კარგი გუნდი კარგი (მაგრამ რიგითი) ფეხბურთელებისგან და სწორედ ეს უნდა დაამტკიცოს ამ სეზონში.
* * *
რა მოლოდინებია ანტონიო კონტესგან? ვარჯიშებს თუ შეხედავთ, დაინახავთ, რომ მან უკვე დააყენა "ჩელსიში" ქარიშხალი. იტალიელმა მიძინებული "არისტოკრატია" უნდა გამოაღვიძოს. ხასიათიდან გამომდინარე, მას შეუძლია, მაგრამ მარტო ხასიათი ვერ უშველის ამ საქმეს, საკადრო რესურსიც აუცილებელია."სტემფორდ ბრიჯზე" კონტეს მისვლა რაღაცნაირად ჰგავს 2004 წლის ზაფხულს, როცა მოურინიოს საოცარი ეპოქა იწყებოდა. მაგრამ მოურინიოსგან განსხვავებით, რომან აბრამოვიჩი ჯერჯერობით არ ანებივრებს კონტეს მეგატრანსფერებით. ნ'გოლო კანტე და მიჩი ბაჩუაი - ამ ეტაპზე სულ ეს არის.
თუმცა სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ჯერ კიდევ არის დრო და ვნახოთ...
ერთი რამ არის - იტალიელმა იცის საქმის კეთება და ეს უკვე დაამტკიცა იტალიაში, მაგრამ ინგლისი სხვაა. ძნელად სავარაუდოა, კონტეს პირველივე სეზონში "ჩელსი" დიდ გარღვევას ეწიოს...
* * *
ამბიციები ექნება "ტოტენჰემსაც". მით უმეტეს, მაურისიო პოჩეტინოს განკარგულებაში რჩება ის კონტინგენტი, ვინც პრემიერლიგის დაარსების (1992) შემდეგ "მამლებს" საუკეთესო შედეგი (მესამე ადგილი) მოუტანა.მაგრამ ესეც უნდა ვთქვათ - იმავე "ტოტენჰემს", იმავე "ლესტერს" გასულ სეზონში ვერ ექნებოდათ ესოდენ შთამბეჭდავი სეზონი, რომ არა გრანდების ტოტალური ფიასკო. ოღონდ, აქ ერთი წუთითაც არ ვაკნინებ მათ დამსახურებულ წარმატებებს იმ მოცემულ მომენტში.
ამდენად, მგონია, რომ "ლესტერსა" და "ტოტენჰემს" ჭიდაობა მოუწევთ ევროპალიგის ზონისთვის, რაზეც "ევერტონსაც" უნდა ჰქონდეს პრეტენზიები ახლა უკვე რონალდ კუმანთან ერთად, იმ კუმანთან, ვისაც წინა ორ სეზონში ძალიან კარგი "საუთჰემპტონი" ჰყავდა.
ეს "საუთჰემპტონი" ახლა ფრანგი კლოდ პიუელის ხელშია. პიუელი განსწავლული მწვრთნელია და ალბათ არ მოუკლებს სიჩქარეს.
საინტერესო იქნება "სუონსი" იტალიელი ფრანჩესკო გვიდოლინის ხელში. ეს ის კაცია, ვისაც ფაქტობრივად არაფრისგან ძალუძს კარგი გუნდების დაყენება.
ყველა დარწმუნდა, რომ დევიდ მოიესის საქმე არ ყოფილა გრანდებში მუშაობა. ამას განსაკუთრებული გაქანება და ქარიზმა სჭირდება, მაგრამ ვინ იტყვის, რომ შოტლანდიელს ზოგადი კვალიფაკაცია დაეწუნება? "სანდერლენდი" სწორედ რომ ზედგამოჭრილი უნდა იყოს მისთვის...
მებრძოლი გუნდი ჰყავს სლავენ ბილიჩსაც. "ვესტ ჰემმა" კარგად ივაჭრა ამ ზაფხულს - ანდრე აიუ, სოფიან ფეგული, გოხან ტორე... "ჩაქუჩები" არ იჯდებიან გულხელდაკრეფილები...
დანარჩენები დეკორაციებს ჰგვანან, თუმცა, მხოლოდ - ჰგვანან, თორემ ვინ იცის, რა სიურპრიზებს გვიმზადებენ...
პრემიერლიგა. I ტური
13 აგვისტო, შაბათი
ჰალი-ლესტერი 15:30
დისკვალიფიკაცია: ჰუთი (ლესტერი)
ტრავმა: ბრიუსი, დოუსონი, მაკგრეგორი, ოდუბაჯო (ჰალი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 15 თამაში: +5=4-6, (15-16)
ევერტონი-ტოტენჰემი 18:00
დისკვალიფიკაცია: დემბელე (ტოტენჰემი)
ტრავმა: ბეშიჩი, პენინგტონი (ევერტონი), ნ"ჯიე, ვერტონგენი (ტოტენჰემი)
ნაკრებში: სონი (ტოტენჰემი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 157 თამაში: +48=51-58 (202-236)
მიდლსბრო-სტოკი 18:00
დისკვალიფიკაცია: -
ტრავმა: აიალა, ესპინოსა, ჰასბენდი, ლედბიტერი (მიდლსბრო), აფელაი, ეარლენდი (სტოკი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 58 თამაში: +26=12-20 (90-71)
საუთჰემპტ.-უოტფორდი 18:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ბერტრანდი (საუთჰემპტონი), ქეთქართი (უოტფორდი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 25 თამაში: +9=6-10 (35-39)
კრ. პალასი-ვესტ ბრომვ. 18:00
დისკვალიფიკაცია: -
ტრავმა: კემპბელი, საკო, ტომკინსი (კრ. პალასი), ბრენტი (ვესტ ბროვიჩი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +12=13-18 (52-57)
ბარნლი-სუონსი 18:00
დისკვალიფიკაცია: -
ტრავმა: ფ. ფერნანდესი (სუონსი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +3=2-5 (12-13)
სიტი-სანდერლენდი 20:30
დისკვალიფიკაცია: -
ტრავმა: გიუნდოგანი (სიტი), დეფო (სანდერლენდი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 125 თამაში: +62=20-43 (228-179)
14 აგვისტო, კვირა
ბორნმუთი-მანჩესტერ იუანიტედი 16:30
დისკვალიფიკაცია: სმოლინგი (მანჩესტერი)
ტრავმა: ჰინდმენი (ბორნმუთი), ბორტვიკ-ჯექსონი (მანჩესტერი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 2 თამაში: +1=0-1 (3-4)
არსენალი-ლივერპული 19:00
დისკვალიფიკაცია: -
ტრავმა: გაბრიელი, მერტეზაკერი, უელბეკი (არსენალი), კარიუსი, ოჯო, სახო (ლივერპული)
ნაკრებში: გნაბრი (არსენალი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 186 თამაში: +68=51-67 (256-261)
15 აგვისტო, ორშაბათი
ჩელსი-ვესტ ჰემი 23:00
დისკვალიფიკაცია:
ტრავმა: ტერი (ჩელსი, შესაძლოა ითამაშოს), კრისუელი, ლანცინი (ვესტ ჰემი)
ნაკრებში: ობი მიკელი (ჩელსი)
ურთიერთშეხვედრები
სულ 91 თამაში: +38=19-34 (149-139)
გიორგი ნინიძე
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"