მოსახდენი მოხდა - კრისტიან ბენტეკე "არწივია"

AutoSharing Option
კრისტიან ბენტეკე "კრისტალ პალასის" ფეხბურთელია, მოსახდენი მოხდა. ბელგიელის "არწივებში" გადასვლა გარდაუვალი ჩანდა და ტრანსფერს გაოფიციალურებაღა აკლდა.

საბოლოო ჯამში, მხარეები 27 მილიონ გირვანქაზე შეჯერდნენ, ოღონდ ამ თანხას შესაძლოა, ბონუსების სახით 5 მილიონი დაემატოს და შესაბამისად ,"ლივერპული" ამ შემთხვევაში 32 მილიონს მიიღებს. თავის დროზე, მერსისაიდელებმა ბენტეკე ბირმინგემის "ასტონ ვილადან" 32,5 მილიონად იყიდეს, მაგრამ კრისტიანისა და იურგენ კლოპის ურთიერთობა ვერ აეწყო.

"პალასისთვის" ეს ტრანსფერი ძალიან დროულია, რადგან გუნდმა პირველ ორ ტურში წააგო და ალან პარდიუს ბიჭები ცხრილის ფსკერზე მოექცნენ. თანაც, იანიკ ბოლასი "ევერტონში"
გაიყიდა. რაც შეეხება "არწივების" რიგებში აქამდე მოსულ ფეხბურთელებს, გუნდმა ანდროს თაუნსენდი, ჯეიმს ტომკინსი და სტივ მანდანდა დაიმატა. იქნებ ბენტეკემაც მალე აღიდგინოს ფორმა და "პალასის" მთავარი პრობლემაც (გოლების გატანა) მოგვარდება.

"ძალიან მიხარია, რომ აქ ვარ და მომავალი "კრისტალ პალასს" დავუკავშირე" - თქვა ბენტეკემ, რომელსაც ბელგიის ნაკრებში 26 მატჩი აქვს ჩატარებული.

ისე, კრისტიანმა ფანები ძალიან გაახალისა იმით, რომ სოციალურ ქსელში თავის ახალ კლუბად "ბარნლი" ჩაწერა და თან ფოტო დადო, რომელზეც გაღიმებული პოზიორობს "კრისტალ პალასის" მაისურით. ალბათ, მექანიკური შეცდომა იყო. საინტერესო დამთხვევაა, რომ იმავე დღეს, მის ყოფილ გუნდ "ლივვერპულს" სწორედ "ბარნლიმ" მოუგო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული